გიგლა ბარამიძე – “მინისტრები ღარიბაშვილის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ”

გიგლა ბარამიძე - "მინისტრები ღარიბაშვილის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ"რა სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა ბადრი პატარკაციშვილმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, რა საფრთხის წინაშე დგას ივანიშვილი, ვინ და რატომ გააპროტესტა “ოცნებაში” ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
– მმართველი გუნდის პარტიის ლიდერები “ოცნების” განახლებას გვიანონსებენ და ამბობენ, რომ პარტიისთვის რეიტინგულ ხალხს შეარჩევენ. თქვენი აზრით, გადაარჩენს ეს შერჩეული ხალხი “ქართულ ოცნებას”?
– იმას, რაც ახლა ხდება მმართველ გუნდში, პარლამენტში “ოცნების” სტრიპტიზს დავარქმევდი. სხვანაირად რომ ვთქვა, მმართველი პარტია შესულია ლპობის პროცესში.
“ქართულმა ოცნებამ” ვერცერთი დაპირება ვერ შეასრულა, “ქართულმა ოცნებამ” საქმე ვერ გააკეთა, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” წარმოშვა ისეთი სამარცხვინო ტიპაჟები, რომლებსაც ჩვენ ქართული და უცხოური ლიტერატურიდან კარგად ვიცნობთ. ამით მმართველ პარტიას ნამდვილად შეუძლია, რომ იამაყოს.
მმართველ პარტიაში ყველა უარყოფითმა პერსონაჟმა მოიყარა თავი – ბონია მეწისქვილით დაწყებული ჰოფმანის “კატა მურის ცხოვრებისეული ფილოსოფიის” პერსონაჟებით დამთავრებული.
სხვათა შორის, ეს კატა მური არ იყო ცუდი კატა, ერთი ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი ქალისგან განსხვავებით, მიღებებზე ჩექმებით არ დადის.
ფერწერას თუ გადავხედავთ, “ოცნების” კლასიკური ტიპაჟები ჰყავს დახატული ნიდერლანდელ მხატვარ ჰიერონიმუს ბოსხს. საოცარია, სად დაინახა ბოსხმა მე-15 საუკუნეში, რომ მის მიერ დახატული ტიპაჟები 21-ე საუკუნეში საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში შეძვრებოდნენ და სტომაქს გაივსებდნენ.
ამ ყველაფერს კი უდიდესი ქართველი პოეტის, ვაჟა-ფშაველას სიტყვები ესადაგება – გაგვიბატონდა ქართველნო, სირეგვნე შეუწონარი.
რასაც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ, ასეთი სირეგვნე მეორე არ მინახავს.
ამ უსაქმურების გაერთიანებას, “ქართულ ოცნებას” რომ ვუყურებ, დიდი ბისმარკის გენიალური ფრაზა მახსენდება – არსად იმდენს არ იტყუებიან, როგორც ომის დროს, არჩევნების წინ და ნადირობის შემდეგ. ესენი ომით ვერ ომობენ, არჩევნების წინ იტყუებიან და იტყუებიან, ნადირობას რაც შეეხება, დიდი ქონება მოინადირეს.
ასევე მახსენდება პირველი რესპუბლიკის მთავრობა, 1921 წელს კუდამოძუებული რომ გარბოდა საქართველოდან. მას არიერგარდში მდგარი იუნკერები იცავდნენ.
მთავრობის წევრების სამარცხვინო გაქცევას თვალს ადევნებდნენ გენერლები კვინიკაძე და მაზნიაშვილი. მაზნიაშვილმა მათ ჰკითხა, რას აკეთებთო. იმათ უპასუხეს შინდისი დავკარგეთო. მაზნიაშვილმა ამის საპასუხოდ გასაქცევად მომზადებულ მთავრობას შემდეგი სიტყვები მიახალა პირში: თქვენ შინდისი კი არა, სინდისი დაკარგეთო.
მაშინ ჯარი გვყავდა, მაგრამ იმ მთავრობას ომი არ სურდა. ლენინით იყო აღფრთოვანებული ნოე ჟორდანია.
– მოდით, ისევ “ოცნების” დღევანდელობას დავუბრუნდეთ. ამბობთ, რომ მმართველი პარტიაში ლპობის პროცესია დაწყებული. იქნება ეს პროცესი ახალმა კადრებმა შეაჩეროს?
– “ოცნების” კრეტინიზმს საზღვარი აღარ აქვს – მეშვიდე წელია, ხელისუფლებაში არიან და ახლა იწყებენ კადრების მოზიდვას. კადრების მოზიდვა პარტიული ცხოვრების ყოველდღიური ნაწილია. რას ეძებენ ეს გაჭირვებულები, ვერ გეტყვით.
ბევრი დიდ იმედებს ამყარებს ირაკლი ღარიბაშვილზე. ამ ადამიანს რამდენიმე ფრაზის და ქმედებების გამო პატივს ვცემ, მაგრამ არ მაქვს იმედი, რომ ის რამეს გამოასწორებს.
ღარიბაშვილი რომ ნახავს, რა დღეშია მმართველი პარტია ჩავარდნილი, რა ფსიქოტიპის ხალხი ჩამოაყალიბდა იქ და რამდენი რამე აქვთ გაფუჭებული, შეიძლება “ოცნების” პირველი ოპოზიციონერი ეგ გახდეს.
აქამდე ამ გუნდში გაბატონებული იყო მონათმფლობელური, პატრონყმური ურთიერთობა. ეს ურთიერთობა ორ რამეს ეყრდნობოდა – ძალის შიშს და სიმდიდრის მოხვეჭის სურვილს.
ბიძინა ივანიშვილს დღეს ძალა აღარ აქვს, შიშის გრძნობა მის მიმართ დაკარგული აქვთ და მეორე, ხელისუფლებაში ჩამობრანძულად მისულმა “ოცნების” წევრებმა მიიღეს სიმდიდრე. ახლა დადგა ამ სიმდიდრის შენარჩუნების პროცესი.
ყველანაირად ცდილობენ, ეს ქონება შეინარჩუნონ, ამასთან უნდათ, რომ ხალხში გაესვლებოდეთ და ამის გამო ზოგიერთმა მათგანმა ოპოზიციონერობაც კი დაიწყო. ადრეც გითხარით ერთ-ერთ ინტერვიუში და ახლაც გავიმეორებ – ბიძინა ივანიშვილი მეფე ლირივით მარტო დარჩება.
ამის ნიშნები უკვე სახეზეა. ის ადამიანები, ქალი თუ კაცი, ვისაც მილიარდერმა ჩააცვა, დაახურა, დაბანა, აჭამან გვერდზე გახტნენ და ცდილობენნ ყველა ცოდვა ივანიშვილს აჰკიდონ. ასეთი რამე დაემართათ თავის დროზე შევარდნაძეს, სააკაშვილს, პატარკაციშვილს.
ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებით ერთ ექსკლუზივს გეტყვით. ამ ადამიანმა გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე ესემესით მომწერა იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებმაც მას უღალატეს.
სიაში ძირითადად პოლიტიკოსები ფიგურირებენ და კიდევ საზოგადოებისთვის რამდენიმე ცნობილი სახე. სხვათა შორის, ეს ადამიანები ყველა მთავრობას მოერგნენ, ყველა პირველი პირის გვერდზე ტრიალებდნენ. ამ ადამიანების ასეთი სტილი აქვთ, როგორც კი გაძღებიან და ნახავენ, რომ მაგათი მამა და მარჩენალი სუსტად არის, მაშინვე გარბიან სხვა პატრონის მოსაძებნად.
ბადრი პატარკაციშვილთან დიდი მეგობრობა არ მაკავშირებდა. ნაციონალების დროს მე საქართველოდან ვიყავი გაქცეული, მასაც მოუწია ქვეყნის დატოვება. ამან დაგვაახლოვა. ტელეფონით და ერთი შუამავლის მეშვეობით ვკონტაქტობდით. როგორც უკვე გითხარით, სიკვდილამდე ერთი თვით ადრე მომწერა იმ ადამიანების სია, ვინც მას უღალატა.
– ამ ადამიანების ვინაობას არ გაამხელთ?
– ახლა არა. იმას გეტყვით, რომ ძალიან ცნობადები არიან, მაგრამ ერთხელაც იქნება, მომივლის გურული სიფიცხე და ბადრისგან მოწერილ ესემესს გავასაჯაროებ. მან ამის უფლება მომცა. ეს ესემესი შენახული მაქვს. მუხანათური შენახვები ჩემი სტილი არ არის, მაგრამ ცხონებულმა მითხრა, ეს გვარები შეინახე, შეიძლება დაგჭირდესო.
ბატონ ბიძინასაც შეიძლება იგივე დაემართოს, რაც პატარკაციშვილს დაემართა. იმ ესემესში იმათი გვარებიც წერია, ვინც “ოცნების” ლიდერს ახლა გვერდით უდგას. დღეს მთელი “ოცნება” გასაქცევად არის მზად და საჭირო მომენტს ელოდებიან.
გვერდს ვერ ავუვლი პრემიერის სამარცხვინო განცხადებას. “ფრესკოს” მფლობელმა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, თუ როგორ ატერორებდნენ მას. ამაზე ჟურნალისტებმა მთავრობის მეთაურს ჰკითხეს, რეაგირება რატომ არ მოახდინეთო. მამუკა ბახტაძემ სამარცხვინო პასუხი გასცა, არ ვიცოდიო. იმ კაცმა თქვა, არ ვიცოდიო, რომელსაც პრესსამსახურში 100 ადამიანი მაინც ჰყავს.
ეს პრესსამსახურები საუბრის ცალკე თემაა. აქ ძირითადად ნაციონალების კადრები არიან დასაქმებული. ესენი რომ ჰყავთ დასაქმებული, მაგიტომაც არის საქმე კარგად. მაგიტომაც ელოდება მთელი საქართველო რუსთაველზე ლომების პარადის ნაცვლად ლგბტ თემის პრაიდს.
– ლგბტ თემის პრაიდის გარდა, საზოგადოება სამთავრობო ცვლილებებსაც ელოდება. ამ ცვლილებებზე რას ფიქრობთ?
– მთავრობა როგორც არ უნდა შეცვალონ, სიტუაციას ვერ გამოასწორებენ. მთელი უბედურება ისაა, რომ ვერ ხვდებიან, რაშია საქმე. მეშვიდე წელია, ხელისუფლებაში არიან და დღემდე ჰგონიათ, რომ მიშა სააკაშვილი ურევს სიტუაციას. იმის აღიარება არ უნდათ, რომ თავად არიან ხელიდან წასულები.
ირაკლი ღარიბაშვილს მართლა ძალიან უნდა სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ არ გამოუვა. მასთან დაკავშირებით ერთ ექსკლუზივსაც გეტყვით – “ქართული ოცნების” პირველი პირების დიდ ნაწილს მისი დაბრუნება არ უნდოდა.
მეტსაც გეტყვით, ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, მინისტრი მივიდა ივანიშვილთან და ვიღაცების და თავისი სახელით უთხრა, ღარიბაშვილი თუ დაბრუნდება, ჩვენ წავალთო.
ღარიბაშვილის დაბრუნების ამბავი რომ გაიგეს, “ოცნებაში” ნახევარზე მეტმა შიშით ფერი დაკარგა – ნერვიულობენ, ცვლილებებს დაიწყებს, ჩვენს ხალხს გაყრის და თავისას მოიყვანსო.
პირადად მე ღარიბაშვილს ვგულშემატკივრობ, გამეხარდება, თუ რამეს გააკეთებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, არაფერი გამოუვა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთი დახვედრა მოუწყვეს და მას რამის გაკეთების საშუალებას როგორ მისცემენ. ისე ცუდად არის საქმე, რომ საქმის გაკეთება ივანიშვილსაც გაუჭირდება.
მისი ამჟამინდელი მდგომარეობა პუშკინის ნაწარმოებს “ძუნწი რაინდი” მაგონებს. ამ ადამიანს ყველა, მათ შორის საკუთარი შვილიც, განუდგება და ერთადერთი ბედნიერება აქვს დარჩენილი – ჩადის ციხესიმაგრის სარდაფში და ოქრო-ბრილიანტით გადაჭედილ სკივრებს ეფერება.
ძალიან არ მინდა, რომ “ოცნების” ლიდერმა ამ რაინდის ბედი გაიზიაროს, მაგრამ იმდენი მოღალატე ჰყავს გარშემო, რომ შეიძლება ქონებაც კი დააკარგვინონ. ალბათ თავადაც ვერ ხვდება, რა ხალხი ჰყავს შემოკრებილი. ასეთი ხალხი რომ ჰყავს, მაგიტომაც დარჩება მეფე ლირივით მარტო.
– რამდენჯერმე თქვით, მეფე ლირივით მარტო დარჩებაო. აქამდე რა პროგნოზებიც გაქვთ გაკეთებული, გამართლდა და ვნახოთ, ეს პროგნოზიც თუ გამართლდება.
– მართლა ყველა ის პროგნოზი გამართლდა, რაც ჩვენმა პარტიამ ივარაუდა. ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ ჩვენ წინასწარმეტყველები ვართ. ჩვენ, უბრალოდ, ანალიზს ვაკეთებთ და მერე ვლაპარაკობთ.
ივანიშვილი რეალობას მოწყვეტილია. მისი მრჩევლების განცხადებებიც ძალიან საეჭვოა.
– რატომ არის საეჭვო?
– აბა დავაკვირდეთ, რა განცხადებებს აკეთებს ეს ხალხი ბოლო კვირეების მანძილზე. რაღაც ყოყმანით ლაპარაკობენ და ერთ ფრაზას იმეორებენ დაზეპირებულივით – თუ ასე გაგრძელდა….
კი მაგრამ 7 წელი კარგად რომ ძოვდით ივანიშვილთან, მაშინ რატომ არ გაგახსენდათ ეს ფრაზა? აბა “ოცნება” და მისი ლიდერი მყარად იდგნენ ფეხზე, სულ არ გაგახსენდებოდათ ფრაზა – თუ ასე გაგრძელდა.
მე რომ ამათი ცხოვრების სტილი, ბიოგრაფია და გაზულუქებული მადის ამბავი ვიცი, იმიტომ ვამბობ, რომ “ოცნების” ლიდერი მეფე ლირივით მარტო დარჩება. მისდა სამწუხაროდ, მას გვერდით არ ჰყავს ადამიანი, რომელიც რეალობას დაანახებს. ის მრჩევლები, ვინც გარს ახვევია, სიმართლეს არ ეუბნებიან და მაგიტომაც ემხობა ყველაფერი თავზე.
თქვენ შემთხვევითი გგონიათ, ბიზნესმებებმა ერთდროულად რომ დაიწყეს ბიზნესის რეკეტზე საუბარი? აქამდე ამასთან დაკავშირებით ხმას არ იღებდნენ, მაგრამ როგორც კი შესუსტდა “ოცნება” და მისი ლიდერი, მაშინვე დაიწყეს ყვირილი. ზვიად გამსახურდიას შემდეგ საქართველოში ბიზნესი სულ მთავრობაში იყო ჩართული და მთავრობა კიდევ ბიზნესში.
ეს რატომ ხდება იცით? ფილისტერულ საზოგადოებად ვიქეცით – ყველაფერს ვაფასებთ არა ისე, როგორც სინამდვილეშია, არამედ, როგორც გვაწყობს და როგორც ჩვენს ჯიბეს და მუცელს უნდა.
ხელისუფლებაში “ოცნების” მოსვლის შემდეგ ბანკებს და მიკროსაფინანსოებს სასათბურე პირობები შეექმნა. ასეთ კარგ პირობებში ისინი არასდროს ყოფილან – მთელი ქვეყანა გადაჭამეს, პროცენტებით გვახრჩობენ. მთელი ქვეყანა მათ ლანძღვაში იყო, მაგრამ როგორც კი ერთი ბანკირის მხარდაჭერა მოდური გახდა, ერთს არ წამოსცდენია, თუ რამხელა პროცენტები აქვს მის ბანკს.
ეს ერის და საზოგადოების ავადმყოფობაა. მე იმას არ ვამბობ, რომ გვერდით არ უნდა დავუდგეთ ამ ბანკირს, მაგრამ აქამდე იგივე ბანკირს სხვებთან ერთად მაღალი პროცენტების გამო რომ ვლანძღავდით, ახლა რატომ დავივიწყეთ ეს თემა? ასეთი მაღალი პროცენტი არც ყაზახეთშია, არც სომხეთში, არც აზერბაიჯანში.
ამ არანორმალურად მაღალ პროცენტზე ხმას არც მომავალში ამოიღებენ. იმიტომ, რომ მლიქვნელებად ვიქეცით, ქალი თუ კაცი ტელევიზორებში საცვლებს იფხრიწავენ ბანკირის დასაცავად.
ეს იმიტომ ხდება, რომ გრძნობენ, რაღაც მოხდება და ცდილობენ, წინასწარ შეუძვრნენ სხვას. სახეზე გვაქვს ახალი მიმდინარეობის ჩამოყალიბების პროცესი. ამ მიმდინარეობას ის ბიზნესინტელიგენცია აყალიბებს, რომელიც აქამდე ივანიშვილთან კარგად ძოვდა, მაგრამ ის გაცვდა იორღა ცხენივით და ახალი ლუკმა უნდა იშოვოს. ისინი მზად არიან, ბოლო წიხლი ჩააზილონ “ოცნების” დასუსტებულ ლიდერს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა