“ბოკერია უფრო დიდი ტირანი იქნება, ვიდრე სააკაშვილი”

"ბოკერია უფრო დიდი ტირანი იქნება, ვიდრე სააკაშვილი"რატომ ენდობა ბიძინა ივანიშვილი კობახიძის ჯგუფს? რა იქნება სასამართლოს კლანური მმართველობისა და მათი ნების ხელისუფლებაზე კარნახის შედეგი? ამ საკითხებზე “ახალ თაობას” ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ესაუბრა.
– ბატონო ვახტანგ, ბოლო დროს პარლამენტმა ორი გადაწყვეტილება მიიღო. ერთი ეხებოდა სააკაშვილის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას, მეორე – სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივად აღიარებას. ორივე პროექტი ჩავარდა. რას გეუბნებათ თქვენ პარლამენტში მიმდინარე პროცესები?
– ორივე პროექტი ღირებულებითი ფორმის იყო (ლუსტრაცია მოხდა). პირველი ეხებოდა იმ ჯალათ მოსამართლეებს, რომელთა კისერზეა ავტორიტარული რეჟიმის განმტკიცება საქართველოში. ამიტომ პასუხისმგებლობა სააკაშვილი-ბოკერია-ადეიშვილთან ერთად ამ მოსამართლეებმაც უნდა გაიზიარონ, ქართველი ერისა და დემოკრატიული საზოგადოებების წინაშე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამო. ეს მოსამართლეები იყვნენ დანაშაულებრივი რეჟიმის აპოლოგეტები. ამის დავიწყება არ შეიძლება.
ევროსასამართლომ მათ ვერდიქტი გამოუტანა. განსაკუთრებით მურუსიძეებისა და სხვა ოდიოზური მოსამართლეებისთვის ვერდიქტი იყო ევროსასამართლოს მხრიდან მათ მიერ გამოტანილი განაჩენების კრიტიკულად განხილვა და, ფაქტობრივად, იმის გაცხადება, რომ მათ საზოგადოების წინაშე დანაშაული ჩაიდინეს.
მიკვირს, ასეთი ჯალათი მოსამართლეები რატომ არიან ხელისუფლების რაღაც ჯგუფის მიერ ხელდასმული? რა ფასეულობა გააჩნიათ მათ? ამ მოსამართლეებს არც განათლება, არც ერუდიცია, არც სინდისი და ნამუსი არ გააჩნიათ. ეს აღიარა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა. ფაქტობრივად, საერთაშორისო სამართლებრივმა ინსტიტუტმა მათ მსჯავრი დაადო.
ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოტანილი ვერდიქტებითა და გადაწყვეტილებებით, რომლებიც აღემატება საქართველოს კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ბაზას. აქედან გამომდინარე, პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილება ჩვენს საერთაშორისო იმიჯს აზიანებს და უკვე დააზიანა.
– როგორ დააზიანა?
– საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა. იმიტომ, რომ მურუსიძე და მისნაირი მოსამართლეები დატოვეს სასამართლო ხელისუფლებაში. სასამართლოში არსებულმა მურუსიძე-ჩინჩალაძე-გვრიტიშვილის კლანმა სასამართლოში, ფაქტობრივად, არაფორმალური პოლიტიკური პარტია შექმნა.
– როგორ?
– ჩათვალეთ, რომ დღეს სასამართლო ხელისუფლებას აკონტროლებს პოლიტიკური პარტია. მათ შექმნეს ის პრინციპები და დებულებები, რაც პოლიტიკურ პარტიას ახასიათებს; შეიმუშავეს მიზნები, ამოცანები, გააჩნიათ მსოფლმხედველობა, იდეოლოგიური ჩარჩო; გააჩნიათ საშუალებები, მოახდინონ პოლიტიკური მანიპულაციები სხვა პოლიტიკურ ჯგუფებზე.
ეს კლანი კლასიკური პოლიტიკური პარტიის სახით იმართება. შესაბამისად, გამოდიან პოლიტიკური განცხადებებით და ჰყავთ თავიანთი დასაყრდენი.
– ვის მიერ არიან ხელდასმული და ვინ ჰყავთ საყრდენად?
– ისინი ხელდასმული არიან უმრავლესობის გარკვეული ჯგუფის მიერ.
– მოსამართლეებმა რამდენჯერმე კრება ჩაატარეს და საზოგადოებას თავიანთ მოსაზრებები შესთავაზეს.
– ეს არის სწორედ პოლიტიკური პარტიისთვის დამახასიათებელი. საზოგადოებაზე პოლიტიკური მანიპულირება, პოლიტიკური პარტიის აუცილებელი მიზანი და ამოცანა.
– მათი მხრიდან მუქარებიც ისმის. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ეს კლანი სასამართლოდან მართავს პოლიტიკურ გუნდს?
– დიახ, მოხდა კურიოზი. მივიღეთ ძალიან საშიში პოლიტიკური გამოწვევა – სასამართლო ხელისუფლებაში, რომელიც უნდა იყოს აპოლიტიკური, მოსამართლეები კი – უპარტიო, გაწონასწორებული, მივიღეთ პოლიტიკური პარტიის მიერ ხელდასმული დომინანტური ჯგუფი.
მოსამართლეებმა, ფაქტობრივად, შექმნეს ისეთი ტიპის არაფორმალური პოლიტიკური პარტია, როგორიც არის კლასიკური ტიპის პოლიტიკური პარტია. ისინი ისეთი ტიპის ინსტრუმენტებს იყენებენ, რასაც გამოიყენებს პოლიტიკური პარტია.
ეს უკვე კლანი აღარ არის. ეს არის პარტიული უჯრედი, რომელიც დღეს მართავს ორგანოს, რომელიც ყველაზე აპოლიტიკური უნდა იყოს – სასამართლო ხელისუფლებას. ამიტომ მივიღეთ პოლიტიზებული სასამართლო და მოსამართლეები.
– რა არის და რა იქნება სასამართლოს კლანური მმართველობისა და მათი ნების კარნახის შედეგი?
– ჩვენ პოლიტიკური კრიზისი კი არ გვაქვს, სისტემური კრიზისი მივიღეთ. სისტემაა მთლიანად დაავადებული და დაბლოკილი. ვერ იმართება.
– ერთგვარი ლუსტრაციის მაჩვენებელი ხომ არ იყო, 6 წლისთავზე “ქართული ოცნების” უმრავლესობამ მხარი რომ არ დაუჭირა სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივად გამოცხადებას?
– როდესაც 2 იანვარს ეს პროცესი დაიწყო, ჩემს ბლოგში დავწერე, რომ დაიწყო თერმიდორის გადატრიალება, როდესაც იაკობინური გადატრიალების შიგნით და გადატრიალების პერიოდში გარკვეულმა ჯგუფმა მოახდინა შიდა გადატრიალება და აღადგინა იმპერია, ანუ ის პოლიტიკური მმართველობა, რომელსაც ებრძოდა იაკობინური ელიტა.
ფაქტობრივად, ჩვენ ვდგებით ფაქტის წინაშე, რომ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის აღზევება სავსებით რეალური სცენარია. ეს მივიღეთ ჩვენ იმ პროცესებით, რაც ვითარდებოდა პარლამენტში. ამას ჰქვია თერმიდორის გადატრიალება.
მაშინაც, როცა საფრანგეთში ეს გადატრიალება მოხდა, თუ არ ვცდები, 1794 წელს, რომელმაც ჯერ აღადგინა იმპერია, მერე ნაპოლეონი იმპერატორად გამოაცხადა და მიიღეს აღზევებული მონარქია საფრანგეთის ისტორიაში, დაახლოებით ასე, თერმიდორული გადატრიალების შედეგად, საქართველოს პარლამენტში ტრიუმვირატი შეიქმნა – კობახიძის, მდინარაძისა და ზარდიაშვილის სახით. ვინ იქნება ნაპოლეონი, ვინც მონარქიას დააბრუნებს, ვნახავთ. შეიძლება სააკაშვილი არ იყოს. ის იმდენად მარგინალური პირია (მოხეტიალე დერვიშია), მისი უკან დაბრუნება არ მოხდება, მაგრამ ჩვენ შეიძლება არანაკლებ საშიში, სხვა სააკაშვილი ვიხილოთ.
– ვინ?
– სააკაშვილის გარდა, კიდევ არის ბოკერია. რა გარანტიაა, ბოკერია რომ არ შეცვლის სააკაშვილს და უფრო მეტ ტირანიას, ძლიერ ავტორიტარულ რეჟიმს არ მივიღებთ?!
– გადატრიალების შედეგად თქვენ უშვებთ იმას, რომ 2020 წლის არჩევნებში შეიძლება “ოცნებას” მხარი აღარ დაუჭიროს ამომრჩეველმა და ხელისუფლებაში ბოკერიები მოვიდნენ?
– დიახ, სიტუაცია ისეთია, ამას არ გამოვრიცხავ. ეს სცენარი ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოჩნდა. მერე ჩვენ ვიხილეთ, პირველ ტურში როგორ წააგო “ქართულმა ოცნებამ”. რომ არა მთელი საზოგადოების დარაზმულობა, ეს სცენარი განხორციელდებოდა.
დღეს ჩვენ ვნახეთ, “ოცნების” შიგნით როგორ ამოიზარდა რევანშისტული ძალა. ზარდიაშვილი იყო ადეიშვილის მარჯვენა ხელი. ზარდიაშვილი და ადეიშვილი ერთმანეთისგან რამ გაყო? შეიძლება ამ ტრიუმვირატმა მოახდინოს “მონარქიის აღდგენა” და მივიღოთ ქართველი ნაპოლეონი. თუმცა, ნაპოლეონისა და ბოკერიას შედარებისთვის ბოდის გიხდით.
“პატრიოტთა ალიანსმა” შემთხვევით არ დაწერა კანონპროექტში “სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმი”. სააკაშვილს თავის გუნდშიც არ სცემენ პატივს, მაგრამ ხომ ჰყავთ სხვა ოდიოზური პერსონები, მაგალითად, ბოკერიას სახით. ბოკერია უფრო დიდი ტირანი იქნება, ვიდრე სააკაშვილი. სააკაშვილი სულელი იყო, ბოკერიაც სულელია, მაგრამ ჭკვიანი სულელი. ეს არის განსხვავება.
– პარტია “ქართული ოცნების” ლიდერი უმრავლესობის სხვადასხვა ჯგუფებს ხვდება ხოლმე. როგორც ჩანს, კობახიძის ჯგუფი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, რადგან ბიძინა ივანიშვილი დააჯერა, რომ საჭირო იყო იმგვარი გადაწყვეტილება, რაც სასამართლოსთან დაკავშირებით მიიღეს. ბიძინა ივანიშვილი რატომ ენდობა ამ ტრიუმვირატს?
– ვერ გეტყვით. შეიძლება ივანიშვილმა ამ პროცესებს ყურადღება არ მიაქცია. ბატონ ბიძინასთვის საშიში გამოვლინება შეიძლება იყოს პორტირებული ნაცების გააქტიურება, რომლებსაც ის ებრძოდა. შეიძლება ბიძინა ივანიშვილს, რომელიც, ფაქტობრივად, ებრძოდა ნაცრეჟიმს და შეძლო მისი გაძევება (რაც წარმატებული სვლა იყო), ეს მომენტი გამორჩა.
ბიძინა ივანიშვილი თამაშობს. ის შეეცადა, სიტუაცია დაერეგულირებინა ამ ორ მხარეს, ძველებსა და პორტირებულ ნაცებს შორის და როგორმე დიალოგი ეწარმოებინა. ბატონმა ბიძინამ ძველები პორტირებულების რეპრესიებისგან დაიცვა, რომლებიც აპირებდნენ, ვინც მხარი დაუჭირა ბესელიას კანონპროექტს, ყველანი პარტიიდან გაეძევებინათ.
ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ პროცესები ბატონ ბიძინას უკავშირდება. უბრალოდ, ტრიუმვირატი იმდენად გათავხედდა ამ პოლიტიკურ აურზაურში, რომ შეეცადა, თავისი საქმე გაეკეთებინა.
შედეგად, სასამართლო სისტემაში შექმნილმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც ჰყავდა თავისი ლობისტები მმართველ პოლიტიკურ უმრავლესობაში, მართვის ბერკეტების აღება შეძლო. ეს არის ყველაზე საშიში მომენტი. ახლა ამას სჭირდება იმპერატორი, რომელიც ამ ყველაფერს შეკრავს.
– საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ბიძინა ივანიშვილმა თავის თავზე აიღო “ოცნების” მმართველობის მთელი სიმძიმე.
– ამიტომ მოხდა “თერმიდორის გადატრიალება”. ბატონ ბიძინას დაასწრეს და გადატრიალება მოახდინეს.
– ბიძინა ივანიშვილი შეჰპირდა ერს, რომ ყველაფერს ისე გააკეთებდა, როგორც ხალხს სჭირდებოდა. საზოგადოებას მის მიმართ აქვს პრეტენზია. საინტერესოა, ბიძინა ივანიშვილი რამდენად გაერკვევა ამ პროცესებში და რა გადაწყვეტილებებს მიიღებს?
– არ ვიცი. იმედი მაქვს, ბიძინა ივანიშვილი ხელს შეუწყობს ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შექმნას, რომელიც დაასრულებს ჰიბრიდული ნაციონალების მიერ “ქართულ ოცნებაში” სიტუაციის არევის პროცესს.
შესაბამისად, ხელისუფლებაში მოვა ისეთი ძალა, რომელიც მართლა შეასრულებს ქართველი ხალხის უმრავლესობის შეკვეთას.
თუ სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაცია მოხდა, ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებს უფრო ბოროტი ჯოკერი.

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა