ბანოჯაში მხატვარ ლევან გოგიტიძის სახლი გაქურდეს – წაღებულია 350 ევრო

ბანოჯაში მხატვარ ლევან გოგიტიძის სახლი გაქურდეს - წაღებულია 350 ევროქურდობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში – სოფელ ბანოჯაში მხატვარ ლევან გოგიტიძის სახლი გაქურდეს.

როგორც გოგიტიძის  მეუღლე ჰყვება, ქურდები სახლში მაშინ შევიდნენ, როცა ოჯახის არცერთი წევრი შინ არ იყო. ნინო გოგისვანიძის თქმით, სახლიდან წაღებულია 350 ევრო.

მათი აზრით, შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. ქურდებმა სახლში შესაღწევად გისოსი გადაჭრეს. მათ მხოლოდ თანხის წაღება შეძლეს, რადგან, სავარაუდოდ, სახლში დაბრუნებული ოჯახის წევრები შენიშნეს.

როგორც ნინო გოგისვანიძე ამბობს, სოფელ ბანოჯაში ეს სახლების ქურდობის პირველი შემთხვევა არ არის.

რამდენიმე დღის წინ ყაჩაღობის მცდელობას ჰქონდა ადგილი მათ მეზობლად მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში. შეიარაღებულ პირებს ორივე შემთხვევაში წინააღმდეგობა სახლის პატრონებმა გაუწიეს, რის გამოც მათ ვერაფერი წაიღეს.

შს სამინისტრომ ლევან გოგიტიძის სახლის ქურდობის ფაქტზე გამოძიება 177 მუხლით დაიწყო.

რუსთავი 2