შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 მარტს გლდანში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძემ 12 მარტს დილით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი – წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1998 წელს დაბადებული ნ.ქ. და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1999 წელს დაბადებული კ.გ.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული და ნიღბიანი ბრალდებულები გლდანში „საქართველოს ბანკში“ შეიჭრნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფული მოითხოვეს. ბანკის თანამშრომლებმა განგაშის სიგნალით დაცვის პოლიცია გამოიძახეს. ბანკის ფილიალთან მისულ დაცვის პოლიციას თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს. სროლისას არავინ დაშავებულა.
ბრალდებულებმა, ბანკის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმამდე, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს 2 მოქალაქეს და კუთვნილი ავტომანქანა ჩამოართვეს. პოლიციის ოპერატიული რეაგირების შედეგად, თავდამსხმელები იძულებული გახდნენ, მძევლად აყვანილი ორივე მოქალაქე გაეთავისუფლებინათ და შემთხვევის ადგილიდან გატაცებული ავტომანქანით მიიმალნენ.
პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო გატაცებული ავტომანქანა, რომელიც ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს.
დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
დადგენილია დანაშაულში მონაწილე მესამე პირიც და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით, 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით“, – განაცხადეს შსს-ში.
12 მარტს სასამართლომ თავდასხმისთვის ბრალდებულ პირებს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა განუსაზღვრა.
დაცვის მხარე ორივე ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. კერძოდ, ერთ შემთხვევაში 20 ათასი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 30 ათასი ლარის ოდენობით. თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულებს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
წინასასამართლო სხდომა 2 მაისს დაინიშნა.
—
”მთელი ღამის განმავლობაში ბრალდებულები დაზარალებულებთან ერთად იმყოფებოდნენ და მათ არ ჰქონდათ თავზე არაფერი ჩამოფარებული. სწორედ ასე შეძლეს ბრალდებულთა ამოცნობა”, – ამის შესახებ „საქართველოს ბანკზე“ დაყაჩაღების საქმის პროკურორმა ირაკლი გულდედავამ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პროკურორის თქმით, თავდამსხმელებმა დაახლოებით 8.100 ევრო, 13.000 დოლარი და 10.000 ლარი გაიტაცეს.
„ბრალდების მხარემ პატიმრობა მოითხოვა ორივე ბრალდებულის მიმართ და სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობა გაიზიარა. სასამართლოში ჩვენ წარვადგინეთ გამოკითხვის ოქმები, ასევე არაერთი დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები.
დაცვის მხარე ცდილობდა, სასამართლო შეეყვანა შეცდომაში. ერთ-ერთ დაზარალებულს მას შემდეგ ჩამოაფარეს თავზე მაისური, რაც უკვე ბანკზე თავდასხმისთვის წავიდნენ. მანამდე მთელი ღამის განმავლობაში დაზარალებულებთან ერთად იმყოფებოდნენ და მათ არ ჰქონდათ თავზე არაფერი ჩამოფარებული.
ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, დაზარალებულის განმარტებით, ავტომობილში მოიხსნა ნიღაბი. სწორედ ასე შეძლეს მისი იდენტიფიცირება”, – განაცხადა პროკურორმა.
სხვა მოსაზრება აქვს ადვოკატ ლაშა მიქაუტაძეს.
”დაზარალებულების ჩვენებიდან ვიცით, რომ ყაჩაღებს ჰქონდათ ნიღბები, შესაბამისად, ისინი ნიღბიან ადამიანებს ვერ ამოიცნობდნენ”, – განაცხადა მან.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ ბრალდებას არ აქვს საკმარისი მტკიცებულება საიმისოდ, რომ ბრალდებულებისთვის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა გამოყენებულიყო.
„შეიძლებოდა გირაო ყოფილიყო გამოყენებული, რადგან ექსპერტიზებით არ მტკიცდება რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს დანაშაული. მათ მიმართ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა იმის გამო გამოიყენა სასამართლომ, რომ ბრალდებულები წარსულში ნასამართლევი იყვნენ.
ექსპერტიზის პასუხებით, შემთხვევის ადგილიდან დნმ არ არის ამოღებული. მხოლოდ ნიკა ქარსელაძის კვალი არის აღმოჩენილი ბანკში და ეს არ ნიშნავს რომ დამნაშავეა ვინმე. დაზარალებულების ჩვენებიდან ვიცით, რომ ყაჩაღებს ჰქონდათ ნიღბები, შესაბამისად, ისინი ვერ ამოიცნობდნენ ნიღბიან ადამიანებს”, – განაცხადა ადვოკატმა.
იპნ

