დავით ბერძენიშვილი – „ივანიშვილი შევარდნაძესავით დაასრულებს… ეს არის ოცნების დაღმასვლა სათადარიგო შემადგენლობით“

დავით ბერძენიშვილი - „ივანიშვილი შევარდნაძესავით დაასრულებს... ეს არის ოცნების დაღმასვლა სათადარიგო შემადგენლობით““დაღმასვლა და შევარდნაძის შეცდომების გამეორება” – ასე აფასებს “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის წევრი, დავით ბერძენიშვილი “ქართულ ოცნებაში” ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების საკითხს.როგორც “ნიუპოსტს” ბერძენიშვილმა განუცხადა, ბიძინა ივანიშვილის მთავარი საყრდენი პოპულისტური, აგრესიული, ანტიდემოკრატიული, თავისი არსით ანტიდასავლური პოლიტიკოსები არიან.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელი, “ოცნების” თავმჯდომარეს შევარდნაძის ბედის გაზიარებას უწინასწარმეტყველებს:

“ღარიბაშვილი სათადარიგო შემადგენლობაში იყო კარგა ხნის განმავლობაში. ის თადარიგის ოფიცერია. მოსალოდნელი იყო მისი დაბრუნება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი 2016 წლიდან მოყოლებული უფრო ეყრდნობა, მონაციონალისტო, მოყავისფრო ძალებს.

ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ღიად გამოიკვეთა, რომ არცერთი პროდასავლური ძალა მის კანდიდატს მხარს არ უჭერდა და ღიად უჭერდა მხარს “პატრიოტთა ალიანსი”, ის, რომ “პატრიოტთა ალიანსი” ფრაქცია ეშლებოდა და გია ჟორჟოლიანი მიავლინეს იქ, ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილისთვის მთავარი საყრდენი პოპულისტური, აგრესიული, ანტიდემოკრატიული, თავისი არსით ანტი დასავლური პოლიტიკოსებია. ასე რომ, მისი ამომრჩეველი დავიწროვდა და ის პრაქტიკულად მემარცხენე პოპულისტურ, ნახევრად ჩრდილოურ ფლანგზე გამყარებას ცდილობს ამჟამად. ეს არის დაღმასცლა. ივანიშვილი იმეორებს გვიანმდელი შევარდნაძის, ლამის ყველა ნაბიჯს და ისევე დაამთავრებს, როგორც შევარდნაძემ დაასრულა”- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი იქნება. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ღარიბაშვილი მმართველ პარტიაში გიორგი ვოლსკის შეცვლის.

ნიუპოსტი