ნუკრი ქანთარია – “ოცნებისადმი” ხალხის მოლოდინი თანდათან იწურება… მამუკა ხაზარაძე შეიძლება პოლიტიკაში მოვიდეს”

ნუკრი ქანთარია - "ოცნებისადმი" ხალხის მოლოდინი თანდათან იწურება... მამუკა ხაზარაძე შეიძლება პოლიტიკაში მოვიდეს"“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ნუკრი, ლევან გოგიჩაიშვილსა და ანრი ოხანაშვილს შორის კომიტეტზე დაპირისპირება იყო. “ოცნების” ნაწილის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის გაჭიანურება ხდება. თქვენი პოზიცია როგორია აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით?
– ერთი მხრივ, ცოტა უხერხულობა შეიძლება შეიქმნას, როდესაც მოსამართლეების ნაწილმა უკვე შეასწრო და ნაწილის წინ კარები ჩაიკეტოს. თუმცა, რაღაც გამოსავალი რომ არის მოსაძებნი, ეს აშკარაა. თუ უკვე ყველა დაინიშნა, მაშინ აზრს კარგავს ეს ყველაფერი. ალბათ, მაინც დროებითი ღონისძიება შეიძლება იყოს უვადოდ დანიშვნის შეჩერება, სანამ კრიტერიუმები დადგინდება. შექმნილი ვითარებიდან ალბათ დროებით შეჩერება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების შეიძლება ყველაზე ადეკვატური იყოს, რომ საზოგადოებაში არსებული კითხვები ჩვენ უპასუხოდ არ დავტოვოთ.
– ერთ-ერთი ბოლო სოციოლოგიური კვლევით ნიჰილისტური განწყობები იზრდება. რამდენად გრძნობს მოსახლეობის მაჯისცემას ხელისუფლება?
– საკმაოდ დიდი მოლოდინები იყო. მეორე ვადა სრულდება. ამ საპრეზიდენტო არჩევნებმა ძალიან ბევრი რამ გააშიშვლა და გამოააშკარავა. წელიწადნახევარია დარჩენილი, დრო საკმაოდ ცოტაა. ხალხის განწყობების ყველაზე კარგი კვლევა არჩევნებია. ამ არჩევნებზე ხალხმა თავისი სათქმელი თქვა, ახლა ჯერი ჩვენზეა. პირველსა და მეორე ტურებს შორის დაპირებები იყო და მე ველოდები ამ დაპირებების შესრულებას. ცვლილებები აუცილებლად უნდა მოხდეს.
– ცვლილებები საკადრო დონეზე?
– დიახ, მათ შორის საკადრო დონეზე. საერთოდ ტემპის დაჩქარებაზე იყო საუბარი და ცხადია, მეც მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ უფრო წინ უნდა წავიწიოთ. ახლა მგონია, რომ მოლოდინის რეჟიმი უკვე იწურება. ამიტომ, მეტია საჭირო ჩვენი მხრიდან. ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თუნდაც ამ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით როგორ რა მოხდება, რა მოხდება. ასევე ამ წელიწადნახევარში რას შევძლებთ, ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, ვნახოთ.
– თქვენ რას ელოდებით? მესამე პოლიტიკური ძალა გამოიკვეთება, შეიძლება “ქართულ ოცნებას” რეალური კონკურენტი გამოუჩნდეს?
– არ არის გამორიცხული, რომ ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს.
– კონკრეტულად?
– ბევრი რამე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შეძლებს სასამართლოში ხაზარაძე საკუთარი თავის დაცვას. შეიძლება ის იძულებით აღმოჩნდეს პოლიტიკაში. ამ შემთხვევაში ის წაიღებს როგორც ნაციონალური მოძრაობისა და “ევროპული საქართველოს” ხმებს, ისე “ქართული ოცნების” ხმებსაც. თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მესამე ძალის გამოჩენის მოლოდინია ხალხში, შეიძლება სწორედ ის აღმოჩნდეს მესამე თუ მეორე ვერ გეტყვით, რომელი, და მან შეიძლება სერიოზულად წაართვას ბევრ პარტიას ხმა. მათ შორის მმართველ პარტიასაც.
– თქვენ უშუალოდ მამუკა ხაზარაძეს ელოდებით პოლიტიკაში თუ ის ოპოზიციურ ძალას დააფინანსებს?
– არა, შეიძლება ოპოზიციური პარტიებიც დააფინანსოს, მაგრამ მე უშუალოდ მის ჩართვას ველოდები პოლიტიკაში. თუმცა, ხომ გეუბნებით, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უშუალოდ ამ საქმესთან დაკავშირებით. თუ ის კედელთან იქნება მიყენებული და სხვა გზა არ დარჩება, მაშინ მე არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკაში მოვიდეს.
– დასაყრდენი ექნება?
– მას აქვს გარკვეულ წრეებთან სიახლოვე, კავშირები და ამ წრეებს ის შემოიკრებს. მაგალითად, თუნდაც მწერლებს. თანაც ხალხში არის ახლის მოლოდინისა და გამოჩენის სურვილი, ესეც აშკარად გამოჩნდა. ყველა პოლიტიკური ლიდერი გაცვეთილია, ხაზარაძე პოლიტიკაში ახალი იქნება. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ის ამ ყველაფერს გამოიყენებს.
ხომ იცით, როდის მიდის ბიზნესმენი პოლიტიკაში, როდესაც ყველა გზა ამოეწურება. შეიძლება მას არ უნდოდეს, მაგრამ იძულებული გახდეს. სტუდენტებთან შეხვედრაზე პოლიტიკური მესიჯები ნამდვილად წამოვიდა. თუმცა, რატომღაც შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს შეხვედრა წინასწარ იყო ერთგვარად გავლილი, არც ერთი აქტუალური შეკითხვა არ დასმულა სტუდენტების მხრიდან. აქვე ვაკონკრეტებ, რომ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდებია, ჩემი ანალიზია.
– მამუკა ხაზრაძესთან ერთად გიორგი კვირიკაშვილის დაბრუნებასაც ელოდებით?
– არა, არა მგონია. თუმცა, გამორიცხული არაფერი არ არის.
– ამას იმიტომ გეკითხებით, რომ კვირიკაშვილი ხაზარაძის საქმეს გადაყვა.
– არა, მე ვერაფერს გეტყვით.
– ახლა ძალიან მნიშვნელოვანია კვირიკაშვილის პოზიცია ამ ყველაფერზე. თქვენ ელოდებით მის დაბრუნებას? რადგანაც იცნობთ, იმიტომ გეკითხებით.
– მაინცდამაინც დიდი სურვილი და ინტერესი მას არასდროს ჰქონია პოლიტიკისადმი. ეს არ არის მისი დიდი ოცნება და დიდი სურვილი. ასე რომ ყოფილიყო, 6 წლის წინ კი არ მოვიდოდა პოლიტიკაში, ბევრად უფრო ადრე, თუნდაც როდესაც “ახლებში” იყო. იქიდან ბანკში წავიდა, პოლიტიკაში კი არ დარჩა. ამიტომ ახლაც არ მგონია, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს.
– კვირიკაშვილი მოწოდებით პოლიტიკოსი არ არის?
– მისი შინაგანი მოთხოვნილება, რამდენადაც მე ვიცნობ, არ არის პოლიტიკა. თუმცა, ყველაფერი შესაძლებელია. ახლა მთავარი ის კი არ არის, მამუკა ხაზარაძე რას გააკეთებს, ახლა მთავარია, ჩვენ რას გავაკეთებთ.
ხალხი ხელისუფლებას უყურებს, მისი ნაბიჯების მოლოდინშია. ეს მოლოდინი ნელ-ნელა იწურება. ამიტომ ხალხში ენთუზიაზმი რომ გაჩნდეს, ამისთვის აუცილებელია თვალსაჩინო ცვლილებები, ეს გარდაუვლად საჭიროა. ხალხში მოლოდინის რეჟიმია, ეს მოლოდინი კი ქვიშის საათივით ნელ-ნელა იწურება.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა