თუ უმრავლესობა ირაკლი კობახიძეს არ შეცვლის დროულად, მაშინ ამას გავაკეთებთ ჩვენ ისე, რომ შედეგი დადგეს, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, კობახიძეს არ აქვს ის ნდობა და ავტორიტეტი, რომელიც ამ პოზიციაზეა საჭირო.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, ე.წ. კობახიძის ჯგუფი უკვე წარსულია.
“ე.წ. კობახიძის ჯგუფი არის უკვე წარსული. ეს არის დროის საკითხი. მე გარწმუნებთ იმასაც, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც სამწუხაროდ, ვერ გაამართლა იმედები, მოლოდინები და ის როლი და პოზიცია, რომელიც უმნიშვნელოვანესია საპარლამენტო რესპუბლიკაში, თუ მას არ შეცვლიან დროულად და არ მოიძებნებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებიც პარლამენტს მისცემენ შესაძლებლობას, გამართულად გააგრძელოს ფუნქციონირება, მაშინ ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ბატონი კობახიძე შეიცვალოს და ეს მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. ამიტომ უმრავლესობამ დროულად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და მგონია, რომ ეს ასეც მოხდება იმიტომ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს ის ავტორიტეტი და ნდობა, რომელიც მას ამ პოზიციაზე მუშაობის დროს სჭირდება. ან ეს უნდა გააკეთონ მათ, ან ამას გავაკეთებთ ჩვენ ისე, რომ შედეგი დადგეს,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

