ბიზნესზე ზეწოლის ახალი ფაქტი – ბიზნესმენი ბათუმის მერსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ტერორში ადანაშაულებს

ბიზნესზე ზეწოლის ახალი ფაქტი - ბიზნესმენი ბათუმის მერსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ტერორში ადანაშაულებსბიზნესმენი ლევანი კანთელაძე, რომელიც სამშენებლო კომპანია “დექსტერ დეველოპმენტის” ხელმძღვანელია, ხელისუფლებას ზეწოლასა და ტერორში ადანაშაულებს.
საქმე ეხება ბათუმის ცენტრში 18 სართულიანი კორპუსის მშენებლობას, რომლის ნებართვა ბიზნესმენმა კულტურული მემკვიდრეობის სააგანეტოსგან მიიღო თუმცა მოგვიანებით მერიამ მშენებლობის ნებართვა გააუქმა.

კანთელაძე ამბობს, რომ საქმეში აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის ინტერესებს ხედავს.

უფრო კონკრეტულად ბიზნესმენმა სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ 2016 წელს ნინოშვილის 25 ნომერში ბარაკული ტიპის სახლების ნაცვლად მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა უნდა დაეწყო, რისთვისაც კა-2 კოეფიციენტის გაზრდაზე მაშინდელმა მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ უშუამდგომლა.

კანთელაძის თქმით, ხელისუფლების ტერორის შედეგად, უცხოელი ინვესტორი ქვეყნიდან წავიდა და ბანკიდან გამოტანილი თანხის პროცენტების გადახდა თავად უწევს.

„ბათუმის მერს ლაშა კომახიძესაც შევხვდი. მან მითხრა, რომ ეს სახლი არ უნდა აშენდეს. როცა მიზეზი ვკითხე, არგუმენტირებული პასუხი ვერ გამცა. არ უნდა აშენდესო და მორჩა… შემდეგ ვთხოვეთ ადგილმონაცვლეობა და შემოგვთავაზეს მიწა ბაგრატიონის ქუჩაზე. ჩვენ ამაზეც თანახმა ვიყავით, თუმცა შემდეგ ამაზეც უარი გვითხრა კომახიძემ“- აცხადებს ბიზნესმენი.

ბიზნესმენის თქმით, ლაშა კომახიძემ მას განუცხადა, რომ ეს საკითხი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის, თორნიკე რიჟვაძესთვის უნდა შეეთანხმებინა.

„არავითარი ჩანაცვლება არ მოხდება, რადგან მაგ მიწაზე თორნიკე რიჟვაძეს ჰყავს სხვა ინვესტორი, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე თქვენო.

შემდეგ მითხრეს, რომ შევხვედროდი რიჟვაძეს, მაგრამ არ შევხვდი. რატომ უნდა შევხვდე მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებით თორნიკე რიჟვაძეს? ხვალ სხვამ რომ დამიბაროს, იმასაც უნდა შევხვდე…

ზეწოლას განვიცდი პირადად ლაშა კომახიძისგან და თორნიკე რიჟვაძესგან იმიტომ, რომ თორნიკე რიჟვაძე ახორციელებს, ლაშა კომახიძეს მეშვეობით, მიზანმიმართულად ჩვენს ჩაძირვას.

ერთადერთი მიმართვა მინდა გავაკეთო ბატონ პრემიერზე, ღია წერილით უნდა მივმართო, რომ მიაქციონ აჭარას ყურადღება. აქ კანონი არ არის, არანაირი კანონი არ არის, არავის არაფრის გაკეთება არ უნდა და ჩემნაირი ათასია, მაგრამ მე უფლება არ მაქვს, ვიღაცეების სახელები და გვარები დავასახელო,“ – განაცხადა ლევან კანთელაძემ.