ნუკრი ქანთარია – “შალვა შავგულიძის გადაწყვეტილება ჩემთვის სრულიად მიუღებელია”

ნუკრი ქანთარია - "შალვა შავგულიძის გადაწყვეტილება ჩემთვის სრულიად მიუღებელია"“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” მიერ დასახელებულ კანდიდატზე ლადო კახაძესა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ნუკრი, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში “ქართულმა ოცნებამ” ლადო კახაძის კანდიდატურა დაასახელა. იცოდით ამ გადაწყვეტილების შესახებ და ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება?
– პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. თუმცა, მანამდე პარტია აუცილებლად ჩაატარებდა კვლევებს და შედეგები იქნებოდა გათვალისწინებული, რამდენიმე კანდიდატი იყო, თუმცა, მე პროცესში არ ვარ ჩართული, რადგან პოლიტსაბჭოს წევრი არ ვარ.
– მოგწონთ კანდიდატი?
– ყველა იცნობს ლადო კახაძეს. ცნობილი ექიმია, ქალაქის კოლორიტია, პოპულარული ადამიანია. მას აქვს პოლიტიკური გამოცდილებაც. დანარჩენს არჩევნები აჩვენებს.
– გიგი უგულავა ამბობს, მკვდარზე ვენოკიაო. ის “ოცნებაზე” აკეთებს აქცენტს. რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება საკმაოდ ძლიერ ოპოზიციურ კანდიდატებთან შედარებით?
– უგულავას უზრდელობა დაუწყია და ამაზე ვერაფერს ვიტყვი. რაც შეეხება, კონკურენტუნარიანი იქნება თუ არა, ეს გამოჩნდება. არჩევნების პროცესი ყველაფერს გვიჩვენებს. რა თქმა უნდა, რთული იქნება, ადვილი არ იქნება.
– დღეს ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არის, გაიმარჯვებს თუ არა სახელისუფლო პარტიის კანდიდატი?
– ჩვენ ვეცდებით, რომ გაიმარჯვოს, რადგან კანდიდატი დავაყენეთ. რასაკვირველია, კანდიდატი კანდიდატობისთვის არ დაგვიყენებია. დავაყენეთ, რათა გაიმარჯვოს კიდეც. ეს არჩევნები არც ერთ რეგიონში არ იქნება მარტივი. გასეირნება რომ არ იქნება, ეს ცხადია. თუმცა, ბუნებრივია, ბრძოლა გამარჯვებისთვის იქნება. პროცესი ყველაფერს გვაჩვენებს.
– გუნდში მიმდინარე პროცესებზე რას იტყვით? დაიწყო ის ცვლილებები, რისი მოლოდინიც თქვენ გქონდათ?
– ცვლილებების პროცესები უნდა დაიწყოს, ამის მოლოდინშია საზოგადოება. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი სექტემბერ-ოქტომბერს არ უნდა გადასცდეს. ცვლილებების გარდაუვალი აუცილებლობა რომ დგას, მე ამას ყოველთვის ვამბობდი.
– ცვლილებები უნდა შეეხოს პიროვნებებს?
– ცვლილებები არის საჭირო ყველა მიმართულებით. მათ შორის პარტიაშიც, პარლამენტშიც და აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც. ცვლილებების მოლოდინი არის და ეს იყო არჩევნების პირველსა და მეორე ტურს შორის გაცემული დაპირება. ვფიქრობ, რომ ეს დაპირება აუცილებლად არის შესასრულებელი.
– გრიგოლ ვაშაძე გახდა ნაცმოძრაობის თავმჯდომარე. როგორ ფიქრობთ, ძლიერდება ნაციონალური მოძრაობა? ის ყველა არჩევნებზე მეორე ძალა იყო, შეიძლება 2020 წელს ის გახდეს პირველი?
– ეს დამოკიდებული იქნება სწორედ იმაზე, თუ რას იზამს “ქართული ოცნება” და რამდენად მზად შეხვდება ის ამ გამოწვევებს. თუ “ქართული ოცნება” ადეკვატური იქნება ყველა გამოწვევის მიმართ, მაშინ კვლავ გაიმარჯვებს 2020 წელსაც “ოცნება”.
– წინააღმდეგ შემთხვევაში?
– მაშინ პროცესი ძალიან მწვავე ფაზაში გადავა.
– რას გულისხმობთ?
– იმას, რომ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ყოფილი მომხრეები ნელ-ნელა უახლოვდებიან ნაციონალურ მოძრაობას, მაშინ მართლაც ძალიან მწვავე ფაზაში გადავა ეს ყველაფერი.
– ვინ უახლოვდება ნაციონალურ მოძრაობას?
– ჩემთვის სრულიად მიუღებელია ის გადაწყვეტილება, რაც თუნდაც შალვა შავგულიძემ მიიღო. ეს ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია. მისი პარტიის გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა.
– თავისუფალი დემოკრატები დღეს ოპოზიციაში არიან.
– გასაგებია, რომ ოპოზიციაშია, მაგრამ პარტია, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე წინააღმდეგობაში იყო ძალასთან და მასთან ერთიანდება, ჩემთვის მაინც მიუღებელია. ჩემთვის ეს მაინც რთული გადაწყვეტილებაა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი. სოციალურ ქსელებსაც თუ გადახედავთ, ძალიან უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა.
ამიტომ, მე ვამბობ, რომ 2020 წელს ყველა პოლიტიკოსი და ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს ძალიან რაციონალური, რადგან ამომრჩეველი ზოგადად არის პოლიტიკით იმედგაცრუებული. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ იქნება ადვილი გასეირნება, ეს ძალიან მძიმე არჩევნები იქნება ყველასთვის. გაიმარჯვებს ის, ვინც ფეხს აუწყობს ამომრჩეველს. მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ ყველა ცვლილება ამ დროისთვის გატარებული გვექნება და პარტიას მეორე სუნთქვა ექნება გახსნილი.
– სააკაშვილმა ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა, როდესაც გრიგოლ ვაშაძეს დაუტოვა პარტიის თავმჯდომარეობა?
– დატოვა კი პარტიის თავმჯდომარეობა? მე, სიმართლე გითხრათ, დიდად არ მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობა დატოვოს და სადმე წავიდეს. როდესაც სანდრა რულოვსი გახდა პარტიის პოლიტსაბჭოს წვერი და ზუგდიდის მერობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, თან სააკაშვილმა ზუგდიდელებს მოუწოდა, ჩათვალეთ, მე ვარო, არაფერსაც არ ტოვებს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა არაფერი არ უნდა ვქნათ და მშვიდად ვიყოთ. მე ვთვლი, რომ ასეთი მწვავე და აქტიური ფაზა ამ ხნის მანძილზე საერთოდ არ ყოფილა.
– რას გულისხმობთ, ვისთვის მწვავე?
– პირველ რიგში ამომრჩევლისთვის. მთავარია, რომ ეს პროცესი მშვიდობიანად და სტაბილურად გავიაროთ, რომ ქვეყნისთვის არ იყოს საზიანო.
– სანდრა რულოვსის შანსები როგორია ზუგდიდში?
– მე არ ვთვლი, რომ ის არის რეალური კანდიდატი. ჩვენი კანდიდატი ზუგდიდში გაიმარჯვებს, რადგან ის ფაქტი, რომ სანდრა რულოვსი ხდება კანდიდატი, უკვე დაძველდა.
– მეორე ტურში გადავიდა ის.
– კი, მაგრამ მერე თქვა, რომ სახლში მიდიოდა, მერე ჰოლანდიაში, მერე დღეს ისევ კანდიდატი ხდება და მეგრულად იწყებს საუბარს. ეს ყველაფერი უკვე ძალიან გაიცვითა და არ მგონია, რომ ზუგდიდელებმა იყიდონ.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა