ადვოკატი გიგუაშვილი _ ”ლევან ჯიბღაშვილს ნარკოტიკები საკუთარი საჭიროებისთვის ჰქონდა”

ადვოკატი გიგუაშვილი _ ”ლევან ჯიბღაშვილს ნარკოტიკები საკუთარი საჭიროებისთვის ჰქონდა”ნარკოდანაშაულში ბრალდებული მსახიობისა და ბიზნესმენის, ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიკული საშუალება პირადი მიზნებისთვის ჰქონდა შეძენილი. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს” გიგუაშვილმა მიაწოდა.

„ეს ნარკოტიკული საშუალება სხვისთვის არ შეიძლებოდა დასჭირვებოდა, ვინაიდან ამ შემთხვევაში, კვალიფიკაცია არა შეძენა-შენახვა იქნებოდა, არამედ სხვა. მას საკუთარი მიზნებისათვის, საჭიროებისათვის ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება შეძენილი და ინახავდა.

ლევან ჯიბღაშვილი არის ახალგაზრდა ადამიანი, ჰყავს მეუღლე, დღე-დღეზე ელოდება შვილს, ძალიან რთულია ამ მდგომარეობაში ადამიანს მოსთხოვოთ სრული გასაჯაროება პირადი ცხოვრების.

თუ მეკითხებით, არის თუ არა ლევან ჯიბღაშვილი აქტიური მომხმარებელი, ეს ასე არ არის. თუ იმას მეკითხებით, როგორც საქართველოს ახალგაზრდების მნიშვნელოვან ნაწილს, გასინჯული აქვს თუ არა ნარკოტიკული საშუალება, ეს თეორიულად დასაშვებია. თუმცა, ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ არის მოსული და დადასტურებული არაა, იმყოფებოდა თუ არა, ის ნარკოტიკული თრობის ქვეშ. ამ ეტაპზე მას სამართლებრივად ნარკოტიკული თრობა დადასტურებული არ აქვს”, – განაცხადა გიგუაშვილმა.

მისი თქმით, ლევან ჯიბღაშვილის შემთხვევაში არანაირი შერჩევითი სამართალი არ განხორციელებულა, პირიქით, უფრო მკაცრი, მაღალი ოდენობის გირაო იქნა გამოყენებული, ვიდრე ანალოგიურ შემთხვევებში სასამართლოს გამოუყენებია.

როგორც ის აღნიშნავს, ჯიბღაშვილი დროებით არის გათავისუფლებული და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მის გამართლებას არ ნიშნავს.

„პირადად მე მქონდა შემთხვევა, ანალოგიური კვალიფიკაციის დროს, პირი თანამშრომლობდა გამოძიებასთან, აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, არ ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელიც კი, მას არ შეიძლებოდა გამოძიებისთვის ხელი შეეშალა და გირაოთი გაათავისუფლეს. თან, გაცილებით ნაკლები გირაოთი. ამიტომაც, ფორმალურად და სამართლებრივად, ის გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ და პროკურატურამ მიიღო, აბსოლუტურად კანონიერია”, – აცხადებს გიგუაშვილი.

მისივე განმარტებით, ის, რომ ლევან ჯიბღაშვილს შს მინისტრის მოადგილესთან, კახა საბანაძესთან აქვს ფოტო გადაღებული, არ შეიძლება ჯიბღაშვილის მიმართ შერჩევითი სამართლის გამოყენების საფუძველი გახდეს.

„მთელი ეს სპეკულაციები რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფების დღის წესრიგიდან გამომდინარეა. შემიძლია წარმოგიდგინოთ “რუსთავი 2″-ის სიუჟეტი, თუ როგორ ხსნიან ივანე მერაბიშვილი და ლევან ჯიბღაშვილი დედოფლისწყაროში პოლიციის შენობას, როგორ აქვს ფოტოსურათები გადაღებული გიგი უგულავასთან. ამიტომ, პოლიტიკური სპეკულაციები, რომ ვინმეს ვინმესთან სურათის გადაღება შეიძლება გახდეს მისთვის შერჩევითი სამართლის გამოყენების საფუძველი, რეალობას არ შეესაბამება”, – აცხადებს გიგუაშვილი.