ირანელი რეპერის ემირ თათალოს კონცერტთან დაკავშირებით ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით მომღერალმა კონცერტის მსვლელობისას გაკეთებული განცხადებით, საქართველოს მოსახლეობას შეურაცხყოფა მიაყენა.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს დიმიტრი ლორთქიფანიძეს, გურამ ფალავანდიშვილის, ლევან ჩაჩუას და გურამ ქართველიშვილს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიედ ჯავადი შეხვდა.
აქციის ორგანიზატორები მომღერლის გამოსვლაზე პასუხისმგებლობას საელჩოს აკისრებდნენ და ახსნა-განმარტებას ითხოვდნენ.
ელჩის თქმით, მომღერალს საელჩოსთან, მათ შორის, მის კულტურულ ატაშესთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ერთადერთი კავშირი მათსა და გამომსვლელს შორის ეთნიკური წარმომავლობაა. შესაბამისად, საელჩო პასუხისმგებლობას ვერ აიღებს მომღერლის სიტყვებზე.
აქციის ორგანიზატორებმა მომღერლის გამოსვლის შემდეგ ელჩს პასუხი ირანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის სიტყებზეც მოსთხოვეს. მათი თქმით, როუჰანიმ ადრე განაცხადა, რომ კავკასია წლების განმავლობაში ირანის ნაწილი იყო და ის სუსტი მმართველების გამო დაიკარგა. ასევე საელჩოს ქართულენოვანი წარწერის გაკეთებაც მოსთხოვეს, რასაც ელჩი დასთანხმდა:
„ჩვენ არ ვიცით, ვინ შეუწყო ემირ თათალოს ჩამოსვლას ხელი და ვინ იყო ორგანიზატორი. ჩვენთვისაც ბევრი არაფერია მასზე ცნობილი. ეს პიროვნება არის კანონდამრღვევი ირანშიც. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ემირ თათალო გაქცეულია ირანიდან, შემდეგ ჩავიდა თურქეთში და იქიდანაც გააძევეს. როგორ მოხვდა საქართველოში, ეს უნდა ჰკითხოთ ადგილობრივ ხელისუფლებას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ირანის ხალხს უყვარს ქართველი ხალხი. ისტორიულად ბევრი გვაქვს საერთო. არც ერთი ირანელი თავს უფლებას არ მისცემს, საჯარო შეურაცხყოფა მიაყენოს ქართველ ხალხს.“- განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ირანელი რეპერის ემირ თათალოს კონცერტის ვიდეოს, გავრცელებულ რამდენიმეწუთიან ვიდეოს ადევს ტიტრები, თითქოს ირანელი რეპერი ამბობს „მარიხუანის მოწევა თუ მომინდება, კანონით მეკრძალება? და რომ მოვწიო, ქართველებმა რა @ლე უნდა მომჭამონ?“. აღნიშნულ ვიდეოს რამდენიმე აღმოსავლეთმცოდნე გამოეხმაურა, სპარსული ენის მცოდნეების თქმით, მომღერლის სიტყვები არასწორად არის თარგმნილი.
მიუხედავად სპარსული ენის მცოდნეების მიერ გავრცელებული თარგმანებისა საზოგადოების იმ ჯგუფმა, რომელიც ანტიირანული და ანტითურქული გამოსვლებით ადრეც გამოირჩეოდა, ირანის საელჩოსთან საპროტესტო აქციას გამართა ირანის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან საპროტესტო აქცია დიმიტრი ლორთქიფანიძემ დააანონსა, რომელიც „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორია.
ნიუპოსტი

