ინტერპრესნიუსის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კახა მეგრელიშვილი დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი კ.მ.
მიმდინარე წლის 8 თებერვალს, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საქართველოში შემოღწევას ცდილობდა.
დაკავებულმა კ.მ.-მ 2017 წლის 20 ივლისს, ოზურგეთის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, მანქანაში მსხდომ ორ პირს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ორივე დაჭრილი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კ.მ.-ს ბრალეულობა დადგინდა და 2017 წლის 11 დეკემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კ.მ.-ზე ძებნა გამოცხადდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
2017 წლის 20 ივლისს ოზურგეთში იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე სასტიკი მკვლელობა მოხდა. იმ დღეს 42 წლის გურამ ფოცხიშვილი და მისი დის ქმარი, 33 წლის დიმა ომოლჩენკო ჩაცხრილეს.

