საპატრიარქო მამა გიორგი მამალაძის შეწყალებას დათანხმდა – რაზე ესაუბრა მეუფე ანტონი პატიმარს

საპატრიარქო მამა გიორგი მამალაძის შეწყალებას დათანხმდა - რაზე ესაუბრა მეუფე ანტონი პატიმარსსაპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე თანახმაა. ამის შესახებ განცხადება ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა 1 მარტს გააკეთა.
1 მარტს მეუფე ანტონმა გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მამა გიორგი მამალაძე მოინახულა.
ციხიდან გამოსულმა მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ საპატრიარქოს მოთხოვნა დეკანოზის შეწყალებაზე დასაბუთებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული თარიღი, როდის იმსჯელებენ საპატრიარქოში ამ საკითხზე.
– მე მოვედი პატიმრის მოსანახულებლად და იმ კითხვებზე პასუხის მისაღებად, რომლებიც საჯაროდ განვაცხადე. მიმაჩნია, რომ ეს საკითხი აუცილებლად უნდა განვიხილოთ შიგნით. ჩვენ ამის რესურსიც გვაქვს, შესაძლებლობაც და ძალაც.
ეს საკითხი თუნდაც იმისთვის უნდა განვიხილოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს თემის ირგვლივ მითქმა-მოთქმა და სპეკულაციები. ეს არის შიდა საკითხები, რომელთაც ეკლესია განიხილავს. საპატრიარქო ყველაფრისთვის მზად არის,…მზად არის, რომ ნაბიჯი გადადგას შეწყალების მოთხოვნისთვის, – განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მეუფე ანტონი ამბობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჯანსაღი პოზიცია უკავია და რომ ყველაფერს ძალიან მალე ვიხილავთ.
– თქვენც იხილავთ მალე – ჩვენ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომ დეკანოზი იქნება შეწყალებული და მოთხოვნა გაკეთდება. ვფიქრობ, პრეზიდენტი გადადგამს ამ ნაბიჯს. დანარჩენს თქვენ იხილავთ. მსჯავრდებული თავად იტყვის ყველაფერ დანარჩენს. მართალია, მას არ უწყობს ჯანმრთელობა ხელს, თუმცა გამოჯანმრთელდება, – აღნიშნავს მეუფე.
მიტროპოლიტი ანტონი კატეგორიულად უარყოფს ინფორ,აციას იმის შესახებ, რომ საპატრიარქომ დეკანოზის შეწყალებაზე უარი თქვა.
მედიასთან საუბარში მეუფე ანტონი არ აკონკრეტებს, თუ რაზე ესაუბრა ის მამა გიორგის. მხოლოდ იმას ამბობს, რომ დეკანოზს კითხვები დაუსვა და მისგან მიღებულ პასუხებზე საპატრიარქოს შიგნით იმსჯელებენ.
მეუფე ანტონამდე დეკანოზი ციხის საავადმყოფოში პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის თანაშემწემ და საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მოინახულა.
პატიმრობაში მყოფი დეკანოზი “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამაც მოინახულა.
მისი თქმით, მამა გიორგის წართმეული აქვს მარჯვენა მხარე და ის რთულ მდგომარეობაშია.
დეკანოზი ციხის საავადმყოფოში ღუდუშაურიდან იმ საბაბით გადაიყვანეს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ექიმები ამტკიცებენ, რომ დეკანოზს ინსულტი არ აქვს. არადა მამა გიორგის მარჯვენა მხარე პარალიზებული აქვს.
მისი ძმა, თორნიკე მამალაძე, ამბობს რომ მამა გიორგი მარჯვენა ხელს და ფეხს ვერ ამოძრავებს.
დეპუტატი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ, მართალია, დეკანოზი მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ის ბრძოლას აგრძელებს.
– ვიზუალურად ვნახე, რომ წართმეული აქვს მარჯვენა მხარე და საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. მან თავად მითხრა, რომ ღუდუშაურის კლინიკიდან გადმოყვანა საეჭვოდ მოხდა და არ უნდა მომხდარიყო. მისი თქმით, ეს ნაბიჯი მისი და მკურნალი ექიმის ნების წინააღმდეგ მოხდა. ანუ გაუგებარია, რატომ გადმოიყვანეს.
ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ყველა იმ დარღვევაზე, რაც ამ საქმეშია. ვისაუბრეთ ძალიან კონკრეტულ დარღვევებზე, თუ როგორ იქცეოდა პროკურატურა, როგორ არ კეთდებოდა ექსპერტიზები.
მან მითხრა, რომ ბრძოლას აპირებს. ეს ადამიანი ამბობს, რომ მას ეკუთვნის გარეთ ყოფნა და რომ ეს საქმე არის შეკერილი. რა თქმა უნდა, მისი შეწყალება უნდა მოხდეს. პრეზიდენტი რომ თავად არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს კარგად ჩანს, რადგანაც ის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს არ იღებს, მაგრამ აუცილებლად უნდა მიიღოს, რადგანაც დეკანოზი მამალაძე უსამართლოდ არის გამომწყვდეული ციხეში. დარღვევები იყო მთლიანად პროკურატურის და პოლიტიკური ვერტიკალის მხრიდან, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
საპატრიარქო აქამდე აცხადებდა, რომ მამა გიორგის შეწყალებას მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერდა, თუ ის დანაშაულს აღიარებდა. დეკანოზი კი დღემდე უდანაშაულოდ თვლის თავს.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმ სკანდალური წერილის შესახებ, რომელიც მამა გიორგიმ 1 წლის წინ 4 ეპისკოპოსს გაუგზავნა. საპატრიარქოს წარმომადგენლები ამ წერილის გასაჯაროებას ითხოვდნენ.
მეტიც, საპატრიარქომ მთავარ პროკურატურას მიმართა, გამოექვეყნებინა მამა გიორგი მამალაძის საქმის მასალები, რაზეც საგამოძიებო უწყებამ უარი განაცხადა.
ამ ამბების პარალელურად თორნიკე მამალაძემ საპატრიარქოსთან აქცია დაიწყო. ის ამბობს, რომ მისი კარავი საპატრიარქოსთან მანამდე დარჩება, სანამ დეკანოზის საკითხი არ გადაწყდება.
ვნახოთ, შეასრულებს თუ არა საპატრიარქო დანაპირებს. მათ გასულ წელს იმის პირობაც დადეს, რომ ციანიდის საქმის შემსწავლელ სპეციალურ კომისიას შექმნიდნენ, მაგრამ ეს დანაპირები დღემდე არ შეუსრულებიათ.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა