ხვალ რომში ნაციონალები და “ოცნება” ერთმანეთს დასცხებენ? – “ბიძო, შუამავლები ფულს გიტეხავენ”

ხვალ რომში ნაციონალები და "ოცნება" ერთმანეთს დასცხებენ? - "ბიძო, შუამავლები ფულს გიტეხავენ"როგორც ძველები იტყოდნენ, ყველა გზა რომში მიდის და ქართული პოლიტიკაც მარადიული ქალაქის გზას დაადგა. 3 მარტს რომში საქართველოს მესამე პრეზიდენტი ემიგრანტებთან გეგმავს შეხვედრას. ამ შეხვედრის ჩაშლას აპირებს მმართველი პარტია. ეს კი იმის წინაპირობას იძლევა, რომ 3 მარტს რომი გლადიატორების შერკინებას იხილავს.
ლიეჟში “ქართულმა ოცნებამ” მრავლად მიავლინა ზონდერები და მაკივარი ქალები. მათ ტოლი არც ნაციონალების ჯანიანმა მხარდამჭერებმა დაუდეს და ბელგია მათი შერკინებით დღემდე გაოგნებულია.
გაოგნება ელოდება რომსაც. მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, “ქართული ოცნება” მსოფლიო დედაქალაქში ჯანიანი კაცების და მკივანი ქალების გაგზავნას აღარ აპირებს.
– საქართველო პატარაა და ყველა ერთმანეთს იცნობს, თბილისიდან ევროპაში სულ რამდენიმე რეისი მიფრინავს და უნდათ თუ არა ქოცებს ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად მოუწევს გამოფრენა.
ასე მოხდა ლიეჟის შეხვედრის დროსაც. იმ შეკრების ჩასაშლელად ივანიშვილმა თბილისიდან აფრინა დესანტი. მათმა დიდმა ნაწილმა აქედანაც და იქედანაც ჩვენთან ერტად იმგზავრა. ყველა მათგანი გავშიფრეთ.
ამან ქოცებს სერიოზული უხერხულობა შეუქმნა. ამიტომაც გადაწყვიტეს ტაქტიკა შეცვალონ და ახლა ევროპაში მცხოვრებ ქართველებში ეძებენ ქოცებს და მათი დახმარებით უნდათ რომ მიშას და ემიგრანტების შეხვედრა ჩაშალონ, – განაცხადა “ახალ თაობასთან” საუბარში ყოფილმა დეპუტატმა მეგი გოცირიძემ.
ეს უკანასკნელი ლიეჟის შეხვედრაზე დასასწრებად თბილისიდან ჩაფრინდა და როგორც თავად ამბობს, რამდენიმე ქოცაქტივისტთან ერთად მოუწია ფრენამ.
მეგი გოცირიძის თქმით, ივანიშვილის მზაკვრულ ტვინში კიდევ ერთი მზაკვრული გეგმა მომწიფდა.
– ლიეჟში რომ სამარცხვინო ცირკი მოგვიწყვეს, ეგონათ, რომ ემიგრანტებთან შეხვედრები აღარ გაგრძელდებოდა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ქოცები კარგად ხედავენ, თუ როგორ ხვდებიან მიშას მოწოდებას ქართველი ემიგრანტები. ხელისუფლება იძულებულია, რამე პროვოკაცია მოიფიქრონ. ივანიშვილის გაღუნულ ტვინში მზაკვრული გეგმა დაიბადა – ხალხს ატყუებენ, თითქოს რომში ვინც ჩავა, იმათ სააკაშვილი ფულს გადაუხდის, – ამბობს გოცირიძე.
ამ მზაკვრული გეგმის თაობაზე ერს მიხეილ სააკაშვილმაც ამცნო.
– ჩვენმა ოპონენტებმა ვერაფერი რომ ვერ დაგვაკლეს და ვერ შეაჩერეს მოძრაობა, მიმართეს ახალ, მათი ჭკუით მზაკვრულ ხერხს. სთავაზობენ ჩვენს თანამემამულეებს იტალიის სხვადასხვა ქალაქებში უფასო ავტობუსებს და ფულს 130-დან 300 ევრომდე, რომში ჩამოსაყვანად და ფორუმზე დასასწრებად. ვითომცდა მე ვიხდი ამ ფულს.
მადლობა ღმერთს, მიხეილ სააკაშვილს ფულის გადახდა არ სჭირდება თავისი მხარდამჭერებისთვის და ეს გამოჩნდება კვირას რომში.
კიდევ ერთხელ, თუ ვინმე ჩემი სახელით გთავაზობთ ფულს ფორუმზე დასასწრებად, გაფრთხილდით, საქმე გაქვთ ოლიგარქის კრიმინალ დამქაშებთან.
შევხვდებით რომში, – დაწერა სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციითვე, რომში მათი შეკრების საწინააღმდეგოდ კონტრაქციაა დაგეგმილი. რომლის მონაწილეებსაც, მესამე პრეზიდენტის თქმით, ფულს ივანიშვილი თავისი ჯიბიდან უხდის.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, “ოცნების” ლიდერს თანაპარტიელები ფულს უტეხავენ. მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ იტალიაში მისი საწინააღმდეგო პროვოკაციები თბილისის მერმა მოამზადა, რომელმაც ბოლო რამდენიმე დღე მილანში გაატარა.
“ბიძო, შუამავლები 70 ევროს გიტეხავენ და ქენი რამე, თორემ 30 ევროთი რომში პიცას თუ შეჭამენ და მადლიერიც არ დაგრჩება…და კალა, რომელმაც უკვე მოაგვარა ყველა თბილისელის პრობლემა, ბოლო რამდენიმე დღე გაატარა იტალიაში და ვითარება მოამზადა ჩემი ჩასვლისთვის”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა