ბაკურიანში ძმამ ძმა მოკლა – პოლიციამ ი.ბ. დააკავა

ბაკურიანში ძმამ ძმა მოკლა - პოლიციამ ი.ბ. დააკავაბაკურიანში ახალგაზრდა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების შედეგად საკუთარ ძმას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 30 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

როგორც imedinews შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაბა ბაკურიანში მომხდარი, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გახსნეს.

პოლიციამ  ბრალდებული, ი.ბ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, დაბა ბაკურიანში დააკავა.

“სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დაბა ბაკურიანში ოჯახური კონფლიქტის და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ძმას 1989 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 30 წლამდე მამაკაცი მიღებული ჭრილობებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა”-აცხადებენ შსს-ში.
შსს–მ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით დაიწყო. დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.