თინა ხიდაშელი – „ჩემი მინისტრობისას რუსულ რბილ ძალასთან საბრძოლველად შექმნილი სტრატკომი იზორიამ გააუქმა“

თინა ხიდაშელი - „ჩემი მინისტრობისას რუსულ რბილ ძალასთან საბრძოლველად შექმნილი სტრატკომი იზორიამ გააუქმა“უკვე წლებია, რუსეთი აგრესიულ მოქმედებებს მიმართავს იმ მეზობლების მიმართ, რომლებიც მის დღის წესრიგს ეწინააღმდეგებიან. პუტინის რუსეთი მხოლოდ საომარი მოქმედებებითა და ოკუპაციით არ კმაყოფილდება და ხშირად იყენებს ისეთ მეთოდებს, როგორებიცაა პროპაგანდა და დეზინფორმაცია, რასაც ხშირად ე. წ. რბილ ძალას უწოდებენ. ამით ცდილობს ის ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას. ამ მეთოდებით ევროპასაც ებრძვის, თუმცა ევროპულ ქვეყნებში დიდი ხანია მიმართავენ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ამაზე მუშაობას საქართველოს პარლამენტიც იწყებს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე თემატური მოკვლევის ჯგუფი შექმნა. ჯგუფის მიზანია, სამოქალაქო სექტორთან ერთად მოიკვლიოს და შეისწავლოს ეს პრობლემები და გამოწვევები.

როგორ აფასებს ამ იდეას, რამდენად ეფექტიანი ქმედებაა და არის თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით თანმიმდევრული? _ ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი საუბრობს.

_ პარლამენტის საგარეო კომიტეტში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ სამუშაო ჯგუფი იქმნება. როგორ აფასებთ ამ იდეას და ამ მხრივ რამდენად თანმიმდევრული გგონიათ „ქართული ოცნება“?

_ თავისთავად ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ამ მიმართულებით გადაიდგმება, კარგია და მისასალმებელი. ამიტომ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ეს უნდა იყოს ერთიანი დიდი გეგმის ნაწილი, სადაც ამ სისტემაში ყველა რგოლი შეთანხმებულად იმუშავებს ერთი ამოცანით.

რუსული თაფლის შესყიდვის ცნობილი ამბავი იყო ერთ-ერთი მაგალითი. გასაგებია, რომ ვიღაცა მიხვდა და ჩაშალა ეს ტენდერი. მანამდე ყველას გვახსოვს „ბილაინის“ შემთხვევა. ასეთი ამბები თუ მისაღები და ჩვეულებრივი ამბავი იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის და რეაქციას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოახდენს, თუ ვიღაცა ქუჩაში გამოუვარდება და განსაკუთრებული ისტერიკა ატყდება, მაშინ ეს არ იქნება სწორი სტრატეგია და ვერანაირი სამუშაო ჯგუფი შედეგს ვერ მოგვცემს.

თუ ერთიანობაში იქნება გააზრებული, როგორ უნდა ვებრძოლოთ რუსულ რბილ ძალას ჯამურად და არა მხოლოდ რუსულ პროპაგანდას, მაშინ შეიძლება შედეგი დადგეს. ამიტომ, ფუნდამენტურად გადასახედია სახელმწიფო პოლიტიკა პრაქტიკულად ყველა უწყების საქმიანობაში.

მარტივი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ _ ვნახოთ, რამდენი სახელმწიფო უწყება ასხამს ბენზინს „ლუკოილში“, ან რა დოზით არის წარმოდგენილი რუსული ბიზნესი სახელმწიფო შესყიდვებში. ეს სია გრძელია. მთელი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ სტრატეგიული იყოს მიდგომა და არა _ ერთჯერადი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი.

_ ანუ ამას აკეთებენ იმისთვის, რომ რაღაც პროპაგანდა გასწიონ, რომ ამ მიმართულებით მუშაობენ და რეალობა სხვაა?

_ როგორც თავიდანვე აღვნიშნე, ყველა ნაბიჯი კარგი და მისასალმებელია. არ მინდა, რომ თუ კარგი იდეა გაუჩნდათ, სკეპტიკური ვიყო. პირიქით, წახალისება სჭირდება ასეთ იდეებს და მხარდაჭერა. მაგრამ იმისთვის, რომ შედეგიანი იყოს და ეს არ დარჩეს ვიღაცის ერთჯერადი კეთილი სურვილისა თუ კეთილი ნების განხორციელებულ ქმედებად, მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ერთიანი სტრატეგიული ხედვა.

ასეთი ხედვა დღეს ხელისუფლებაში არ არის.

_ უწყებებს შორის სათანადო კოორდინაცია არ არსებობს?

_ უწყებებს შორის კოორდინაცია არანაირი არ არსებობს, ეს შემიძლია გითხრათ ამ ხელისუფლებაში მუშაობის საკუთარი გამოცდილებით. არათუ არ არსებობს ასეთი კოორდინაცია, არამედ ასეთი კოორდინაციების წახალისებაც კი არ ხდება. მაგრამ, აქ მარტო კოორდინაციის პრობლემა არ არის. თუკი იარსებებდა ერთიანი სტრატეგია და როლების სრულფასოვანი განაწილება, მაშინ ყოველდღიური კოორდინაციის გარეშე რაღაცა შედეგის მიღება შესაძლებელი იყო.

