რომან გოცირიძე – “ეროვნული ბანკი ივანიშვილის მძევალია, გვენეტაძე უნდა გადადგეს!”

რომან გოცირიძე - "ეროვნული ბანკი ივანიშვილის მძევალია, გვენეტაძე უნდა გადადგეს!"თიბისი ბანის დამფუძნებლების ვიზიტი პარლამენტში დიდი ხმაურის და ვნებათაღელვის ფონზე წარიმართა, სხდომა კი ისე მოულოდნელად შეწყდა, რომ მამუკა ხაზარაძეს სიტყვის თქმის უფლებაც არ მიეცა.
“ახალი თაობის” კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.
– ბატონო რომან, თქვენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვთ. რატომ, რა დააშავა გვენეტაძემ?
– ეს იყო ბოლო წვეთი და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არც ერთი დამოუკიდებელი უწყება ამ სახელმწიფოში აღარ არსებობს. ეროვნული ბანკიც დაეცა ამ ბრძოლაში. დღეს ის არის ივანიშვილის მძევალი, ხოლო მისი პრეზიდენტი – ივანიშვილის ტყვე.
მან დაკარგა ნდობა როგორც საზოგადოების, ისე ფინანსური ინსტიტუტებისა. ძალიან სამწუხარო ფაქტია, ვინაიდან გვენეტაძე იყო იმედი იმისა, რომ საქართველოს საფინანსო სექტორს ეყოლებოდა წარმატებული ხელმძღვანელი, ვინაიდან მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, ის იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ასევე ძალიან სერიოზულ სტრუქტურებში ჰქონდა ნამუშევარი, ასევე მრავალი წელი მუშაობდა სავალუტო ფონდში და ის სავალუტო ფონდის წარმომადგენელი იყო სხვადასხვა ქვეყანაში.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყავით ოპოზიციაში და გვენეტაძე წარმოდგენილი იყო პრეზიდენტის მიერ, თუმცა ის არის კვირიკაშვილის კადრი, ჩვენ, მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, მას დავუჭირეთ მხარი.
– ანუ მოსწონდა ოპოზიციას გვენეტაძე?
– ორად ორი შემთხვევა იყო, როდესაც ამ პარლამენტში ჩვენ ხმა მივეცით ხელისუფლების მიერ დანიშნულ ადამიანს. ერთი იყო სახალხო დამცველი და მეორე იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დიდ იმედებს ვამყარებდით მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე და დღესაც ვაღიარებ, რომ არის კარგი სპეციალისტი.
– მაშინ რატომ ითხოვთ მის გადადგომას?
– მაგრამ ერთია, იყო კარგი სპეციალისტი და მეორე – იმ უზარმაზარი დაწესებულების ხელმძღვანელი, როგორიც არის ეროვნული ბანკი, რომელიც ექვემდებარება პარლამენტს და ეროვნული ბანკის მუშაობაში ძალიან დიდია პოლიტიკური კომპონენტი. ეს არ არის ბიუროკრატიული თანამდებობა, ეს სერიოზული თანამდებობაა, სადაც საჭიროა ხასიათის სიმტკიცე, მორალური სიმტკიცე და მენეჯერული უნარი. სამწუხაროდ, გვენეტაძემ ვერ გაუძლო ივანიშვილის ზეწოლას და დღეს ის არის, ფაქტობრივად, ივანიშვილის მძევალი.
– გაუჭირდება ამ ვითარებაში მუშაობა?
– როგორ იმუშავებს ის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, ძნელია ამის თქმა, ვინაიდან თიბისი ბანკზე თავდასხმა არის ივანიშვილის დავალების შესრულება და ეს იმას ნიშნავს, რომ გვენეტაძემ დაკარგა რეპუტაცია ფინანსურ წრეებში.
ეროვნული ბანკი უკვე ვერ აღიქმება, როგორც ნეიტრალური მარეგულირებელი ინსტიტუტი და ყველა კარგად ხედავს, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს ის, რასაც დაავალებს მთავრობა და რასაც დაავალებს ბიძინა ივანიშვილი. ნდობადაკარგული ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სადამდე ექნება ამ სისტემის გაძღოლის უნარი, ვნახოთ, მაგრამ თუ ანაკლიის პროექტი ჩაიშალა…
– შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს ანაკლიის პროექტს?
– დიახ, ეს საფრთხე არის და ამ შემთხვევაში ვერც გვენეტაძეს, ვერც გახარიას, ვერც ბახტაძეს და ვერც ივანიშვილს და ვერც თადუმაძეს უკვე ვერაფერი უშველის, რადგან ეს იქნება პირდაპირი დანაშაული.
არსებობს ძალიან დიდი საფრთხე, რომ ანაკლიის პროექტი ჩაიშალოს. ამის მთავარი მიზეზი კი არის ის, რომ ამ პროექტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ფულის გათეთრების ნიშნით.
როდესაც ეროვნულმა ბანკმა გამოიტანა გადაწყვეტილება თიბისი ბანკთან დაკავშირებით, მან მხოლოდ დააკისრა ადმინისტრაციული სასჯელი – ჯარიმა და ასევე ადმინისტრაციული სასჯელი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის გადაყენების სახით, მაგრამ იქ არსად არის ნათქვამი, რომ ის ქმედება, რომელიც ჩაიდინეს თიბისი ბანკის აქციონერებმა, არის სისხლის სამართლის დანაშაული.
– არ არის?
– ეროვნულ ბანკს შემოწმების ეს შედეგები არ გადაუცია პროკურატურისთვის. ამიტომ ვღებულობთ ორ გადაწყვეტილებას. ერთის მხრივ, ეროვნული ბანკი თიბისი ბანკის ხელმძღვანელობას ადანაშაულებს ადმინისტრაციული პროცედურის და რეგულატორის მოთხოვნების დარღვევაში და ამ შემთხვევაში სანქციები შეიძლება ყოფილიყო სხვადასხვა. უმაღლესი სანქცია არის ლიცენზიის ჩამორთმევა ბანკისთვის და გადაყენება მენეჯმენტის.
ყველაზე მაღალი სანქცია დაუწესეს, ზემოდან მეორე სანქციის უფლება გამოიყენეს, როდესაც შეიძლებოდა ყოფილიყო ჯარიმა, გაფრთხილება და ასე შემდეგ. მათ კი მაქსიმალურ ზომას მიმართეს, მაშინ, როცა აქ არსად იკვეთება, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ხოლო პროკურატურამ რადგან ამ მუხლით დაიწყო საქმის ძიება, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ იკვეთება ვიღაცის ინტერესი.
– რა ინტერესი?
– თიბისი ბანკის ხელში ჩაგდება. მამუკა ხაზარაძის განცხადებაში, რომლითაც თანამშრომლებს მიმართა, იყო ნახსენები ორი მუხლი. პირველი ის, რომ ვიღაცას უნდა ბანკის ხელმძღვანელობიდან მათი ჩამოცილება და მეორე, რომ ვიღაცეებს უნდათ თიბისი ბანკის დაპატრონება.
ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ მათ აიძულებდნენ წილების გადაყიდვას. გარდა ამისა, სურდათ ანაკლიის პროექტში საკუთარი ხალხის ჩასმა, როგორც მენეჯმენტში, ასევე წილში. შეიძლება მიზანი ეს იყო, მაგრამ გამოუვიდათ უარესი.
– რა გამოუვიდათ? რა იქნება ეს უარესი?
– ფაქტობრივად, გამოუვიდათ ანაკლიის პორტის გაჩერება.
– რატომ?
– იმიტომ, რომ სანამ იარსებებს ფულის გათეთრების მუხლით ამ საქმის წარმართვა, მანამ არასდროს ანაკლიის პროექტში არც ერთი ინვესტორი ფულს არ ჩადებს. მაისში ან ივნისში, როდესაც 400 მილიონო ევრო უნდა გამოყოფილიყო ანაკლიისთვის და უნდა დაწყებულიყო ძირითადი საინჟინრო სამუშაოები, თუ ფულის გათეთრების საკითხი არ მოიხსნა, ანაკლია გაჩერდება!
ეს კი არის ხელისუფლების პირდაპირი დანაშაული! ამაში შეგნებულად თუ შეუგნებლად ასევე იკვეთება რუსული ინტერესები. მერე როდესაც ამის დრო დადგება და განსასჯელის სკამზე რომ მოხვდებიან, მერე ამტკიცონ ვიღაცეებმა, რომ ეს არ იყო რუსეთის შეკვეთა და უბრალოდ გამოუვიდათ ასე. ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს ეს საქმე, რომელიც გათეთრების თემას ეხება და სხვა კვალიფიკაცია მიეცეს მას.
– პარლამენტში შეკრებაზე რას იტყვით? საკმაოდ გაურკვეველ ვითარებაში დასრულდა სხდომა.
– წინა დღეს გადაწყდა, რომ ეს სხდომა არ უნდა ჩატარებულიყო, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ შეიძლებოდა გამჟღავნებულიყო ამ სხდომაზე, ამიტომ ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება, რომ გვენეტაძე არ მოვიდოდა სხდომაზე.
ეს იყო უხეში დარღვევა რეგლამენტის, ამის უფლება ეროვნულ ბანკს არ აქვს, აუცილებლად უნდა მოვიდეს და მას შეუძლია ან ილაპარაკოს ღიად ან არ ილაპარაკოს. მერე გაირკვა, რომ სხდომის გადადება შეუძლებელი იყო რეგლამენტით, სხდომა მაინც გაიმართებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით და, რაც მთავარია, ამ სხდომაზე მოსვლაზე უარი არ განაცხადეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ.
– ამიტომ მოვიდა გვენეტაძე?
– ამიტომ მოხდა მოულოდნელობა, დილით ისევ მიიღო გადაწყვეტილება ივანიშვილმა და უბრძანა გვენეტაძეს, მოსულიყო, რადგან ჩათვალა, რომ ცალ კარში თამაში უფრო დამაზიანებელი იქნებოდა და მას ოპონირება უნდა გაეწია ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის. ასევე იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც მივიჩნევთ, რომ ამ საქმეში არსებობს პოლიტიკური დევნა.
შემდეგ დაინახეს, რომ არც მოსვლა იყო გამოსავალი, ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდნენ და ამიტომ სხდომა ჩაშალეს.
ამით სერიოზული ზიანი მიაყენეს ქვეყნის საფინანსო სისტემას, უდიდესი ზიანი მიაყენეს ეროვნულ ბანკს, რომელიც აღმოჩნდა, რომ მართულია, რომ პარლამენტიც მართულია და ზოგადად ყველა უწყება.
ასევე ყველაზე მთავარი – ხაზარაძეს და ჯაფარიძეს არ მისცეს საზოგადოების წინაშე, პირდაპირ ეთერში სიმართლის თქმის უფლება.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა