რა ჰკითხა ნანიკო ბერიაშვილის დედამ, ნათია ლალიაშვილმა, იაგო ნებიერიძეს

რა ჰკითხა ნანიკო ბერიაშვილის დედამ, ნათია ლალიაშვილმა, იაგო ნებიერიძესდღევანდელ პროცესზე დაიკითხა მოკლული ნანიკო ბერიაშვილის დედა, საკმაოდ რთული და ემოციური პროცესი იყო, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა.

როგორც პროკურორი განმარტავს, მოკლული გოგონას დედამ სასამართლოს შვილის დაკარგვასთან, მისი ცხედრის აღმოჩენასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

“მან სასამართლოს მიაწოდა ის ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილი იყო. დანაშაულის ჩადენის გარემოებების შესახებ, ზოგადად, ბავშვის დაკარგვასთან დაკავშირებით ისაუბრა. საკმაოდ რთული და ემოციური პროცესი იყო.

მან ისაუბრა ასევე მკვლელობის დღეს ბავშვის მდგომარეობაზე, რა ნივთები ჰქონდა თან, როგორ გაიგო მომხდარის შესახებ, ძებნის პროცესზე და შემდეგ ბავშვის ცხედრის აღმოჩენასთან დაკავშირებით. ასევე სასამართლოზე დააფიქსირა პოზიცია, რაც მას, როგორც გარდაცვლილის დედას, ბრალდებულის მიმართ ჰქონდა”, -განაცხადა გუგუტიშვილმა.

მისივე განმარტებით, ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს მოკლულის დედასთან კითხვები არ ჰქონია.

“ბრალდებულს დედასთან შეკითხვები არ ჰქონია. გარდა გარდაცვლილის დედისა, ასევე დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხა. მათ შორის, ექსპერტები, რომელთაც სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდეს იმ პროცედურულ ქმედებებთან დაკავშირებით, რაშიც მონაწილეობა მიიღეს”, – განაცხადა პროკურორმა.

ნანიკო ბერიაშვილის დედამ, ნათია ლალიაშვილმა თქვა, რომ იაგო ნებიერიძეს კითხვები დაუსვა.

”მკვლელობის ჩადენის მიზეზი მაინტერესებდა. ბუნებრივია, პასუხი ვერ გამცა”, – უთხრა მან ინტერპრესნიუსს.

როგორც ლალიაშვილი განმარტავს, ნებიერიძეს კუჭის ტკივილის მიზეზით პროცესის გადადება სურდა.

„ბრალდებულს არანაირი კითხვა არ ჰქონია, რაც შეეხება ჩემს ჩვენებას, ბავშვის შესახებ ვისაუბრე, როგორ, რა გზით დადიოდა სკოლაში, იმ დღეს რა ეცვა და ა.შ. და ვიცნობდი თუ არა იმ ავადმყოფს. მას კითხვები მე დავუსვი, მაგრამ სამწუხაროდ, პასუხი ვერ გამცა. ბუნებრივია, ვერც მიპასუხებდა. ამ ყველაფრის, მკვლელობის ჩადენის მიზეზი მაინტერესებდა, მაგრამ „კუჭი ტკივა“ და ვერ ლაპარაკობს, ენა გადაეყლაპა. პირადად ჩემთვის ეს არ უთქვამს, მაგრამ სასამართლოში გამოაცხადა, კუჭი მტკივაო და პროცესის ჩაშლას ითხოვდა. რა თქმა უნდა, მოსამართლემ არ გადადო, რადგან ექიმის მიერ არის შემოწმებული და იციან, რომ არაფერი აწუხებს. ახლაც შეამოწმეს და არანაირი კუჭი არ აწუხებს”, – განაცხადა ლალიაშვილმა.

შემდეგი სასამართლო პროცესი 25 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იპნ