დაყადაღებული საბანკო ანგარიშებისა და მილიონობით განაღდებული ფულის საქმე – საფინანსო პოლიცია კრისტალბეთის და მისი მომხმარებლების საქმეს იძიებს.
კომპანიის მიერ გამოცხადებული აქციის ფარგლებში რამდენიმე ადამიანმა დიდი თანხა მოიგო და გაანაღდა, მათი მოგებით კი პოლიცია დაინტერესდა.
კრისტალბეთის მრავალმა მომხმარებელმა ონლაინ თამაშში უფასო დატრიალება და უფასო ფული მოიგო. მოგებული თანხა საბანკო ანგარიშებზე გადაირიცხა, საერთო ჯამში, კი ამ გზით 4 მილიონამდე ლარია განაღდებული.
ონლაინ კაზინოს მოთამაშე მამაკაცი ყვება, რომ დეკემბრის ბოლოს კრისტალბეთს აქცია ჰქონდა, ტოტალიზატორზე გარკვეული თანხის დადების შემთხვევაში ბონუსად უფასო დატრიალების უფლება ჰქონდა.
თამაშის დროს მომხმარებელმა აღმოაჩინეს, რომ ლიმიტები საიტზე დაწესებული არ იყო და უფასოდ განუსაზღვრელი რაოდენობის სვლის გამოყენება შეეძლოთ.
საიტის ხარვეზის გამო კრისტალბეთის მომხმარებლებს 10 დღის განმავლობაში შეეძლოთ, გაუჩერებლად ეთამაშათ. ერთჯერადად, თითო მოთამაშეს 5.000 ლარის განაღდება შეეძლო.
საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის, სხვის კომპიუტერში უნებართვოდ შეღწევისა და ჰაკერული თავდასხმისთვის.
დიდი ოდენობით განაღდებული თანხის გამო დაზარალდა 2 ბანკიც – „თიბისი“ და „ლიბერთი“.
4 იანვარს „თიბისი ბანკმა“ მომხმარებლების ნაწილს მოგებული თანხა გაუნულა და ვისაც უკვე მოგება განაღდებული ჰქონდა, მათ ანგარიშებს უფასო ყადაღა დაადო.
მილიონობით მოგებული და განაღდებული ლარის საქმეზე კომენტარს არც ერთი ბანკი არ აკეთებს, მიზეზი გამოძიების ინტერესებია. კრისტალბეთის იურისტი ამბობს, რომ საიტს პრობლემა ჰქონდა და ჰაკერული შეტევა არ მომხდარა.

