სამეგრელოში დაკავებული მანუჩარ გაბუნია და მამუკა ლაგვილავა დუმილის უფლებას იყენებენ

სამეგრელოში დაკავებული მანუჩარ გაბუნია და მამუკა ლაგვილავა დუმილის უფლებას იყენებენ„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით სამეგრელოში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული მანუჩარ გაბუნია და მამუკა ლაგვილავა დუმილის უფლებას იყენებენ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულების ადვოკატმა ჯიტა გულუამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მათ ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ.

„ორივეს ედავებიან „ქურდული სამყაროს“ წევრობას, თუმცა ისინი დუმილის უფლებას იყენებენ. ბრალის წარდგენა მოხდება ხვალ. გამოძიება გვეუბნება, რომ აქვთ საკმარისი მტკიცებულება, თუმცა ამის თაობაზე ბრალის წარდგენის შემდეგ იქნება ცნობილი. ორივეს საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, თუმცა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოუღიათ“, – აღნიშნა ადვოკატმა ჯიტა გულუამ.

რაც შეეხება მესამე დაკავებულის უფლებადამცველს, ის ჯერ კიდევ პოლიციის შენობაში იმყოფება.

ამასთან, ადვოკატების ინფორმაციით, დილით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აყვანილი 20-მდე პირიდან უმეტესობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობა დატოვა. მათი ადვოკატების ინფორმაციით, ისინი გამოკითხვაზე მხოლოდ მოწმის სახით იმყოფებოდნენ და „ქურდულ სამყაროსთან“ არანაირ კავშირში არ არიან.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან კითხვები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, კავშირი ჰქონდა თუ არა „ქურდულ სამყაროსთან“. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა უპასუხა შეკითხვებს. ის არ იყო დაკავებული, ის დაბარებული იყო მხოლოდ დაკითხვის მიზნით. მის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა სასამართლოს განჩინებით, თუმცა საქმეში მის წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულება არ არსებობს“, – აცხადებს ადვოკატი ზურაბ კინტირია.

იპნ