ლიბერთის დაყაჩაღებისთვის პოლიციელი ომარ ხუხუაა დაკავებული

ლიბერთის დაყაჩაღებისთვის პოლიციელი ომარ ხუხუაა დაკავებული„ნიუპოსტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ლიბერთი ბანკის დაყაჩაღების საქმეზე დაკავებულია ომარ ხუხუა, რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს მოქმედი თანამშრომელია.

როგორც “ნიუპოსტს” სანდო წყარო უყვება, 55 წლის ხუხუა აფხაზეთიდან დევნილია და ზუგდიდში ცხოვრობს.
შს სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის დაკავების ფაქტი შს სამინისტროში “ნიუპოსტს” ოფიცილაურად დაუდასტურეს:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ზუგდიდში “ლიბერთი ბანკის” ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია. 1964 წელს დაბადებული ო.ხ. არის ომის ვეტერანი, ის სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რიგით პოზიციაზე 2004 წლიდან არის დასაქმებული”- აღნიშნეს ჩვენთან საუბარში შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლებმა.

„დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებელის მიღების მიზნით, რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმა დაგეგმეს. გ.ჯ. და ო.ხ. მიმდინარე წლის 2 მარტს, დილის საათებში, ზუგდიდში მდებარე “ლიბერთი ბანკის” ფილიალთან ბანკის საინკასაციო მანქანას თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ბანკის ერთ-ერთ ინკასატორს. ბრალდებულებმა საინკისაციოდ გამზადებული ფული, ინკასატორების კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მსუბუქი ავტომობილით მიიმალნენ,“- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.