ლევან გოგიჩაიშვილი – “მოხდა აფეთქება, სოცმუშაკთა 99% გაფიცულია“

ლევან გოგიჩაიშვილი - "მოხდა აფეთქება, სოცმუშაკთა 99% გაფიცულია“პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა – ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და დავით ჭიჭინაძემ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შესაძლოა, პარლამენტში დაიბარონ.

როგორც გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სოციალურმა მუშაკებმა საყოველთაო გაფიცვა დაიწყეს. დეპუტატის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში შესაძლოა, ინტერპელაციის წესით ან საკომიტეტო მოსმენაზე დაიბარონ. დეპუტატის განცხადებით, ყველაფერი დამოკიდებულია მოლაპარაკებების შედეგებზე, რომელიც უწყების ხელმძღვანელობის მონაწილეობით ამ წუთებში მიმდინარეობს.

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, აღიშნული მიმართულებით უწყებაში კრიზისია, რასაც გაფიცულთა რაოდენობა ადასტურებს.

„ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა განცხადებები, რაც არ იყო მისაღები. მაგალითად, განცხადება, რომ მოხდებოდა სოცმუშაკების ჩანაცვლება, არადა ამ ადამიანებს აქვთ ისეთი მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილება შესაძლებელია და ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნების გამოხატვა. მისასალმებელია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა მოლაპარაკებების გზით საუბარი, თუმცა იმედია, რომ ეს მოლაპარაკებები არ დასრულდება იმ შედეგით, როგორც ეს იყო მედიაციასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ არის კრიზისი ამ მიმართულებით, მოხდა აფეთქება. ვინაიდან დასაქმებულ სოცმუშაკთა 99% გაფიცულია,“ – აღნიშნა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დეპუტატ ბექა ნაცვილიშვილის განცხადებით, კი მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ ამ მიმართულებით პოლიტიკას გადახედოს და დააკმაყოფილოს ის ელემენტარული მოთხოვნები, რომელიც გაფიცულ სოცმუშაკებს აქვთ და რომლის შესრულება პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

იპნ