სასამართლო სისტემა და ეკა ბესელიას მიერ ინიცირებული კანონპროექტი – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, მის მიერ ინიცირებული კანონპროექტის გაჭიანურება მიზანმიმართულად ხდება.
აღნიშნული კანონპროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ დადგება.
„უკვე მესამე კვირაა და არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ იურიდიულ კომიტეტს დაეწყო ამ საკითხის განხილვა. დღესაც არ არის დღის წესრიგში ჩასმული, სამწუხაროდ, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჭიანურდება საკითხის განხილვა.
ვადები აქვს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პარალელურად იუსტიციის საბჭომ 8 მოსამართლე ისევ უვადოდ დანიშნა და გაამწესა, ვიდრე ამ საკითხს პარლამენტი გადაწყვეტდა, ეს არის ის დამატებითი არგუმენტი, რომელიც გვაძლევს საფუძველს, რომ დღეს ბიუროს სხდომაზე კენჭი ეყაროს, არის თუ არა მზად პარლამენტი, დაჩქარებული წესით ამ კვირაში დაიწყოს განხილვა.
კონსტიტუციურობის ტესტს ყველა კანონპროექტი გადის პარლამენტში, ამიტომ რა არის არგუმენტი რის გამოც ვინმე ეჭვქვეშ აყენებს ამ საკითხს, ამაზე ჩვენ კამერების წინ კი არ უნდა ვისაუბროთ, კომიტეტზე უნდა იყოს განხილვა,” – აცხადებს ეკა ბესელია.

