ხონის ფსიქიატრიულის ყოფილი პაციენტი ქ.ბ. კლინიკაში გარდაიცვალა

ხონის ფსიქიატრიულის ყოფილი პაციენტი ქ.ბ. კლინიკაში გარდაიცვალახონის ფსიქიატრული დაწესებულების ყოფილი პაციენტი, რომელიც კლინიკაში იყო მოთავსებული, გარდაიცვალა. “ჰოსპიტალ სერვისის” ექიმის ტარიელ კუხიანიძის ინფორმაციით, პაციენტი ცოტა ხნის წინ დაიღუპა.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია გარდაცვლილის ოჯახი. ექიმის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს და ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტზე განხორციელებული შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

“ჰოსპიტალ სერვისის” კლინიკაში მოთავსებული ქალის ოჯახის წევრების თქმით, პაციენტს ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სცემეს.

“ჩემი და არის ნაცემი, მოგლეჯილი აქვს ყური და ამ დრომდე კლინიკაშია. ამას ასე არ დავტოვებთ“,-აცხადებს პაციენტის და ნინო ბიგვავა.

ხონის ფსიქიატრიულში ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ ქ.ბ.-ს ჰქონდა ეპილეფსიური გულყრები და დაზიანებები წაქცევის შედეგად მიიღო.