კამპანიას „აიცილე ლევან მურუსიძე“ ამ დროისთვის 70 ადვოკატი უჭერს მხარს

კამპანიას „აიცილე ლევან მურუსიძე“ ამ დროისთვის 70 ადვოკატი უჭერს მხარსკამპანია „აიცილე ლევან მურუსიძის“ ფარგლებში, ადვოკატების ნაწილმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

პეტიციას ამ დროისთვის 70- მდე ადვოკატი უჭერს მხარს, თუმცა კამპანიის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ ეს რიცხვი გაიზრდება. ამასთან დაკავშირებით განცხადება დღეს ადვოკატებმა გიგი სისვაძემ, სალომე აბესლამიძემ და ალექსანდრე კობაიძემ გააკეთეს.

„პირველ რიგში, მინდა, ყველა კოლეგას ვთხოვო, მოვუწოდო შემოუერთდეს ამ კამპანიას. მართლმსაჯულების დღის წესრიგი ჩვენს ხელშია, უნდა დავამარცხოთ ბოროტება და არ უნდა მივცეთ ამ ადამიანებს, რომლებიც სათავეში არიან ჩვენი მართლმსაჯულების საშუალება, რომ მათ კვლავ განახორციელონ ისეთი უმსგავსო ქმედებები, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს ახორციელებდნენ! ეს ადამიანები ცდილობენ, რომ კარგ ტიპებად წარმოაჩინონ თავი, მაგრამ რეალობაში ეს ასე არ იქნება. კამპანიამ უკვე ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო და გადავიდა რეგიონებში, აჭარიდან, ქუთაისიდან გვიერთდებიან და მხარს გვიჭერენ. ჩვენ გვინდა, რომ „ციხე გავტეხოთ შიგნიდან“ და დარწმუნებული ვარ, მათი დღეები დათვლილია. გვრიტიშვილი და სხვები ცინიკურად მოგვიხსენიებენ და ჩვენ დავანახებთ ძალას, თუ რა შეგვიძლია ჩვენ, რა შეუძლია ადვოკატს”, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ადვოკატები ხელმოწერების შეგროვების შემდეგ დოკუმენტს საელჩოებსა და პარლამენტსაც გადაუგზავნიან.

ახალი საპროტესტო ტალღა საეჭვო რეპუტაციის მოსამართლეების მიმართ რამდენიმე დღის წინ დაიწყო- ადვოკატები, რომლებიც არ ენდობიან მოსამართლეთა ნაწილს, სასამართლო პროცესებზე მათ აცილებას მოითხოვენ. საუბარია 10 -მდე მოსამართლეზე , როგორც სააპელაციოს სასამართლოს მოსამართლეებზე – ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეზე, ასევე იუსტიციის საბჭოს იმ რვა მოსამართლე წევრზე, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა პარლამენტში წარდგენილ სიას მხარი დაუჭირა. ეს მოსამართლეები არიან: გიორგი მიქაუტაძე, ვასილ მშვენიერაძე, სერგო მეთოფიშვილი, ირაკლი შენგელია, რევაზ ნადარაია, ირაკლი ბონდარენკო, დიმიტრი გვრიტიშვილი და თამარ ონიანი.