გლდანის ციხის თანამშრომელი თ.ჩ. 2 კვირის წინ დააკავეს

გლდანის ციხის თანამშრომელი თ.ჩ. 2 კვირის წინ დააკავეს“კურიერისთვის” ცნობილი ხდება, რომ დაკავებულია ე.წ. გლდანის ციხის თანამშრომელი. საქმე ეხება საპყრობილეში პატიმრებისთვის მობილური ტელეფონების შეტანის ფაქტს.

სპეცოპერაცია თბილისში ორი კვირის წინ ჩატარდა, თუმცა ამბავი ხელისუფლებამ დამალა.

როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აცხადებენ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მსჯავრდებულისათვი​ს აკრძალული საგნის – მობილური ტელეფონის – გადაცემისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიერ აკრძალული საგნის შენახვის ფაქტზე გამოძიება, 2019 წლის 22 თებერვლიდან მიმდინარეობს.

#8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი გ.ჩ. კი იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 13 მარტს დააკავა. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა. უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესი 15 მარტს გაიმართა.

გარდა ამისა, “კურიერის” ინფორმაციით, გლდანის ციხის თანამშრომელს აკრძალული ნივთი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტისთვის შეჰქონდა. უკანონო ნივთის შენახვის საქმეზე ბრალი წარედგინა ე.წ. ციხის მაყურებელს, პატიმარს.

ასევე “კურიერის” ინფორმაციით, გლდანის ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელს  მობილური ტელეფონი პატიმართან გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეჰქონდა და საქმის მასალებში სწორედ ეს თანხა – 2.500 ლარი – ფიგურირებს.

იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს, რომ დაკავებულია გლდანის ციხის თანამშრომელი აკრძალული ნივთის დაწესებულებაში შეტანის გამო და საქმეზე გრძელდება გამოძიება.

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყვნენ თუ არა თანამშრომლის უკანონო ქმედების შესახებ საქმის კურსში გლდანის ციხის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები.

რუსთავი 2