„თიბისი ბანკის“ საქმე – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულზე კომენტარის გაკეთებისას იმ სკანდალურ წერილზე ისაუბრა, რომელიც საქმეში ფიგურირებს და რომელიც, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა:
„მინდა შევეხო წერილს, მისი შინაარსიც ახსენეთ. დღეს არის 8 მარტი, 1-ელი აპრილი რომ იყოს, გულწრფელად უფრო გამიადვილდებოდა ამ წერილზე განმარტების გაკეთება. შეიძლება ისიც მეთქვა, რომ გიორგი გახარიამ ჩემთან დაადასტურა, რომ ნამდვილად ჩაწერა წერილში მათ შორის ის, რომ „არტარეასთან“ ერთად ითხოვდა სხვა რომელიმე მუსიკალური არხისგან, ან „რაგბიტივისგან“ რაიმე სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. ამ საკითხზე ზოგადად მიმდინარეობს მოკვლევა. გიორგიმაც დაადასტურა და მეც მინდა დავადასტურო, რომ ნებისმიერი მინისტრი ჩემი კაბინეტიდან მზად არის გასცეს პასუხები კითხვებზე პარლამენტში თუ საგამოძიებო ორგანოებთან. რაც შეეხება თავად იმას, რაც წავიკითხეთ მედიის მეშვეობით წერილის შინაარსში, მე გამიჭირდება ამაზე სერიოზული კომენტარი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

