სანდრო ბრეგაძე – “გაიქეცით, ბატონო ბიძინა, რევოლუცია მოდის!”

სანდრო ბრეგაძე - "გაიქეცით, ბატონო ბიძინა, რევოლუცია მოდის!"რატომ დავიდა ივანიშვილი ხაინდრავას დონეზე, რას კადრულობს ისეთს “ოცნების” ლიდერი, რაც მხედრიონსაც კი არ უკადრია, რატომ უნდა გაიქცნენ ქვეყნიდან ხელისუფლების წარმომადგენლები? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ესაუბრება.
– ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში დაბარებას თქვენ 90-იანი წლების “რაზბორკები” უწოდეთ. სოციალურ ქსელში სინანულით აღნიშნეთ, რომ “ოცნების” ლიდერი უკვე იმ დონემდე დავიდა, რომ ხაინდრავას “აიასნებინებს” სიტუაციას. რატომ მივიდა აქამდე საქმე?
– დღევანდელი ხელისუფლება თავიდან ბოლომდე გაკოტრებულია. ის გადავიდა ლპობის ბოლო სტადიაში. ყველა ხელისუფალი, რომელიც აქამდე მიიყვანს ხოლმე საქმეს, ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს. ასეთ შეცდომებს უშვებდა შევარდნაძე მაშინ, როცა თავიდან ბოლომდე გაექცა მართვის სადავეები ხელიდან. სააკაშვილსაც იგივე დაემართა, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ლპობის სტადიაში შევიდა.
მმართველს ჭკვიანი მხოლოდ მაშინ შეიძლება ეწოდოს, როცა ხელისუფლებას ლპობის სტადიამდე არ მიიყვანს. თუ მაინც მივიდა ლპობის სტადიამდე საქმე, მაშინ უბრალოდ უნდა დაიხუროს ქუდი და წავიდეს.
ბიძინა ივანიშვილს მართვის სადავები სრულად გაექცა. ის ცხოვრობს რაღაც ვირტუალურ გარემოში, რომელსაც მას გოგა ხაინდრავა, ლაშა ნაცვლიშვილი, ნიკუშა შენგელაია და ასეთი ტიპები უქმნიან. ამ ყალბი გარემოს გავლენის ქვეშ მყოფ “ოცნების” ლიდერს ჰგონია, რომ მას ისევ ნდობის მაღალი ხარისხი აქვს. იმასაც კი ვეღარ ხვდება, რომ ამ ქვეყანაში რაღაც არის შესაცვლელი.
მას ჰგონია, რომ პარტიიდან თუ ვინმეს გააგდებს და მის ნაცვლად სხვას მოიყვანს, ხალხისთვის ეს საინტერესო და სიკეთის მომტანი იქნება. ხალხს ნაკლებად აინტერესებს, ვინ იქნება ივანიშვილის კარზე პირველი ნომერი, თალაკვაძე თუ ზარდიაშვილი.
როდესაც ხელისუფლება ლპობის სტადიაშია, ასეთ დროს გამოჩნდებიან ხოლმე მოკრიმინალო ელემენტები, რომლებსაც გადამრჩენებლად მოიაზრებენ და მათი დახმარებით ცდილობენ ვითარების შეცვლას. ივანიშვილისთვის ასეთი გადამრჩენელი აღმოჩნდა გოგა ხაინდრავა.
– ხაინდრავამ რანაირად უნდა გადაარჩინოს? 
– “ოცნების” ლიდერს ჰგონია, რომ ხაინდრავა მოკრიმინალო ტიპის, ძველი ბიჭის და პოლიტიკოსის სიმბიოზია, რომელიც რაღაცას გააკეთებს.
სინამდვილეში ეს ადამიანი არის ცრუპენტელა ადამიანი, რომლის ყველა ნაბიჯი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო გადადგმული.
ბოლო დროს ის პარაზიტულად ცხოვრობს სხვების კისერზე. ასე იყო ბადრი პატარკაციშვილის შემთხვევაში. ახლა ივანიშვილის კისერზე პარაზიტირებს. უფრო ადრე მას სააკაშვილი, შევარდნაძე და ჯაბა იოსელიანი აჭმევდნენ.
25 თებერვალს “ოცნების” ლიდერის სასახლეში ამ ადამიანის გამოჩენამ ხალხს გასული საუკუნის 90-იანი წლები გაახსენა, როდესაც მხედრიონი აგვარებდა სიტუაციას საქართველოში.
ხაინდრავა მხედრიონის წევრი და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო და კარგად ეხერხება “გაიასნება”. ივანიშვილს გვერდით სხვა მხედრიონელებიც ჰყავს.
– ნუკრი ქანთარია, გია ჟორჟოლიანი, გია მიქელაძე…. მართლა ბევრი მხედრიონელი ჰყავს ოლიგარქს გვერდით.
– მხედრიონელების გარდა, “ოცნებაში” 90-იანი წლების ბევრი სხვა გადმონაშთიც არის თავმოყრილი. ეს ის ხალხია, რომლებმაც ეს ქვეყანა დააქციეს და გააპარტახეს.
ივანიშვილს ნიკო ნიკოლაძეობაზე ჰქონდა პრეტენზია და ჰქონდა კიდევაც შანსი, საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შესულიყო, იმ დონეზე დაეცა, რომ ხაინდრავას ქუჩური გარჩევების პირობებში უწევს ცხოვრება.
ხაინდრავას გარდა, ივანიშვილმა თავისთან ლაშა ნაცვლიშვილსაც უხმო. ხომ წარმოგიდგენიათ, ამ ორმა, უშიშროების სკოლაგამოვლილმა ნაძველბიჭარმა არჩილ თალაკვაძე დაიბარეს და საქმე ურჩიეს. არჩილ თალაკვაძე თავის მხრივ არის ბაიყუში. წარმოდგენაც კი არ მინდა, რა დღეში ჩააგდებდნენ ნაძველბიჭარები ამ ადამიანს. დარწმუნებული ვარ, მის ცხოვრებაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე იქნებოდა.
მართალია, ამ ახალგაზრდას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სტატუსი აქვს, მაგრამ იმ ორ სუბიექტს სიტყვასაც ვერ შეუბრუნებდა.
– რატომ ვერ შეუბრუნებდა?
– ამ ყმაწვილს ცხოვრებაში თანამდებობის, პიჯაკის და ჰალსტუხის გარდა, არაფერი არ უნახია.
ქვეყანაში ფაქტიურად 90-იანი წლები დაბრუნდა. ასეთ გარემოში, ეტყობა, ივანიშვილიც კომფორტულად გრძნობს თავს. მას რუსეთის კრიმინალური ქრონიკები აქვს გავლილი, ყველა ის უბედურება თავის თავზე აქვს ნაწვნევი. მან რუსული და ქართული 90-იანები გააერთიანა და ასე მართავს ქვეყანას.
– “ოცნებაში” რას იტყვიან ხაინდრავას ჩართულობაზე? არა მგონია, ის მირიან წიკლაურისთვის ავტორიტეტი იყოს და ალბათ ამიტომაც გუნდიდან მიდის.
– მირიან წიკლაური წესიერი კაცია, ასეთი პატიოსანი ადამიანები “ოცნებაში” მრავლად არ არიან.
– მეგონა, რომ ხაინდრავას ფაქტორი ზვიადისტ ზვიად ძიძიგურსაც გააღიზიანებდა, მაგრამ თავის დროზე ისიც მხედრიონელი იყო და ეტყობა ამიტომ მოეკიდა გაგებით ხაინდრავას ჩართულობას.
– ზვიად ძიძიგურზე ვერაფერს გეტყვით. ის “ოცნებაში” რჩება და ეტყობა მისთვის მისაღებია ასეთი სიტუაცია. სამწუხაროდ, “ოცნებაში” ძალიან ცოტა წესიერი ადამიანია.
მას შემდეგ, რაც “ოცნების” ლიდერს საპარლამენტო უმრავლესობა თავზე ჩამოეშალა, ცდილობენ, ახალი ქდმ შექმნან.
ახალი ქდმ იმ ადამიანებისგან შეიქმნება, რომლებიც “ოცნებიდან” გავლენ. მათ ჯერ საპარლამენტო ფრაქციას შეუქმნიან, ხოლო შემდეგ – პარტიას. ეს პარტია ფინანსურად ბიძინა ივანიშვილთან იქნება დაკავშირებული. ხოლო ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს.
ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ მივიღებთ ასეთ სურათს – ცალკე იქნება კობახიძე-მდინარაძე-თალაკვაძე-ზარდიაშვილის დაჯგუფება. მეორე მხარეს კი “ოცნებიდან” გამოყოფილები იქნებიან.
– საინტერესო სურათი გამოდის – ყოფილი ნაცები და “ოცნების” ძველი გვარდია.
– “ოცნების” ძველი გვარდია შექმნის ახალ პარტიას. მათი მთავარი ლოზუნგი იქნება, რომ კობახიძე, ზარდიაშვილი, თალაკვაძე და მდინარაძე ცუდები არიან, ხოლო ბიძინა კარგია.
ეს მექანიზმი მაშინაც მუშაობდა, როცა მე “ოცნების” მთავრობაში ვიყავი. მაშინ ყველა ვაცხადებდით, რომ რესპუბლიკური პარტია იყო ცუდი და ისინი ივანიშვილს პოლიტიკურ მოღვაწეობაში უშლიდნენ ხელს. რეალურად სულ სხვა სურათი იყო და ეს ცოტა მოგვიანებით გამოჩნდა.
– რას გულისხმობთ, რესპუბლიკელები ცუდ პარტიად აღარ მიგაჩნიათ?
– რესპუბლიკური პარტია, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ყველამ დავინახეთ, რომ “ოცნების” ლიდერს მუშაობაში ხელს არავინ უშლიდა. და რაც ქვეყანაში ხდება და ხდებოდა, ყველაფერი ივანიშვილის მიერ არის ხელდასმული.
ძალიან ამაზრზენი სანახავია, როცა ივანიშვილი საკუთარ სახლში იბარებს მინისტრებს და დეპუტატებს.
– ასეთი რამე მხედრიონის დროსაც არ ყოფილა – საქმის გასარჩევად ან ყოფილი “იმელის” შენობაში იბარებდნენ ხალხს, ან სასაფლაოებზე მიჰყავდათ.
– სახლში მართლა არავინ დაუბარებიათ საქმის გასარჩევად. ასეთი რამე მხდერიონს კი არა, კადაფის და კაციჭამია დიქტატორ ბოკასოსაც კი არ გაუკეთებიათ.
ასეთ დაბარებებს მაშინაც კი არა აქვს გამართლება, როცა ადამიანი თანამდებობაზეა, ივანიშვილს კი არანაირი ოფიციალური თანადებობა არ უკავია. ის იბარებს ამ ხალხს სახლში და მონების ჯოგიც სიხარულით მიდის იქ.
თქვენ რა გგონიათ, ნორმალური საუბარი მიდის? იქ არის ჩვეულებრივი ქურდული “რაზბორკა”, სადაც ხაინდრავა “აიასნებს” ყველაფერს.
მინდა თქვენი გაზეთით მივმართო “ოცნების” ლიდერს – ბატონო ბიძინა, ვინ გირჩიათ ხაინდრავასთან საქმის დაჭერა? მაგ კაცს ორი ფეხის ნაბიჯზე არ უნდა ენდო. თქვენ ნიკო ნიკოლაძეობა გინდოდათ და ხაინდრავას დონეზე დახვედით.
სხვათა შორის, თავის დროზე ხაინდრავას დონეზე დაეცა ბადრი პატარკაციშვილი და ამიტომაც დამარცხდა.
– მასთან დაიჭირა საქმე ოქრუაშვილმა და ვერც მან ვერ იხეირა პოლიტიკაში.
– კიდევ ბევრმა წააგო მასთან ურთიერთობით.
– და რაკი ყველა ფულიანი ამასთან იჭერს საქმეს, ეტყობა, რაღაც მაგია აქვს ან ქარიზმა.
– თავად ხაინდრავა ასე ამბობს, რომ გოიმებს იჭერს ყურებით და წეწავს. ეტყობა, ეს ფულიანი ხალხი გოიმებად მიაჩნია და წეწავს. ამ ტიპის ფსიქოლოგიური პორტრეტი არ შემისწავლია, სამაგიეროდ შემიძლია გითხრათ, თუ რა დესტრუქციული ძალაც არის თავისი მოღვაწეობით.
აშკარაა, რომ “ოცნების” ლიდერს გვერდით არ ჰყავს ისეთი ადამიანი, რომელიც მას გამოაფხიზლებს და ჭაობიდან ამოსვლას, ან ხელისუფლებიდან გაცლას ურჩევს. მეეჭვება, ჩემი რჩევები გაითვალისწინოს, მაგრამ მას მე ქვეყნიდან გაცლას ვურჩევდი.
– ქვეყნიდან გაცლას რატომ ურჩევთ?
– ისეთი პროცესები მიდის, რომელთაც ძალიან ცუდი დასასრული ექნება, აქ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები აღარ განიხილება. აქ პირდაპირ რევოლუციაზეა საუბარი. რევოლუცია არის გარდაუვალი.
– რატომ გგონიათ, რომ რევოლუცია გარდაუვალია?
– ამის უამრავი მიზეზი არსებობს. ასეთ მდგომარეობამდე საქმე თავად ივანიშვილმა მიიყვანა. ეს ადამიანი არის მილიარდერი და მან საქართველოში ერთი პატარა საწარმოც კი არ ააშენა, სადაც 100 კაცი დასაქმდებოდა.
ახლა ვიღაც მეტყვის, რომ მან რუსთაველის თეატრი გაარემონტა. ეს კარგი საქმეა, მაგრამ ამის გაკეთება ყველა მსხვილ ბიზნესმენს შეეძლო. “ოცნების” ლიდერისგან ხალხი სულ სხვა რამეს ელოდებოდა.
ელოდებოდნენ, რომ ის საწარმოებს გახსნიდა და ხალხს დაასაქმებდა. ხალხს იმედი ჰქონდა, რომ მილიარდერი მმართველი ბიუჯეტის ფულებს ხელს არ მოჰკიდებდა.
თავის დროზე მოსახლეობამ შევარდნაძე იმიტომ აირჩია, რომ ის მხედრიონს მოთოკავდა.
– შევარდნაძემ ამის გაკეთება მართლაც მოახერხა.
– შევარდნაძის მიმართ ჩემი დამოკიდებულება კარგად იცით, მაგრამ მეც კი ვაღიარებ, რომ მან რაღაც კარგი გააკეთა – მხედრიონი ალაგმა.
ხალხი სააკაშვილს როცა ირჩევდა, იმედი ჰქონდა, რომ ის შევარდნაძის კორუმპირებულ რეჟიმს აღმოფხვრიდა. მანაც კი გააკეთა რაღაცები, მაგრამ ივანიშვილმა არაფერი არ გააკეთა.
ხალხი იმედგაცრუებულია და აქ ახალი ქდმ-ს შექმნა ვითარებას ვეღარ გამოასწორებს. რევოლუცია გარდაუვალია. კიდევ ერთხელ ვურჩევ ივანიშვილს, გაეცალოს საქართველოს და ამ სიტუაციას, თორემ ყველაფერი შეიძლება ოხრად დარჩეს.
საქართველოში შექმნილი ვითარება იანუკოვიჩის მმართველობის ბოლო ხანას მაგონებს. არ მინდა, რომ “ოცნების” ლიდერმა მისი ბედი გაიზიაროს. არადა ყველაფერი აქეთკენ მიჰყავს.
მინდა ხელისუფლებას შევახსენო, რომ უკრაინაშიც უცბად დაიწყო რევოლუცია. თუ ვინმეს იმის იმედი აქვს, რომ ივანიშვილს მილიარდები უშველის, ცდება – იანუკოვიჩს მასზე მეტი ფული ჰქონდა.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ მინდა მან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ბედი გაიზიაროს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვურჩევ, გაეცალეთ ბატონო ბიძინა საქართველოს, რევოლუცია მოდის. კარგი იქნება, მასთან ერთად მისი ხელისუფლების წარმომადგენლებიც თუ აიკრავენ გუდა-ნაბადს.
იმის ნაცვლად, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ, ივნისში გეიაღლუმის ჩატარება გადაწყვიტეს, რომ ხალხის ყურადღება აქეთკენ გადაიტანონ. ვიღაცები ამბობენ, ამ აღლუმს სოროსი აფინანსებსო. სოროსი კი არა, საქართველოს ხელისუფლება დგას მათ უკან.
არც ეს აღლუმი არ ჩატარდება და ვერც “ოცნება” ვერ გადაურჩება რევოლუციას – ხალხი ნაცებს და ქოცებს ერთად გარეკავს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა