აკაკი ზოიძე – ”გასახვევ თამბაქოზე აქციზი უნდა გაიზარდოს”

აკაკი ზოიძე - ”გასახვევ თამბაქოზე აქციზი უნდა გაიზარდოს”გასახვევ თამბაქოზე აქციზის ფასის გაძვირების ინიციატივით ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ მთავრობას მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, აღნიშნულ რეკომენდაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა და ფასის მატების მიზანი მხოლოდ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.

რატომ არის ფასის ზრდა მოწევისთვის თავის დასანებებლად ერთადერთი გზა და რატომ ზრუნავს სახელმწიფო მხოლოდ მწეველების ჯანმრთელობაზე, როცა სიკვდილიანობას ქვეყანაში სხვა ფაქტორებიც იწვევს, ამაზე “ახალ თაობასთან” აკაკი ზოიძე საუბრობს.

აკაკი ზოიძე:

_ ჩვენ გვაქვს მსოფლიო რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ აქციზის მატების ამოცანა რომ შესრულდეს, დაფასოებული თამბაქოს ფასის გაზრდაც უნდა მოხდეს. ეს არის ევროინტეგრაციის ვალდებულება.

ამოცანა კი არის ის, რომ ადამიანებმა ნაკლები მოწიონ ან საერთოდ არ დაიწყონ მოწევა. განსაკუთრებით ახალგაზრდებმა. დამტკიცებულია უამრავი კვლევით, რომ ფასი არის ერთადერთი ბარიერი. საუბარია, რომ ამას ეფექტი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ყველა სახის თამბაქოს პროდუქტზე მოხდება გაძვირება. და არა ის, რომ ერთი თამბაქოს სახელი ჩაანაცვლოს მეორე თამბაქოს სახელით.

მომავალში აუცილებელია, ამ კუთხითაც მოხდეს გათანაბრება აქციზის. ჯერ მხოლოდ რეკომენდაციაზეა საუბარი და მე დავაფიქსირე ჩემი აზრი, რომ ძალიან მნიშნელოვანია, ჩვენ ეს ზომები მივიღით იმისთვის, რომ მწეველთა რაოდენობა შემცირდეს.

მამაკაცების ნახევარზე მეტი ეწევა, ქალების მწეველთა რაოდენობა გაორმაგდა, 13 წლამდე ჩამოვიდა მაჩვენებელი, რაც კატასტროფაა. 15 წლით ადრე იღუპებიან სწორედ თამბაქოთი გამოწვეული დაავადებებით. მიუხედავად არაპოპულარობისა ამ ნაბიჯის, ეს ერთადერთი გზაა, რომ ეს მოხდეს.

კვლევებით დასტურდება, რომ მწეველთა 40% წელიწადში ერთხელ მაინც ცდილობს, რომ დაანებოს თავი მოწევას და ფასის მომატებაც ხელს შეუწყობს ამას.

_ გასაგებია, რომ ეს ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი საწინდარია, მაგრამ ხომ არსებობს სხვა ფაქტორებიც, რაც ასევე საჭიროა ჯანმრთელობისთვის. მაგალითად, ჯანსაღ საკვებზე ხელმისაწვდომობა.

_ ჯანსაღი კვება არ გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად უნდა ჭამოთ რაიმე განსაკუთრებული სუპერძვირი ორგანული საკვები. საკმარისია კომბინირებულად ისე ჭამოთ, რომ ბევრი ნახშირწყალი და ბოსტნეული მიიღოთ, ასევე ბევრი წყალი სვათ, მაგრამ აქ ხომ ერთი მეორეს არ გამორიცხავს. საუბარია, კონკრეტულად თამბაქოსგან რამდენი ადამიანი იღუპება და შესაბამისად, ჩვენ გვინდა, თამბაქოთი გამოწვეულ დაავადებებს ვებრძოლოთ ამით.

ჯანსაღი ცხოვრების წესი ჯანსაღ კვებას არ ნიშნავს. კვირაში ერთხელ ნახევარი საათით რომ იაროს, ესეც ცხოვრების ჯანსაღი წესია. ამას არ სჭირდება არაფერი დამატებითი რესურსი. ყოველდღიურად ან კვირაში სამჯერ ნახევარი საათით ფიზიკური დატვირთვა არის ჯანსაღი ცხოვრების ნაწილი.

ამის გარდა, მინიმუმ 1.000 ლარი დაეზოგება ადამიანს, თამბაქოს მოწევას რომ თავს დაანებებს და შეუძლია ეს თანხა გამოიყენოს ჯანსაღი კვებისთვის თუ სხვა ნებისმიერი საჭიროების დაკმაყოფილებისთვის, რაც თავად და თავის შვილებს სჭირდებათ.

სიგარეტი ერთადერთი პროდუქტია, რომლის დანიშნულებისამებრ მოხმარება კლავს მომხმარებელს. რეალურად, ნარკოტიკია. არანაირი სარგებელი ზოგადად არ მოაქვს და არამარტო ზიანს აყენებს ადამიანს, არამედ კლავს კიდეც. ასე რომ, ამ კუთხით, ყველა შეთანხმებულია, რომ ეს ასე უნდა მოხდეს და ჩვენ კითხვის ნიშანს ვაყენებთ რომ ეს პრობლემაა?!

მე სახელმწიფოსაც მოვუწოდე, რომ თუ აქციზს გაზრდიან, უფასო გახდეს ის მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობენ სიგარეტისთვის თავის დანებებას.

_ ფასი პურზეც გაძვირებულია, შაქარზეც და არაერთ პროდუქტზეც. კვება ხომ საჭიროა ჯანმრთელობისთვის. ყველაფერს თავს ხომ არ დაანებებს მოსახლეობა?

_ პური და შაქარი არის პირველადი მოხმარების საგნები. სიგარეტი არ გახლავთ პირველადი მოხმარების საგანი. არის ნარკოტიკი. მგონი, ამ შედარებით არასერიოზული საუბარი გამოგვივა. გაძვირების თემა ამ შემთხვევაში არ გახლავთ ის, რომ ბიუჯეტში ფული შემოვიდეს. ეს არის შეგნებული ნაბიჯი იმისთვის, რომ ადამიანებმა ნაკლები მოწიონ. ეს არის განსხვავება.

ძალიან ცუდია, როცა პური ან შაქარი ძვირდება, იმიტომ, რომ ბევრი ადამიანისთვის ეს არის პირველი და გადაუდებელი მოთხოვნილების საგანი. სიგარეტის შემთხვევაში, ეს არის ერთადერთი გზა, რომ ადამიანებმა შეამცირონ მოწევა ან საერთოდ თავი დაანებონ.

ლელა მდივანი, ახალი თაობა