რბილ ძალასთან ბრძოლა ისეთივე ომია, როგორც ომში ხდება ტანკით და თოფით ბრძოლა. ფორმალური შედეგიც კი აღარ გვაქვს ასეთი საკოორდინაციო მექანიზმის არსებობის. ამიტომ, პრობლემა საკმაოდ ღრმა და ფუნდამენტურია.

_ არ არის სახიფათო ქვეყნისთვის, როდესაც გაუქმდა უშიშროების საბჭო და ჭიანურდება პრემიერ-მინისტრთან მაკოორდინირებელი ორგანოს შექმნა?

_ კანონპროექტია წარდგენილი პარლამენტში და ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს პროცესი. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, კი, რა თქმა უნდა, ეს სახიფათოა.

ეს რომ სახიფათოა, სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ერთი წლის განმავლობაში საკონსტიტუციო განხილვების დროს. მაგრამ ჩვენში გაგება იმის, რომ ქვეყანას სჭირდება ადეკვატური პასუხი და ეს პასუხი პირველ რიგში კონსტიტუციური მექანიზმებით უნდა გაიცეს, არ არსებობს. შესაბამისად, მოლოდინი იმის, რომ ვიღაც მიხვდება, რომ რეალურად ფუნდამენტური პრობლემის წინაშე ვდგავართ, მე პირადად არ მაქვს.

_ როგორ უნდა მოხდეს ბრძოლა რუსული რბილი ძალის წინააღმდეგ?

_ მე არათუ წარმომიდგენია, არამედ მიმუშავია. ჩვენ ვიყავით პირველი უწყება, როდესაც თავდაცვის მინისტრობის პერიოდში კონკრეტული გეგმები წარმოვადგინეთ, საქმიანობა გავწიეთ და ინსტიტუციური მექანიზმი შევქმენით.

ჩემი მინისტრობის დროს შეიქმნა პირველ სტრატკომი საქართველოში. მისი ამოცანა იყო ზუსტად ის, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. სტრატკომი არ არის თოფით ბრძოლა, ეს არის რბილ ძალასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მექანიზმი. ბატონმა იზორიამ უწყებაში მისვლის შემდეგ ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება რაც მიიღო, სწორედ ამ სტრატკომის გაუქმება იყო. ამიტომ, ამ პირობებში რთულია, ხელისუფლებას რეკომენდაცია გავუწიო, რა უნდა გააკეთოს და როგორ იქცეოდეს.

სტრატკომი კი არა და ჩვენ პრობლემები კიბერუსაფრთხოებაშიც კი გვაქვს. რომელიც თითქოს მარტივად მოგვარებადი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აქაც საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს სამინისტრო. ამიტომ, ამაზე დეტალურად საუბარი რთული სათქმელია მოკლე ინტერვიუში. ვისაც აინტერესებს, შეუძლია ნახოს ამ თემაზე ჩემ მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკის დოკუმენტი.

ეს დოკუმენტი ინტერნეტ-სივრცეში ხელმისაწვდომია და იქ მაგალითების გზით მოყვანილია ყველა ის ბრძოლის საშუალება ეფექტურობის მისაღწევად, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის გამოსადეგია.

_ იმაზეც არის საუბარი, რომ არის ორგანიზაციები, მედიასაშუალებებიც, რომლებიც პირდაპირ მუშაობენ რუსულ პროპაგანდაზე. როგორ უნდა გაკონტროლდეს ეს, რომ არ დაზარალდეს არც სახელმწიფო ინტერესები და არც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება?

_ ეს არ არის ერთგვაროვანი საკითხი. რამდენიმე ამბავია. რას ნიშნავს პირდაპირ? პირდაპირ შეიძლება ნიშნავდეს კანონდარღვევით პირდაპირ, რომელიც ფინანსდება რუსეთიდან და შეიძლება ნიშნავდეს წარმომავლობის გარეშე პირდაპირ. ანუ ადგილობრივი რეზიდენტია. პირველ შემთხვევაში პასუხი ადვილია, მეორე შემთხვევაში _ უფრო რთული.

საქართველოს ხელისუფლების პირველი რიგის ამოცანა არის, რომ კანონი დაიცვას. ანუ, იმ შემთხვევებში როდესაც იგივე პოლიტიკური ძალების დაფინანსება ხდება რუსეთიდან, ეს გამოააშკარავოს. ამას დიდი გამოაშკარავება არ სჭირდება, მაგრამ ამაზე კანონი აამოქმედოს. სანამ კანონი არ მუშაობს, „თავისუფლების“ რეჟიმი ასეთი ორგანიზაციებისთვის მაღალია და ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერი დაშვებულია და პრობლემა არ არის.

აქედან დაწყებული, შემდეგ უკვე საჭიროა მოქმედებები, კონტრმოქმედებები და უფრო აქტიური მოქმედებების სია საკმაოდ მაღალია. მთავარია, როგორია პოლიტიკურ ნება ამ ამბებთან გამკლავების.

აი, ეს ნება არ არის. ამიტომ აქ არაფერი არ ხდება.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა