ნაზი ჯანეზაშვილი – “ჩინჩალაძისნაირი ადამიანები არ უნდა ავიტანოთ”

ნაზი ჯანეზაშვილი - "ჩინჩალაძისნაირი ადამიანები არ უნდა ავიტანოთ"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.
– ქალბატონო ნაზი, პარლამენტის ერთმა ჯგუფმა, ბესელიას ხელმძღვანელობით, კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც პირველ ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესს აჩერებს, რაც მოსამართლეთა კორპუსს არ მოეწონა. კანონპროექტის არაკონსტიტუციურობაზე საუბრობს “ოცნების” მეორე ნაწილი, მაგალითად, ზარდიაშვილი. რა შეგიძლიათ გვითხრათ?
– პირველ რიგში, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკვე ჩანიშნა უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა კენჭისყრა.
რაც შეეხება პროექტს, დეტალები სადისკუსიოა, ბევრი ნიუანსია, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ნების საკითხი: უნდა ხელისუფლებას თუ არა ძირეული ცვლილებები?! უნდა თუ არა ხელისუფლებას რეფორმები?! რამდენად არის მზაობა, რომ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. თუ ხელისუფლება ამ მიმართულებით წავა, მაშინ უკეთესი პროექტებიც შეიძლება დაიწეროს, მაგრამ დასაწყისისთვის კარგია, რათა დისკუსია დაიწყოს.
– როდესაც “ოცნების” დეპუტატებს ამ საკითხზე ვესაუბრები, ლიდერებიც ამბობენ, რომ მათ არ აქვთ მექანიზმი ამ ხალხის სასამართლოდან გასაშვებად, რადგან მათ კანონი იცავს. თქვენ რა კონტრარგუმენტი გაქვთ?
– და კანონებს ხომ დეპუტატები წერენ?! პარლამენტს შეუძლია ბევრი ისეთი გადაწყვეტილების მიღება დემოკრატიულ ჩარჩოში, რომელიც ამ პროცესს გააჯანსაღებს.
ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, გატარებულმა რეფორმებმა რა შედეგები მოგვიტანა, ამას ხელისუფლება ვერ გაექცევა. ასევე უნდა გავაანალიზოთ, ის მოსამართლეთა კორპუსი, რომელიც დღეს სისტემაშია, უზრუნველყოფს თუ არა ეფექტიან მართლმსაჯულებას. ასევე, ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, დღეს მართავს თუ არა სისტემას კლანი.
უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებამ კლანის არსებობა უნდა აღიაროს, შემდეგ უკვე პრობლემის აღიარებას პრობლემის გადაჭრა მოჰყვება. მაშინვე გამოჩნდება პოლიტიკური ნებაც და სამართლებრივი ბერკეტიც, თუ როგორ უნდა მოხდეს სისტემის გაჯანსაღება.
მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა არის პროგრესი და მოსამართლის დამოუკიდებლობის მწვერვალი, მაგრამ როდესაც სისტემაში გვრიტიშვილი გყავს, მოსამართლის ბუტაფორია, რომელსაც შავ-ბნელი წარსული და აწმყო აქვს, რომელსაც საქმეები არ აქვს განხილული და სამოსამართლეო პრაქტიკაზე უარს ამბობს, სისტემის რეფორმასა და გაჯანსაღებაზე საუბარი ზედმეტი.
– რეფორმის მე-4 ტალღაზეა საუბარი. აქამდე ჩატარებული რეფორმის შედეგი რა არის?
– ცვლილებები ორი მიმართულებით ხორციელდებოდა.
რეფორმის პირველი ტალღა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. სასამართლო გაიხსნა – აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გაკეთება შესაძლებელი გახდა და ა.შ. თუმცა, პარალელურად, ისეთი დებულებებიც იწერებოდა, რომლებიც კლანს აძლევდა ხელს. მაგალითად, ცვლილება მოხდა ორგანულ კანონში, რომლის თანახმად, საქალაქო სასამართლოში შეიქმნა ვიწრო სპეციალიზაცია.
ვიწრო სპეციალიზაცია ნიშნავს, რომ საოჯახო დავა, სამეწარმეო დავა და ა.შ. უნდა განიხილოს კონკრეტულმა მოსამართლემ. ამ შემთხვევაში საქმეების ელექტრონული განაწილების პრინციპი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და რომელიც არის რეფორმის მონაპოვარი. აზრს კარგავს, ვინაიდან ისედაც ცოტაა მოსამართლეთა რაოდენობა და უკვე წინასწარ ხდება ცნობილი, თუ რომელი საქმე რომელ მოსამართლესთან წავა.
მაგალითად, რუსთავი 2-ის საქმე დაახლოებით ცნობილი იყო, თუ ვის დაეწერებოდა, რადგან ცნობილი იყო, თუ ვინ მუშაობდა საქალაქო სასამართლოში ამ ვიწრო სპეციალიზაციაში.
რომელი მოსამართლე არის ჩართული ამ ვიწრო სპეციალიზაციაში, ამას ერთპიროვნულად მიხეილ ჩინჩალაძე განსაზღვრავს. მიხეილ ჩინჩალაძეს შეუძლია, რომ დილით ბრძანება დაწეროს, რომ ესა და ეს კონკრეტული მოსამართლე დღეს იმუშავებს ამ ვიწრო სპეციალიზაციაში და საღამოს შეუძლია სხვა ბრძანება დაწეროს. ნებისმიერ დროს შეუძლია ეს ბრძანება შეცვალოს. მართალია სასამართლოს თავმჯდომარეს საქმეები დღეს ხელით აღარ შეაქვს და გვაქვს საქმეების ელექტრონული განაწილება, მაგრამ თავმჯდომარე თავისივე ხელით წერს ბრძანებას ამა თუ იმ ვიწრო სპეციალიზაციაში მოსამართლის დანიშვნის შესახებ. ეს რეფორმის ამ მონაპოვარს მთლიანად აზრს უკარგავს.
– ლევან მურუსიძემ ერთხელ თქვა, რომ ის არის მოსამართლეების ლიდერი. 300 მოსამართლე, როდესაც თქვენ მათთან საუბრობთ, მართლაც ყველა ერთ აზრზეა სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე?
– ბოლოს და ბოლოს ლევან მურუსიძემ აღიარა, რომ ის არის სისტემის ბოსი. მიხარია, რომ ეს აღარება მას ჩემი კითხვის საპასუხოდ მოუწია. ის ამბობს, რომ დიახ, სისტემის ლიდერია.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, ეს იმდენად დიდი პრობლემაა, რომ ყველაზე დამოუკიდებელი, ყველაზე მიუკერძოებელი, ყველაზე მოაზროვნე პროფესიის მქონე ადამიანი დღეს განსხვავებულად კი არ აზროვნებს, არამედ რამდენიმე ასეთი ბოსის ნარატივს იმეორებს.
იმ კონფერენციებზე, სხდომებზე გამოდიან და ერთი ერთში საუბრობენ. ეს არის სამარცხვინო. როგორ შეიძლება მოსამართლეები ასე ერთ ხმაში საუბრობდნენ და მათ თავიანთი შეხედულებები არ ჰქონდეთ თუნდაც სისტემის განვითარების შესახებ.
მოსამართლეების ასეთი კონფერენციები არის, კლანის წარმოდგენით, ძალის დემონსტრირება, ერთიანობის დემონსტრირება. თითქოს ხალხს აშინებენ. არადა ხალხს არაფრის არ ეშინია. ესენი ფსევდოღირებულებების ირგვლივ გაერთიანებულები არიან.
ამ შეკრებებზე დისკუსია კი არ არის, რომ ჯანსაღი აზრი დაიბადოს, არა – იმეორებენ იმას, რასაც მათი ბოსები ამბობენ. არადა, აცდენენ სასამართლო სხდომებს, რითაც თავისთავად ზიანი ადგება მართლმსაჯულების ინტერესებს. იმედი მაქვს, რომ ჩამოყვანილი მოსამართლეები ხვდებიან ამ ყველაფერს, რომ შეცდომას უშვებენ. რასაც ვუყურებ, ნელ-ნელა ეს ენთუზიაზმი მათ შორის კლებულობს. თვითონაც ხვდებიან, რომ ამ ფორმით გაგრძელება შეუძლებელია.
– არიან კი საერთოდ სისტემაში ადამიანები, რომლებიც ღირსნი არიან, სწორედ უზენაეს სასამართლოში დაინიშნონ უვადო მოსამართლეებად?
– მხოლოდ სასამართლოს ვერ მოვთხოვთ, რომ ყველაზე წინ იყოს, მაგრამ ღირსეული და კეთილსინდისიერი ადამიანების მოძებნა არის შესაძლებელი და ეს პრობლემა არ უნდა იყოს.
ახლა ჩვენი, საზოგადოების, მოთხოვნა უნდა იყოს, არ გავჩერდეთ და ჩინჩალაძისნაირი ადამიანები არ ავიტანოთ, არ მოვითმინოთ, რომელმაც საკუთარი სახელი და გვარი მიიტანა პარლამენტში უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად.
არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ მეთოფიშვილის, გვრიტიშვილის, ჩინჩალაძის ხელში კარგი სასამართლო გვექნება. ეს ხელისუფლება რომც შეიცვალოს, გვრიტიშვილი კარგი მოსამართლე არ გახდება.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა