კახა კუკავა – “კობახიძეც, ვოლსკიც და თალაკვაძეც ჩვენსკენ გადმოვლენ”

კახა კუკავა - "კობახიძეც, ვოლსკიც და თალაკვაძეც ჩვენსკენ გადმოვლენ"ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილება ოპოზიციის გაერთიანების საკითხი. განსაკუთრებით ვნებათაღელვა გამოიწვია ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ კახა კუკავა და ნინო ბურჯანაძე ნაციონალებს შეეკვრნენ.
რა საერთო აქვს კახა კუკავას ნაციონალებთან? მართალია თუ არა ეს მოარული ხმები, რას გეგმავს ოპოზიცია? – “ახალი თაობის” ამ და სხვა კითხვებს “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პასუხობს.
– ბატონო კახა, დიდი აჟიოტაჟი ატყდა, რომ კახა კუკავა ნაციონალებთან ერთიანდებაო, ეს აგენტიო, ეს ვაი ოპოზიციონერიო, რა შეფასებებს აღარ შევხვდით. რეალურად რა ხდება, მართლა ნაციონალებთან ხართ ალიანსში?
– მე ვნახე ეს ინფორმაციები და შემდეგ შეფასებები სოციალურ ქსელში და ამაზე ძირითადად მუშაობენ უშიშროების პრესსამსახურები და მათი ტროლები. ნეიტრალური ადამიანის მხრიდან მე ასეთი კომენტარი არ მინახია და ეს არ არის ბუნებრივი განწყობა. იმიტომ, რომ ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ არანაირ კოალიციაზე, არანაირ პარტნიორობაზე საუბარი არ არის.
– რაზეა საუბარი?
– ჩვენც ვამბობთ, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და ამას ვამბობთ 2004 წლიდან და ნაციონალური მოძრაობაც ამბობს, რომ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა.
– ამ ერთი კონკრეტული იდეის გარშემო ერთიანდებით?
– რა თქმა უნდა. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, აქ არანაირი გაურკვევლობა არ მომხდარა, უბრალოდ, უშიშროებისგან მიიღეს დავალება სახელისუფლო სააგენტოებმა, რომ ეს სისულელეები წერონ სოციალურ ქსელში. ეს განსაკუთრებით კომიკურია იმ ფონზე, როდესაც “ქართული ოცნება” თავიდან ბოლომდე 100%-ით გადაიქცა ნაციონალურ მოძრაობად. ნაციონალები ეძებონ ზარდიაშვილის, მათიკაშვილის და ოხანაშვილის კომიტეტებში.
– რამდენად გაქვთ იმის იმედი, რომ თქვენი მცდელობა გაამართლებს, რომ შეცვლით საარჩევნო სისტემას?
– აუცილებლად შევცვლით. ეს დროის მოითხოვნაა. მე ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის განწირული დემონტაჟისთვის. მთავარი არის, რომ ჩვენ მოვახერხოთ ამ ყველაფრის სწორი მართვა, რომ ეს მოხდეს ქაოსის გარეშე, არეულობის გარეშე, ქუჩის აქციების გარეშე და ერთი მანკიერი რეჟიმის ნაცვლად არ მივიღოთ მეორე მანკიერი რეჟიმი.
იმაში, რომ ივანიშვილი წამსვლელია, ეჭვი არ მეპარება და ამას რაიმე განსაკუთრებული მცდელობაც კი არ უნდა. ყველა ხედავთ, რომ თვითგანადგურებით არის დაკავებული ეს ადამიანი და რამდენ დეპუტატსაც შეხვდა, ყველა თავქუდმოგლეჯილი გარბის საპარლამენტო უმრავლესობიდან.
ჩვენ როდესაც პროპორციულ სისტემაზე ვსაუბრობთ, არის ერთი მთავარი არგუმენტი, რომელიც საყოველთაოდ ყველასთვის არის გასაგები.
– რომელი არგუმენტი?
– ის, რომ პროპორციული სისტემა გულისხმობს 2020 წელს ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას. მაჟორიტარული სისტემა კი გულისხმობს, იმას, რომ ჩვენთან იქნება იგივე სცენარი, რაც ხდება ახლა ვენესუელაში, როცა ხელისუფლებას არ უჭერს მხარს ხალხის უმრავლესობა, მაგრამ მას აქვს მანდატების უმრავლესობა. შემდეგ ხალხი გამოდის ქუჩაში და იწყება ის მასკარადი, რაც საქართველოშიც გვაქვს ნანახი არაერთხელ.
აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა იცოდეს, რომ პროპორციული სისტემა არის სტაბილურობის და მშვიდობის გარანტი.
– და ეს არანაირად არ არის ალიანსი ნაციონალურ მოძრაობასთან?
– რა სისულელეა! რანაირად არის ალიანსი ნაციონალურ მოძრაობასთან, როდესაც ჩვენ ამ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას როცა ვითხოვდით, მაშინ ნაციონალურმა მოძრაობამ რეზინის ტყვიები დაგვიშინა 2007 წელს.
ახლა, როცა თვითონ აღმოჩნდნენ ოპოზიციაში, შეიცვალეს პოზიცია. ნაციონალური მოძრაობის პოზიცია გასაგებია, როდესაც ოპოზიციაში ხარ, ყველას აწყობს პროპორციული სისტემა. ბევრად სამარცხვინოა ხელისუფლების პოზიცია, რომელიც შიმშილობდა მაჟორიტარული სისტემის შესაცვლელად სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში და დღეს, როდესაც თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ხედავთ, თუ როგორი კატეგორიულობით უარყოფენ საკუთარ მოთხოვნებს.
