ლევან ხაბეიშვილი” – მთაწმინდა შეიძლება რუსთაველზე ჩამოწვეს”

ლევან ხაბეიშვილი" - მთაწმინდა შეიძლება რუსთაველზე ჩამოწვეს"დედაქალაქის მერიის კურთხევით, სამშენებლო კომპანიამ ტვერელის ეკლესიას ძირი გამოუთხარა. საზოგადოების და ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, მშენებლობა არ ჩერდება. სამშენებლო კომპანიას ჯერ მერის მოადგილე ილია ელოშვილი გადაეფარა ამბრაზურასავით, 27 მარტს კი მათი დაცვა საკუთარ თავზე აიღო კახა კალაძემ.
ტვერელის ეკლესიისთვის ძირის გამოთხრის ოპერაციის მოწინააღმდეგეთა რიგებშია საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი. ეს უკანასკნელი კალაძეს სერიოზულად უშლის ხელს და ნერვებს. დეპუტატმა გადაწყვიტა, რომ დედაქალაქის მთავრობის სხდომას დასწრებოდა.
ხაბეიშვილს რომ ასეთი სურვილი გაუჩნდებოდა, ამას კალაძე მიხვდა და მის შესაჩერებლად თადარიგი დაიჭირა – მერიაში მას დაცვის ცოცხალი კედელი დაახვედრა.
დეპუტატი მართალია მთავრობის სხდომაზე ვერ შევიდა, მაგრამ ტვერელის ეკლესიისთვის ბრძოლას მაინც გააგრძელებს.
რატომ არ შეუშვეს ის მთავრობის სხდომაზე, რატომ არა აქვს თბილისის მერს ნერვები მწყობრში, რა საფრთხე ემუქრება დედაქალაქს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” კალაძის მიერ პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება.
ლევან ხაბეიშვილი:
– კახა კალაძე ჩემს დანახვაზე აშკარად ისტერიკაში ვარდება. იცის, რომ მთავრობის სხდომას თუ დავესწრები, სხდომა სხვანაირად ჩატარდება. როცა იქ არ ვარ, კამერების წინ გააკეთებს რაღაც განცხადებებს, მერე კამერებს გარეთ გამოუშვებს და შინაურულად მიმდინარეობს სჯა-ბაასი.
მე მათ მართლა დისკომფორტს ვუქმნი, ვსვამ კითხვებს, ვიღებ, თუ რა ხდება მთავრობის სხდომაზე, მას შემდეგ, რაც კამერები გარეთ გამოდიან. გადაღებულ მასალას ვასაჯაროებ. სწორედ ეს არ მოეწონა დედაქალაქის მერს.
იცით, რატომ არ მოეწონა? იმიტომ, რომ კამერების წინ ხომ არის კალაძე, კამერების მიღმა ის ხდება კალიაძე და კარგად ჩანს ხოლმე მისი ნამდვილი სახე.
27 მარტსაც შეეშინდა, რომ მთავრობის სხდომაზე რამე კითხვას დავუსვამდი და ის ისტერიკაში ჩავარდებოდა. ამიტომ ასეთი რამე მოიფიქრა, რომ მხოლოდ ერთ დეპუტატს შეუშვებდნენ სხდომაზე. იქ მხოლოდ ლილე ლიპარტელიანი შეუშვეს.
თბილისის მერს ჩემ მიმართ ღიად გამოხატული აგრესია აქვს. ალბათ ყველას გახსოვთ მისი ცნობილი განცხადება, ხაბეიშვილი მთაწმინდიდან გამოექანოსო.
– ამ განცხადებამდე ერთი წლით ადრე ნაძვის ხეზე გიპირებდათ დაკიდებას.
– არ მიკვირს, ასეთი აგრესია რომ აქვს ჩემ მიმართ. ჩვენი აქტიურობის შედეგად, მას რაღაც გადაწყვეტილებების უკან წაღებამ მოუწია. წერეთელზე მიდიოდა მშენებლობა, ვიბრძოლეთ და დღეს იმ ადგილას სკვერია გაშენებული.
მერე იყო მისი მეგობარი ბექა ოდიშარიას მშენებლობა თაბორის მთაზე. ვიბრძოლეთ და მერია იძულებული გახდა, ეს მშენებლობა შეეჩერებინა.
27 მარტს მერიაში ტვერელის ეკლესიის საძირკველის გამოთხრის საქმეზე მივედით. კონკრეტული მასალები და საბუთები მივიტანეთ. საქმიანი საუბარი გვინდოდა, მაგრამ ამის საშუალება არ მოგვეცა.
მერმა მთავრობის სხდომაზე წარმოადგინა სურათი და გვითხრა, რომ მშენებლობა რომ დასრულდება, ეკლესია მაინც გამოჩნდებაო. რაც უფრო ზემოდან გადაიღებენ ამ ფოტოს, უკეთესად გამოჩნდება ტვერელის ეკლესია.
მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეკლესია აღარ გამოჩნდება და ეს თავად სამშენებლო კომპანიის მიერ შექმნილი ესკიზიდან ჩანს.
დეველოპერული კომპანიის მიერ ოფიციალურ გვერდზე ატვირთულ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ ეკლესია დაიკარგებოდა. ამ მასალის წარმოდგენას ვაპირებდი მთავრობის სხდომაზე, რაც კალაძის ისტერიკაში ჩავარდნას გამოიწვევდა.
ეგ ბიჭი რაღაცეებზეც არის დაბოღმილი, ცუდ ხასიათზე იყო, კამათის თავი არ ჰქონდა და ამიტომაც არ დამიშვეს სხდომაზე.
– რაზეა დაბოღმილი?
– გუნდის შიგნით უამრავი პრობლემა აქვს. ამაზეა მაგარი დაბოღმილი. თან მაგას მერიის შენობა ხომ სამტრედიაში შემოღობილი ეზო და “მილანის” გასახდელი ჰგონია, სადაც, მისი აზრით, რასაც უნდა იმას გააკეთებს.
კალაძემ უნდა გაიგოს, რომ ის მერია და არა ყოჩი, რომ მაგან გადაწყვიტოს, ვის შეუშვებენ მერიაში და ვის არა. ამას კანონი არეგულირებს.
ჩემი იქ არშეშვება არც მნიშვნელოვანია და არც ტრაგედიაა. მთავარი იმ მშენებლობის გაჩერებაა, რომელიც ახლა მთაწმინდაზე მიმდინარეობს.
ამ მშენებლობას თუ არ შევაჩერებთ, ერთ მშვენიერ დღეს მთაწმინდა ჩამოწვება და რუსთაველზე, მაკდონალსთან ჩამოვა.
იმ ზონაში, სადაც ახლა მშენებლობა მიდის, ერთხელ უკვე მოხდა უბედური შემთხვევა. მიწა ჩამოწვა და კალონკა ჩაიტანა. ამ მიწის ჩამოწოლას ადამიანიც ემსხვერპლა.
მერიის არგუმენტების მიუხედავად, ამ მშენებლობის წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება. ეკლესიას უკვე გამოუთხარეს საძირკველი, ხვალ შეიძლება მთელი მთაწმინდა ჩამოწვეს.
ჩემგან განსხვავებით, ჩემმა კოლეგამ ლილე ლიპარტელიანმა შეძლო მთავრობის სხდომაზე შესვლა. მას კალაძის მოადგილემ, ილია ელოშვილმა უთხრა, ინვესტორმაც რა ქნას, 40%-იან მოგებაზე მიდის მხოლოდო.
ერთი გამაგებინეთ, ეს ელოშვილი ამ სამშენებლო კომპანიის მეწილეა, ბუღალტერი თუ კალაძის მოადგილე? საიდან და რატომ იცის, რამდენი პროცენტი მოგება დარჩება ინვესტორს.
– ნიჭიერი ბიჭია და გაიგო.
– ნიჭიერება არაფერ შუაშია. ამ მშენებლობით მერიაა დაინტერესებული. ამიტომ იციან, რამხელა მოგება დარჩება ინვესტორს და წუხან, თავად ცოტა რომ შეხვდებათ ამ მოგებიდან.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა