რამაზ საყვარელიძე – “ოცნება” მთაწმინდას თუ წააგებს, 2020-ში ძალიან გაუჭირდება”

რამაზ საყვარელიძე - "ოცნება" მთაწმინდას თუ წააგებს, 2020-ში ძალიან გაუჭირდება"პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში უკვე დასახელებულ კანდიდატებთან დაკავშირებით როგორია თქვენი შეფასება და რა მოლოდინი გაქვთ?
– საინტერესო არჩევნები გველოდება წინ. სერიოზული ბრძოლა იქნება. დამოუკიდებელი კანდიდატები უფრო შემოდიან მესამე ალტერნატივის სახით და არა რომელიმე პარტიასთან ასოცირებულად. მათი სტრატეგია იქნება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის კრიტიკა და ამ ფონზე ააგებენ ისინი თავიანთ წინასაარჩევნო კამპანიას.
მათ იციან, რომ დღეს არც ერთია მომგებიანი და არც მეორე. ამომრჩევლისთვის დღეს არც ერთია მისაღები და არც მეორე. გავიხსენებდი ალეკო ელისაშვილის მაგალითს თბილისის მერის არჩევნებზე, როდესაც ის არც ოპოზიციას წარმოადგენდა და არც ხელისუფლებას. ის იყო დამოუკიდებელი კანდიდატი და სერიოზული შედეგიც დადო პირველი განაცხადისთვის. თუმცა, ამ კანდიდატებს რამდენად გამოუვათ, ეს სხვა თემაა.
– თქვენ ამბობთ, რომ ამომრჩეველი მესამეს ეძებს?
– დიახ. ეს აშკარაა. მესამე ალტერნატივას ეძებს ამომრჩეველი და სწორედ ამ სახით შემოდიან ისინი ამ არჩევნებში.
– სახელისუფლო კანდიდატი რა გზავნილია? ლადო კახაძეს პოლიტიკური ბეგრაუნდი აქვს, ის იყო საკრებულოს თავმჯდომარე, იყო ლეიბორისტული პარტიის წევრი და ბოლოს იყო პაატა ბურჭულაძის პარტიაში.
– პარტია როდესაც არჩევანს აკეთებდა, ალბათ გაითვალისწინებდა იმას, რომ მთაწმინდა არის თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი ტრადიციული ღირებულებების მქონე მოსახლეობით. ალბათ ამ გადაწყვეტილებისას წამყვანი იყო, რომ მოსახლეობასთან ეპოვა საერთო ენა კანდიდატს. ლადო კახაძე ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი იყო.
– ხაზს უსვამთ მის მაღალ ცნობადობას? ამაზე გააკეთა აქცენტი “ქართულმა ოცნებამ”?
– ცნობადობა და ხალხთან ურთიერთობის უნარი. შეიძლება ბევრი იყოს ცნობადი, მაგრამ დადებითი ცნობადობა ნაკლები ჰქონდეს. მისდამი ხალხი სიმპატიით უფროა განწყობილი, ვიდრე პირიქით. კიდევ ერთი, მან თქვა, რომ ის არ აპირებს, იყოს პარტიის ტყვე, რომ დაიცვას ყველა ის პოზიცია, რომელიც პარტიას აქვს, მაგალითად, მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით. ეს არის სწორი გზავნილი მისი მხრიდან.
– რამდენად სარწმუნოა ეს განცხადება, როდესაც ის არის “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი, ეს არ იქნება მუხრუჭი?
– ეს გამოჩნდება. თუმცა, ასეთი განცხადება მან უკვე გააკეთა. გარკვეული პოლიტიკური თავისუფლება გამოავლინა ამ განცხადებით. ეს არის ის თვისება, რაც ახლა “ოცნების” კანდიდატს ყველაზე მეტად სჭირდება.
– რატომ?
– იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი დღეს საზოგადოების დიდ აღფრთოვანებას არ იწვევს. ამიტომ, “ოცნებისთვის” უფრო მომგებიანი იქნება ისეთი კანდიდატის დაყენება, რომელიც ამ კურსის ტყვედ არ აღიქმება. ამ პოლიტიკისგან მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლად აღიქმება მოსახლეობაში, ამიტომ ვამბობ, რომ ეს სწორი განცხადებაა.
– რა შანსები აქვთ ოპოზიციურ კანდიდატებს? შალვა შავგულიძე ამბობს, რომ მისი კონკურენტი სახელისუფლო კანდიდატი იქნება.
– შალვა შავგულიძეს ექნება პარტიული რესურსი, რაც ყველა არჩევნებზე მნიშვნელოვანია. ეს არის უპირატესობა და კიდევ ერთი, ამ შემთხვევაშიც, როგორც ლადო კახაძე არ არის ასოცირებული “ქართულ ოცნებასთან” ასე პირდაპირ, შალვა შავგულიძეც არ არის “ევროპულ საქართველოსთან” პირდაპირ ასოცირებული. ორივე პარტიამ დაასახელა კანდიდატი, რომელიც პირდაპირ მასთან არ არის ასოცირებული. ეს საინტერესო ტენდენციაა.
– რაზე მიანიშნებს, როდესაც პარტიები გარეთ ეძებენ კანდიდატს? პარტიები ხვდებიან, რომ მაინცდამაინც პოპულარულები არ არიან ამომრჩეველში?
– დიახ, აბა სხვა რა ახსნა შეიძლება ამ გადაწყვეტილებას მოუძებნო?! დიახ, ისინი ხვდებიან, რომ მათი პარტიის უშუალო წევრი შეიძლება წარმატებული ვერ იყოს. ამიტომ ეძებენ გარეთ.
– ამბობენ, რომ მაისის არჩევნები ერთგვარი რეპეტიციაა 2020 წლის არჩევნების, მაგრამ ყველაფრის ფასად ხელისუფლება შეეცდება ამ არჩევნების მოგებას.
– მეეჭვება, რომ ყველაფრის ფასად, რადგან კარგად დაინახა “ქართულმა ოცნებამ”, რომ წითელ ხაზებს თუ გადაკვეთს, დასავლეთი რეაქციას მისცემს და შეუმჩნეველს არ დატოვებს. წითელი ხაზების გადალახვა ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესებში არ შედის. ამიტომ, ხელისუფლება ბევრად უფრო ფრთხილი იქნება, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო.
რაც შეეხება დანარჩენს, რასაც კანონი უშვებს, აქ ის იქნება სრულად მობილიზებული და არ დაუშვებს იმას, რაც დაუშვა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. პირველი ტური იყო დაუდევრობის შედეგი. განწყობა იყო: ისედაც მოვიგებთ, მაგრამ მთლად ასე არ აღმოჩნდა.
ამ შემთხვევაშიც თუკი მოდუნდება “ოცნება”, მაშინ ეს მას ძვირი დაუჯდება და ოპოზიციური კანდიდატი გაიმარჯვებს, მაგრამ ალბათ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ასე არ მოხდეს, რადგან დამარცხებულის იმიჯით უკვე ძალიან რთული იქნება 2020 წლის არჩევნებზე გასვლა.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა