“ღარიბაშვილი ივანიშვილმა კალაძე-კობახიძის წინააღმდეგ დააბრუნა”

"ღარიბაშვილი ივანიშვილმა კალაძე-კობახიძის წინააღმდეგ დააბრუნა"“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.
– ბატონო თორნიკე, რას იტყვით ღარიბაშვილის დაბრუნებაზე “ქართულ ოცნებაში”?
– ეს ლოგიკური შედეგია ჩაკეტილობის, ნიჭიერი ხალხისთვის გზის ჩაკეტვის და საკუთარ წვენში ხარშვის. მართალი გითხრათ, აქამდე თუ მივიდოდა საქმე, არ მეგონა, მაგრამ, როგორც ჩანს, შიგნით გაცილებით უარესად არის საქმე, ვიდრე გარედან ჩანს და ჩვენ გვგონია.
– სერიოზული კრიზისი აქვთ?
– რა თქმა უნდა! წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გიჭირდეს, რომ ეს გააკეთო. ეს არის სრულაიდ არასერიოზული. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა სამაგალითოდ მოისროლა ღარიბაშვილი, თუმც უფრო კარგად გაუშვა, ვიდრე კვირიკაშვილი ეს გასაგებია. გააძლიერა კახელების კლანი, თვითონ სერიოზული პოლიტიკური ამბიციები ღარიბაშვილს არ ქონია.
– კითხვა გაჩნდა, მარტო მოდის თუ სიმამრთან და ცოლისძმასთან ერთადო?
– ეგ მარტო არსად არ დადის, როგორც მე ვიცი, ცოლის ნათესაობა დაყვება ყველგან. ერთი, რასაც ვერ წაართმევ ღარიბაშვილს, არის ის, რომ ერთგულია ივანიშვილის. მეორე არის ის, რომ ასეთი ერთგული ადამიანის შემოყვანით აბალანსებს იმათ, ვისაც თავის დროზე არანაირად არ ეხატებოდა ღარიბაშვილი გულზე.
– ვის გულისხმობთ?
– ვგულისხმობ კალაძეს, რომელიც ძალიან გაძლიერდა. გაძლიერდა იმის გამო, რომ მისი მთავარი დასაყრდენი პარლამენტში არის კობახიძის გუნდი, რომელიც წავიდა იმაზე, რომ გაიყვანოს ეს მოსამართლეები, სამაგიეროდ, მიიღო ბესელიას ადგილი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობა, რაც ძალიან სერიოზული განაცხადია და ამით კალაძე ძალიან გაძლიერდა. ბიძინა იმ ჭკუაზე არ არის, რომ ასე ძალიან გააძლიეროს კალაძე-კობახიძე.
– ანუ კალაძის გასანეიტრალებლად შემოიყვანა ღარიბაშვილი ამ თამაშში?
– ყველაფერთან ერთად. ის ერთგული ადამიანია და ასევე დღის წესრიგშია კალაძის განეიტრალება.
– რას უნდა ველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები?
– მართალი გითხრათ, მე რაციონალურობის იმედი მაქვს ხოლმე და ვფიქრობ ყველაფერი რაციონალურად ავხსნა, მაგრამ ბოლო დროს რაც ხდება “ქართულ ოცნებაში”, მე ვერ გავაკეთებ პროგნოზს, რადგან ეს ყველაფერი სცდება ჩემს წარმოსახვის უნარს. ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ და ამიტომაც არ შემიძლია გავაკეთო რაიმე სახის პროგნოზი.
– როდესაც გამოვიდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდებოდა, მაშინვე ეს კითხვა გაჩნდა, როგორ შეეწყობოდა ის ე.წ. ახლებს, ანუ კობახიძის ფრთას.
– ვერანაირად ვერ შეეწყობა. მე მგონი, ახლებმა ჩათვალეს, რომ ყველაფერი მათზე გადაეწყო მთლიანად, ბიძინა მათზე გადაეწყო და ქართული პოლიტიკაც მათზე ეწყობოდა. უცებ სათადარიგო სკამიდან ღარიბაშვილის შემოყვანა, ბუნებრივია, აურევს მათ გეგმებს.
– ბესელიამ, მივესალმები ღარიბაშვილის დაბრუნებასო და ხომ არ ინანებს გუნდიდან გასვლას?
– ბესელიას კალაძის და კობახიძის ჯინაზე გაუხარდა, თორემ რაში აინტერესებს მას ღარიბაშვილი.
– ეს პროცესები 2020-ს უკავშირდება?
– ეს უკავშირდება “ოცნების” გადარჩენას. 2020-ს კი არა, 2019-ს უკავშირდება. თუ ასე გაგრძელდა, 2019-ის ბოლომდეც ვერ მიატანენ და ამიტომ დღეს მხოლოდ გადარჩენაზე ფიქრობენ.
– და რა იცვლება ღარიბაშვილის მოსვლით?
– ჩემი აზრით, არც არაფერი არ იცვლება. რა უნდა ქნას ღარიბაშვილმა, როგორ უნდა მოახდინოს სასწაული?! უბრალოდ, ის დაუპირისპირდება კალაძეს და კობახიძის გუნდს, მეტი რა უნდა ქნას?! ეს ყველაფერი შიდა პოლიტიკური ბრძოლებისთვის არის, მეტი არც არაფერი იცვლება.
– ვეღარ აკონტროლებს ივანიშვილი კალაძეს?
– დიახ, ძალიან გაძლიერდა კალაძე და ამას თავისი მიზეზები აქვს. ჯერ ერთი, ის არჩეული მერია და მას ვერ გააპანღურებენ, მეორეც, მას თავისი კაპიტალი აქვს, ფინანსურიც და პოლიტიკურიც, ბიძინასგან აბსოლუტურად დამოუკიდბელი და მესამე – პარლამენტში დასაყრდენი აქვს, რომელიც მოსამართლეების ისტორიის ფონზე ძალიან გაძლიერდა.
ამ გუნდმა მოსამართლეების თემის გატანა საკუთარ თავზე აიღო. ისე აღმოჩნდა, რომ მოსამართლეების გამო, ძალიან ჩამოეკიდა ბიძინა ამ ახალგაზრდების გუნდს. ახლა აწყობს ბიძინას, რომ ვიღაცეებს ჩამოეკიდოს? ეს ნამდვილად არ უნდა.
– რამდენად შეასუსტებს კობახიძის ფრთას ღარიბაშვილი?
– შევხედოთ, ძალიან საინტერესო რაღაცეები იწყება. ღარიბაშვილს გვერდით დაუდგება ძველი გვარდია, ვინც დარჩა და არ გავიდა უმრავლესობიდან. ბიძინა, რა თქმა უნდა, ღარიბაშვილის უკან უფრო იქნება, ვიდრე კალაძის და კობახიძის.
– ამისთვის გამოჩნდა ღარიბაშვილი, რომ უმრავლესობაში შეინარჩუნოს ძველი გვარდია?
– კი, ასეა. დილიდან გახარებულები პოსტავდნენ ფეისბუქზე ამ გუნდის წევრები. მაგალითად, სესიაშვილი. იმდენად გაუხარდათ, რომ ეს ვერ დამალეს. როგორც ჩანს, ჩარეცხილებად გრძნობდნენ თავს და ახლა იმედი მიეცათ.
– ანუ უმრავლესობაში ბევრია ისეთი, ვისაც კობახიძე არ მოსწონს, მაგრამ არც გუნდის დატოვება უნდა?
– რა თქმა უნდა. ისინი ელოდებოდნენ რაღაც ფინალს და ფინალი აღმოჩნდა ღარიბაშვილის დაბრუნება და ვაშა, გული მიეცემათ, მაგრამ ამით ქვეყანაში რა იცვლება?! ამომრჩევლისთვის, მოსახლეობისთვის რა იცვლება?! აი, ეს არის მთავარი.
– ისე ხომ არ შემობრუნდება საქმე, რომ სწორედ კობახიძეს და მის გუნდს გადაატეხოს ჯოხი ბიძინა ივანიშვილმა?
– ბიძინა ივანიშვილისგან გამორიცხული არაფერია. მითუმეტეს უყურებს ის, რომ ამ ახლებს ხალხში არანაირი ავტორიტეტი არ აქვს, კალაძეს არ ვგულისხმობ. კობახიძემ ამ მოსამართლეების თემით ძალიან შეილახა იმიჯი მოსახლეობაში, ასე რომ, მათი დაკარგვით ივანიშვილი ბევრს არაფერს კარგავს.
– ბატონო თორნიკე, ხომ არ ფიქრობთ, რომ ვადამდელი არჩევნების თემა გააქტიურდეს? ოპოზიციაზე მეტად ეს ხელისუფლებას აწყობს.
– ვადამდელი არ ვიცი, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა და გული მოეცა ოპოზიციას, ამომრჩეველმაც დაინახა, ძალა საით გადადის, ეს უკვე სიტუაციას სერიოზულად ცვლის. ერთი თვის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ სიტუაცია ასე რადიკალურად შეიცვლებოდა. პლიუს ამას, საქმეში ჩაერთო ხელმოწერები და ოპოზიცია მილიონ ხელმოწერას ყველა ვარიანტში შეაგროვებს.
– არ არის გამორიცხული, რომ გადავიდეთ პროპორციულზე?
– ამ დინამიკას რომ ვუყურებ, არაფერია გამორიცხული. ხომ გეუბნებით, ერთი თვის წინ ეს სიტუაცია თუ წარმოიქმნებოდა ძალიან ძნელად იყო წარმოსადგენი.
– საზოგადოების დიდი ნაწილი ახალი მოთამაშის გამოჩენას ელის პოლიტიკურ ველზე. მამუკა ხაზარაძეს უკიჟინებენ, რომ წავიდეს ოპოზიციაში. საკმოად წარმატებული იქნებაო, ესეთი შეფასებებიც მოვისმინე. ადრე თქვით, ვერ გაბედავს ხაზარაძე ოპოზიციაში წასვლასო და ახლა რას იტყვით?
– ხაზარაძეს სხვა არჩევანი არ დაუტოვეს. აშკარად არ უნოდოდა ოპოზიციაში წასვლა, გვახსოვს, რომ მეორე ტურის წინ ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი, მაგრამ დღეს სხვა გზა არ დაუტოვეს. ადამიანს, როგორც ჩანს, დაჭერას უპირებენ და დაჭერას როცა გიპირებენ, დასაკარგი რა გაქვს?! არც გახარიასთან შეჭიდება იყო იოლი. წესით, უნდა წავიდეს პოლიტიკაში.
– გადაირჩენს ამით თავს?
– თუ ის მოასწრებს პოლიტიკური განაცხადის გაკეთებას და მერე დაიჭერენ, ეს კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება მთავრობას. დარწმუნებული ვარ, ყველა გზა მოუჭრეს. იურისტი არ ვარ, მაგრამ ფულის გათეთრების ბრალდება არალოგიკურად მეჩვენება სრულიად. გასაგებია, რომ აქ, მიზეზთა გამო, ადგილი აქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა