გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელი, “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი, პაატა დავითაია “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის დაკავებას არ გამორიცხავს:
“ჩვენ მოვისმინეთ სისხლის სამართლის დანაშაულის შემცვლელი ოთხი მომენტი: შსს მინისტრის მიერ გამოგზავნილი მუქარის წერილი, თიბისი ბანკზე კიბერშეტევა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ქმედებები და ვალების ჩამოწერის მცდელობა. ეს არის ძალიან მძიმე ბრალდებები. აქედან გამომდინარე, უნდა მოვისმინოთ სახელმწიფოსაგან პასუხები და თუ ჩვენ ეს პასუხები ვერ მოვისმინეთ, მაშინ იბადება კითხვა – მართლა ხომ არ მოხდა ეს ყველაფერი? ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს სახელმწიფო სტრუქტურებს. ხაზარაძემ ღიად მიანიშნა ივანიშვილის ჩართულობის თაობაზე. ასეთი ბრალდებების შემდგომ, და ეს თუ სიმართლეს შეესაბამება, მთავრობის წევრების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. თუ ეს ტყუილი არის, მაშინ ხაზარაძის პასუხისმგებლობის საკითხი დგება. საერთოდ, მე არ გამოვრიცხავ ხაზარაძის დაკავებასაც, რაზეც მან ისაუბრა. მან ყველა ფაქტზე უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ თავი გადაირჩინოს.
მან უნდა თქვას საიდან ხდებოდა კიბერშეტევა თიბისი ბანკზე, მით-უმეტეს ამის მტკიცებულებები ჰქონია როგორც თავად აცხადებს. ღიად უნდა დაადანაშაულოს ბატონი ივანიშვილი ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით და ამის მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს. უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება თუ რას აიძულებდა ეროვნული ბანკი მას. თუ მან ამის მტკიცებულებები არ წარადგინა, ის თავს ვერ გადაირჩენს. მე ვეყრდნობი იმას, რასაც საუბრობს ხაზარაძე. ხაზარაძემ სერიოზული ბრალდებები წაუყენა ხელისუფლებას.”-განაცხადა პაატა დავითაიამ

