”ყვიროდა, დროზეო!” – საბურთალოზე ”გირო კრედიტს” თავს დაესხნენ

”ყვიროდა, დროზეო!” - საბურთალოზე ”გირო კრედიტს” თავს დაესხნენდღეს დილით საბურთალოზე მდებარე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია  “გირო კრედიტის” ფილიალს დაესხნენ. თავდაპირველი ინფორმაცით, თავდამსხმელებმა მძევალიც აიყვანეს, თუმცა ეს ფაქტი შს სამინისტრომ არ დაადასტურა.

შეიარაღებული პირები “გირო კრედიტის” ოფისში 11:00 საათზე შეიჭრნენ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფანჯრებს ნატყვიარი ეტყობა.

ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ასევე მუშაობდნენ ექსპერტ კრიმინალისტები.  თვითმხილველების ინფორმაციით, მათ დაინახეს 2 პირი, რომელთაგანაც ერთ-ერთს ნიღაბი ეკეთა. ისინი შემთხვევის ადგილიდან მალევე მიიმალნენ.

„გაიქცა ორი ტიპი. შიგნით ბოძზე ნასროლი ეტყობა. ერთს ეკეთა ლურჯი პირბადე. რომ გამოვედი, ვნახე, რომ დაყაჩაღება იყო. მეტი არაფერი არ ვიცი,“ – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

“გირო კრედიტის” ფილიალზე განთავსებულია რამდენიმე სათვალთვალო კამერა, რომლებმაც დააფიქსირეს მომხდარი.

“კურიერთან” სატელეფონო საუბრისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ ის ოფისში იმყოფებოდა, როცა მამაკაცმა ისროლა. მისივე თქმით, ნატყვიარი ფანჯარას ეტყობა, რადგან მინები დაჯავშნილი იყო.

„მე არ გამიგია, რას ამბობდა, მაგრამ გოგოებმა თქვეს, ყვიროდა, „დროზეო“, სავარაუდოდ, ფულს ითხოვდა,“ – ამბობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელი.

ამ დროისთვის თავდამსხმელი დაკავებული არ არის.

“გირო კრედიტი” ერთ-ერთი მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, ის თბილისში რამდენიმე ფილიალს ფლობს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 2010 წლიდან მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის მომსახურებას სთავაზობს.