შოთა მალაშხია – “ქართულ ოცნებაში” მიხვდნენ, რომ ივანიშვილი არაფრის გარანტორი აღარაა”

შოთა მალაშხია - "ქართულ ოცნებაში" მიხვდნენ, რომ ივანიშვილი არაფრის გარანტორი აღარაა"პარლამენტის უმრავლესობაში გაჩაღებულ რღვევის პროცესსა და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს, ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერ შოთა მალაშხიას.
შოთა მალაშხია:
– ის, რაც ახლა პარლამენტში, ასევე მის გარეთ ხდება, საპრეზიდენტო არჩევნების გაგრძელებაა. ეს არჩევნები რომ გაყალბდა და ძალადობის ფონზე გაიმართა, მსოფლიომ შეიტყო. ამაზე მეტყველებს საერთაშორისო და ევროპული ორგანიზაციების საშინლად უარყოფითი დასკვნები ამ არჩევნების თაობაზე.
– უმრავლესობის წევრებზე ამან კატალიზატორის მაგვარად იმოქმედა?
– უმრავლესობაში გააცნობიერეს, რომ “ქართული ოცნების” ადგილი ბიძინა ივანიშვილის ფრთის ქვეშ შემცირდა. ამ პოლიტიკოსებს და მაღალჩინოსნებს ხალხი და სამართლიანობა არ ადარდებთ. მათ შესანარჩუნებელი და გასაზრდელი აქვთ უძრავ-მოძრავი ქონება. ამ პოლიტიკოსებს თავი აქვთ გადასარჩენი. “ქართულმა ოცნებამ” 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნების წინ უთვალავი დაპირება გასცა. ხალხის დარდი ჰქონდეთ, ერთი-ორ დაპირებას მაინც შეასრულებდნენ და სინდისის ქენჯნას იგრძნობდნენ იმის გამო, რომ პენსიონერებსა და ბავშვებს და სხვებსაც შიათ და სცივათ.
– “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილებს, თუ ისინი გულწრფელად ემიჯნებიან ივანიშვილს, რისი იმედი უნდა ჰქონდეთ? შეძლებენ საპარლამენტო საარჩევნო ზღურბლის გადალახვას?
– მათ ამის შანსი არ აქვთ. საერთოდ, რაც უფრო მეტს იყვირებენ, უფრო მეტად შთაინთქმებიან დიდ ჭაობში. ხომ ხედავთ, როგორ აბეზღებენ ერთმანეთს? “ქართულ ოცნებაში” ალაპარაკდნენ იმაზე, რაზეც ჩვენ, ოპოზიცია, წლებია, განგაშს ვტეხდით. ბესელია თავის გადასარჩენად იძულებულია, ბრძოლა გამოუცხადოს ივანიშვილს.
– ბესელია ებრძვის კობახიძეს, ზარდიაშვილს, ჩინჩალაძეს, მაგრამ არა – ივანიშვილს..
– მალე ივანიშვილზე მეტს იტყვის. აბა, ივანიშვილს საფლავში რატომ ჩაჰყვება? თუ გაჩერდა, დაიღუპება. ივანიშვილს შეუძლია ბესელიას დაჭერა.
– დაეყრდნობა თუ არა ივანიშვილი სხვა ახალ ან ძველ პოლიტიკურ ძალებს?
– ამისი სურვილი, უდავოდ, ექნება. აქ საყურადღებოა ერთი მომენტი – ივანიშვილს არ შეუძლია რაიმეს აშენება და შექმნა. მის ბუნებაშია ყველაფრის მოსპობა. თავის დროზე ამ კაცმა ფული რეკეტითა და დანაშაულით იშოვა. მას ეხერხება ნაძარცვის ან იაფად ნაშოვნის ძვირად გაყიდვა, მაგრამ არაფრის შექმნის უნარი მას არ გააჩნია. არც ანაკლიაში და არც სხვაგან.
– მამუკა ხაზარაძის დარჩენამ ანაკლიის პროექტში გააჩინა აზრი, რომ ანაკლიას აღარავინ შეეხება.
– ანაკლია მიბმული იყო თიბისი ბანკზე. ამ ბანკს უკვე მიადგა უზარმაზარი ზარალი. ამით სახელმწიფომაც იზარალა. ივანიშვილი გააგრძელებს თავის დამანგრეველ მოქმედებებს და არც ანაკლიას დაინდობს. მისი მოქმედებების შედეგია ისიც, რაც პარლამენტში ხდება. ეს ორგანო ვერანაირად ვერ ჩაითვლება პარლამენტად.
– ამ მოწვევის პარლამენტს თქვენ თავიდანვე მიწასთან ასწორებდით და აცხადებდით, რომ ეს არ არის ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო.
– გადატრიალების შემდეგ, 1992 წელს რომ ჭრელი და ხმაურიანი პარლამენტი გვქონდა, სადაც ფაქტობრივად ყველა შეყარეს, ამ პარლამენტს ისიც კი ბევრად ჯობია. ესენი ძალიან ცუდად დაამთავრებენ.
– რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
– საქართველოში მოქმედებს არაფორმალური მმართველობა. ამაზე ლაპარაკობს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. ეს ფაქტია, რომელიც არ იმალება. ჩვენ თვალნათლივ ვაკვირდებით დამანგრეველ პროცესებს. იშლება სტრუქტურები – აღარც პოლიცია გვაქვს, აღარც პროკურატურა, ჯარი მშიერია, საბავშვო ბაღებში პატარების გამოკვება საშიში გახდა.
ცოტა ხნის წინ ვინ იფიქრებდა, რომ ჯარს საკვები არ ექნებოდა, საბავშვო ბაღებში კი ცხენისა და ვირის ხორცი შევიდოდა! გაუარესდა როგორც პენსიონერების, ისე დასაქმებულების მდგომარეობა. დასაქმებულებს რეკეტს უწყობენ – უნდა ადამიანს თუ არა დაგროვებითი პენსია, მაინც ბეგრავენ. დაპირება მომავალში ამ თანხების დაბრუნებაზე სანდო არ არის.
ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო არ არსებობდეს. რუსეთის მიზანიც ესაა. საერთაშორისო არენაზე საქართველოს არავინ ახსენებს.
– როგორ განვითარდება დაწყებული მოვლენები?
– უმრავლესობის წევრები თვითონ აფორმებენ თავიანთ დასამარებას. თუ 2020 წლამდე მიაღწიეს, რა უნდა უთხრან ამომრჩეველს? სათქმელი არ დარჩათ.
– ეტყვიან იმავეს, რასაც აქამდე ეუბნებოდნენ.
– ახლა უფრო რთულად აქვთ საქმე. უნდა გამოვიდნენ და თქვან, რომ ხალხი გააღატაკეს, რომ საქართველო იცლება, რომ ვინც დასაქმებულია, იმასაც არეკეტებენ. ქვეყანაში ნორმალურად მოქმედი ინსტიტუტი აღარ დარჩა. საამაყოდ, ალბათ, თავიანთი ფეშენებელური სამ და ოთხსართულიანი სახლები ექნებათ. ხალხს იმასაც ეტყვიან, რომ განათლება მოსპეს და ამ სფეროში “ანონიმშჩიკების” პრაქტიკა ააღორძინეს.
– კერძოდ?
– განათლების მინისტრი სხვებთან ერთად ჩარეული იყო ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის მკვლელობაში. ეს მოხდა ანონიმური წერილის გამოყენებით. მასზე იყო არარსებული ადამიანის ხელმოწერა.
ამ წერილის საქმეში ჩართვით სიკვდილამდე მიიყვანეს პატიოსანი განათლების მუშაკი. თან, ეს ხელისუფლება ხალხს სამართლიანობას ჰპირდებოდა.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა