კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენ გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით

კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენ გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდითსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველ გუნდში დაპირისპირებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ყოფილი თანაგუნდელები ამბობენ, რომ დაპირისპირებაში ბიძინა ივანიშვილი დგას ირაკლი კობახიძის გვერდით – მიმართეს ჟურნალისტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს. საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ როცა გუნდს ჰყავს ლიდერი, გუნდის წევრები ლიდერთან ერთად უნდა დადგნენ.

„ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენ გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით, რადგან ის არის პარტიის ლიდერი. ასე მარტივადაა ყველაფერი და ბუნებრივია, სხვა ალტერნატივა ამას არ აქვს. როცა გუნდს ჰყავს ლიდერი, ბუნებრივია, გუნდის წევრები უნდა დადგნენ გუნდის ლიდერთან ერთად. ეს არის რეალური სურათი და ამას შეტრიალება არ სჭირდება. არასწორია ამ სურათის შეტრიალება“, – თქვა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებისა და ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესების გამო “ქართული ოცნება” რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, რის შედეგადაც პარტიამ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა დაკარგა. ეს პროცესი მმართველი ძალის ირგვლივ ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 10-კაციანი სია საჯარო გახდა. 21 იანვარს უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს.