კობა დავითაშვილი – დეკანოზი გიორგი მამალაძე მეუფე პეტრეს აშანტაჟებს

კობა დავითაშვილი - დეკანოზი გიორგი მამალაძე მეუფე პეტრეს აშანტაჟებსე.წ. “ციანიდის საქმეზე” ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს აშანტაჟებს. აღნიშნულის შესახებ ყოფილმა პარლამენტარმა კობა დავითაშვილმა “ტვპირველის” ეთერში, გადაცემა “პირველებში” განაცხადა.

როგორ დავითაშვილი განმარტავს, დეკანოზი მეუფე პეტრეზე იმგვარ ინფორმაციას ფლობს, რითაც შესაძლოა, მიტროპოლიტი საპატიმროში მოხვდეს. ამიტომაც, მეუფე პეტრე ავრცელებს ხმებს იმის შესახებ, რომ  საპატრიარქოში  კორუფციაა.

“დეკანოზი  გიორგი მამალაძე ეკლესიას და საპატრიარქოს კი არ აშანტაჟებს, აშანტაჟებს მეუფე პეტრეს და ეუბნება, რომ მან ძალიან დიდ ხანს ითმინა და შესაძლოა, დაასახელოს ის სასულიერო პირები, რომლებიც დეკანოზის ჩანაწერებში  ფიგურირებენ.  აქ საუბარი მხოლოდ ერთ ადამიანზე არ არის. დეკანოზისგან შანტაჟი მიდის  სწორედ მეუფე პეტრეს მისამართით, თუ არ გამომიყვანთ აქედან, მოგისვამთ  გვერდითო. ჩვენ შანტაჟის ორი ობიექტი და მოშანტაჟე გვყავს. დეკანოზი აშანტაჟებს მეუფეს, ხოლო  მეუფე ავრცელებს ხმებს საპატრიარქოში კორუფციააო. მეუფე პეტრე საპატრიარქოს წინააღმდეგ წარმოებული შანტაჟის თანამონაწილეა”, – აცხადებს კობა დავითაშვილი.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. ქართულმა სასამართლომ დეკანოზს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დეკანოზმა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გაასაჩივრა.
მიმდინარე წლის 13 თებერვალს მამა გიორგი მამალაძემ საპატიმროდან სკანდალური წერილი გამოაგზავნა, წერილის ადრესატი ოთხი მეუფე  – პეტრე, დიმიტრი, დავით ალავერდელი და მამა ანდრია გვაზავა იყვნენ. წერილის შინაარსი არც ერთ მათგანს არ გაუსაჯაროებია. მეუფე პეტრე აცხადებს, რომ წერილის შინაარსს არასდროს გაამხელს და რომ მისი  განხილვა მხოლოდ სინოდის სხდომაზე უნდა მოხდეს.

2020ნიუსი