აქ პოლიტიკის გარდა, მორალური დისკომფორტი უნდა აწუხებდეთ.
– რა ხდება მმართველ გუნდში? ყოველდღე ტოვებენ დეპუტატები უმრავლესობას. საით მიდის პროცესები?
– ჩვენ ეს ყველაფერი ერთხელ უკვე ნანახი გვაქვს. შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში, როდესაც მიმდინარეობდა რეჟიმის რღვევა. ამ დროს თვითგადარჩენის ინსტინქტი კი არ ერთვებათ პირველ პირებს, არამედ თვითგანადგურების.
დღესაც ძალიან ადვილია ამ კრიზისის დაძლევა ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური ნაბიჯების შემთხვევაში. დღესაც ივანიშვილს ძალიან ადვილად შეუძლია ამ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა და 2020 წელს ოპოზიციაში გადასვლა და არა – ციხეში წასვლა. თუმცა რა იყო შევარდნაძის პრობლემა, ყველას გვახსოვს – ბალუაშვილი რომ დანიშნა გადადგომამდე ორი დღით ადრე უშიშროების საბჭოს მდივნად, არაადეკვატურობა.
– ვეღარ აკონტროლებს ივანიშვილი სიტუაციას?
– ვერ აკონტროლებს არა, თვითონ არის საინფორმაციო ტყვეობაში და აქედან გამომდინარე იქცევა არაადეკვატურად.
საპარლამენტო უმრავლესობაში განწყობა არის ასეთი, რომ მურუსიძის და ჩინჩალაძის სიებს მხარს ვერ დავუჭერთ. ამ დროს ივანიშვილი იბარებს დეპუტატებს და ეუბნება მათ, რომ თუ მურუსიძეს და ჩინჩალაძეს მხარს არ დაუჭერთ, მაშინ უმრავლესობიდან გაგრიცხავთ. ეს იწვევს იმას, რომ მირიან წიკლაური, კობა ნარჩემაშვილი და კიდევ ბევრი დეპუტატი არის ისეთი, რომელსაც არანაირი სურვილი არ ჰქონდა ოპოზიციაში წასვლის, რომ არა ბიძინა ივანიშვილის არაადეკვატური დამოკიდებულება.
– და მიდიან ეს ადამიანები ოპოზიციაში?
– მიდიან. ბიძინა ივანიშვილი აიძულებს მათ. ეუბნება, რომ ან იქნებით კობახიძის მონები, რასაც კობახიძე გეტყვით და თითს დაგიქნევთ, იმას გააკეთებთ, მიიღებთ ყველაზე ბინძურ გადაწყვეტილებებს, ან გაგრიცხავთ “ქართული ოცნებიდან”.
– როგორ შეძლო კობახიძემ ამხელა ნდობის მოპოვება ივანიშვილის კარზე?
– იმიტომ, რომ ის თვითონ არის ივანიშვილის მონა. ის არის ადამიანი, რომელსაც არა აქვს არანაირი პიროვნული პრინციპები. ის არის ისეთივე ტიპაჟი, როგორიც ჩვენ გვინახავს ყველა მთავრობაში. ვაზელინები და პლასტელინები, რომლებიც ნებისმიერი მთავრობის ნებისმიერ კაპრიზს ერგებიან.
ოღონდ პლასტელინებს და ვაზელინებს აქვთ ერთი თვისება – სტაბილურ ვითარებაში, ვაზელინი შეიძლება დიდ პრობლემას არ ქმნის, მაგრამ კრიზისულ სიტუაციაში ვაზელინი არის აბსოლუტურად გამოუყენებელი. ისინი კრიზისის დროს იკავებენ ნეიტრალურ პოზიციას და შემდეგ გამარჯვებულის მხარეს გადადიან.
ივანიშვილი ძალიან მალე დაინახავს, რომ კობახიძეც, ვოლსკიც და თალაკვაძეც ძალიან მალე ჩვენ რიგებში იქნებიან. ოპოზიციის ლიდერები კი არ გახდებიან, მაგრამ ივანიშვილს აღარ დაიცავენ და ოპოზიციის მხარეს გადავლენ კრიზისის დროს.
– ამ სიტუციაში მივალთ არჩევნებამდე?
– სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე, რომ ამოცანა არის სწორედ ეს. ივანიშვილის წასვლა, ეს გარანტირებული ამბავია, მაგრამ ის, რომ ეს მოხდეს არჩევნების გზით, მშვიდობიანი გზით, პროპორციული სისტემით, ევროპული სტანდარტით, ეს ნამდვილად არის ამოცანა და სწორედ ამიტომ ვატარებთ ამ ღონისძიებებს, რომ უნდა მოხდეს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება.
ეს არის იმისი გარანტია, რომ არ მოხდება არჩევნების შედეგების საბოლოო ვერდიქტის დადგენა ქუჩაში. ჩვენ 90-იანი წლებიდნ მოყოლებული შევეჩვიეთ იმას, რომ ყველა არჩევნები, რომელიც ხელისუფლების შეცვლას იწვევს, საბოლოო ჯამში წყდება ქუჩაში, მაგრამ თუ გადავხედავთ ევროპულ პრაქტიკას, ასეთ ქვეყნებს უწოდებენ ბანანის რესპუბლიკებს. იმიტომ, რომ ევროპაში ქუჩის ფაქტორი არ არის გადამწყვეტი საარჩევნო კამპანიაზე. ჩვენთან კი არჩევნების ბედი წყდება საპროტესტო აქციებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვართ ბანანის რესპუბლიკა.
ამას როგორმე თავი უნდა დავაღწიოთ, ეს არის ძალიან რთული ამოცანა და ამისთვის არამარტო ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც მზად არ არის.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა