ივანიშვილი პრემიერად გიორგი ბაჩიაშვილს ნიშნავს?

ივანიშვილი პრემიერად გიორგი ბაჩიაშვილს ნიშნავს?მმართველ პარტიაში ისეთი ამბები მიდის, დედა შვილს არ აიყვანს ხელში. “ოცნების” შემქნელი ვითარების გამოსწორების მიზნით ყოველ დილით მიდის პარტიის ოფისში და თათბირებს ატარებს.
მარტო თათბირების ჩატარება საქმეს არ შველის, ამიტომაც ივანიშვილმა გადაწყვიტა, რაღაც ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
შექმნილი ვითარებიდან ყურადღების გადატანის მიზნით სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. უკვე დიდი ხანია მიდის საუბარი იმაზე, რომ მთავრობის მეთაური გიორგი გახარია იქნებოდა. “ახალი თაობა” იმის შესახებაც წერდა, რომ შს მინისტრი ამ შეთავაზებას არ თანხმდებოდა, მაგრამ “ოცნების” მამა-მარჩენალი თავს არ ანებებდა.
მამუკა ხაზარაძის სკანდალური განცხადების შემდეგ, რომ გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო, შს მინისტრის გაპრემიერება გამოირიცხა.
“ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ გახარიას გაპრემიერება ივანიშვილმაც გადაიფიქრა და ახლა მთავრობის მეთაურის პოსტზე თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილის დანიშვნას აპირებს.
ბაჩიაშვილის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე 2015 წელს, ორაკლი ღარიბაშვილი მოულოდნელი გადადგომის შემდეგაც განიხილებოდა, თუმცა, მაშინ მთავარმა მეოცნებემ არჩევანი გიორგი კვირიკაშვილზე შეაჩერა.
სამსახურის გარეშე არც მოქმედი პრემიერი მამუკა ბახტაძე დარჩება. “ოცნებასთან” დაახლოებული წყარო აცხადებს, რომ ის დეპუტატი გახდება.
იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, მთაწმინდის ოლქი დეპუტატის გარეშე დარჩა. ამ ოლქში მმართველ პარტიას ჯერ თავისი კანდიდატურა არ წამოუყენებია.
“ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობას” უყვება, რომ მთაწმინდაზე მმართველი პარტიის კანდიდატი, შესაძლოა, სწორედ მამუკა ბახტაძე იყოს.
“ოცნების” კულუარებში კარგად ინფორმირებული წყაროს ინფორმაციითვე. მამუკა ბახტაძე შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარედაც კი მოგვევლინოს, თუ 2020 წლამდე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ გახდა აუცილებელი.\
არავისთვის და მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილისთვის უცხო არ არის, რომ პარლამენტში ირაკლი კობახიძეს დეპუტატები დასანახად ვერ იტანენ.
მის შესაძლო იმპიჩმენტზე ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო საუბარი. ბესელიას სკანდალების შემდეგ ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
ირაკლი კობახიძე რომ თავის კარიერას პარლამენტში კარგად არ დაასრულებს, ამაზე ირმა ინაშვილის განცხადებებიც მეტყველებს. პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ კობახიძის გადაყენებას.
– დიდი ხანია ვსაუბრობ, რომ პარლამენტში მენეჯმენტი და მართვის სტილი შესაცვლელია. პარლამენტს პარლამენტის თავმჯდომარე მართავს. ვიცე-სპიკერებთან არავითარი კოორდინაცია არ არის და მთელი ამ ორი წლის განმავლობაში არ ყოფილა. ამაზე ორი წელია ვსაუბრობ, არაერთხელ ვთქვი, რომ პარლამენტის მენეჯმენტი უნდა შეიცვალოს. ამაზე საუბარი ახლა არ დავიწყე. თუ კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება, მე პირადად ირაკლი კობახიძეს ბიუროზე ვუთხარი, რომ ამას მხარს დავუჭერ, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში ირმა ინაშვილმა.
ინფორმირებული წყარო ამბობს, რომ არაა გამორიცხული, პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვოს. ეს სურვილი, ცხადია, ივანიშვილისგან იქნება ნაკარნახევი.
გავრცელებული ინფორმაციით, არაა გამორიცხული, პარლამენტის სპიკერის რანგში პოლიტიკაში მეორედ მოსული ირაკლი ღარიბაშვილი ვიხილოთ. “ოცნებაში” არის მოსაზრება, რომ კარგი იქნება თუ ღარიბაშვილი იყრის კენჭს მთაწმინდაზე, გახდება დეპუტატი და მერე ირაკლი კობახიძის ადგილს დაიკავებს.
ღარიბაშვილის პარლამენტის შესვლა კატეგორიულად გამორიცხა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.
“ოცნებაში” ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობაზეც მიდის საუბრები. მეორე ვერსიით, კი ამ თანამდებობაზე ალეკო ტაბატაძე განიხილება, რომელსაც ამ მომენტისთვის სუსის უფროსის მოადგილის პოსტი უკავია.
რაც შეეხება მოქმედ შს მინისტრს, გახარია, შესაძლოა, სუსის უფროსად ვიხილოთ. მისი სუსში გადასვლა წესით, არავისთვის უნდა იყოს მოულოდნელობა. ბოლო პერიოდში ამ უწყებაზე მან დაამყარა კონტროლი, რაზეც მას ივანიშვილის კურთხევა ჰქონდა.
სუსის მოქმედი უფროსი ვახტანგ გომელაური ან სახლში წავა, ან ბიზნესში.
გავრცელებული ინფორმაციით. თანამდებობას დატოვებს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულიაც. რომელიც თავისი უცნაური განცხადებებით მთელ ქვეყანას ნერვებს უშლის.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა