მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორი გვიან ღამით დატოვა.
ამირან გიგუაშვილის თქმით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული მსახიობი გამოძიებასთან თანამშრომლობს და ისინი ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან, რომელიც სავარაუდოდ, დღეს უნდა გახდეს ცნობილი. სწორედ ამის შემდეგ წარუდგენენ ლევან ჯიბღაშვილს ოფიციალურად ბრალსა.
“ლევანი არ უარყოფს იმას, რომ ეს ნივთიერება იმ ჩანთაში აღმოჩნდა, რომელიც მისი მანქანიდან იქნა ამოღებული, თუ როგორ აღმოჩნდა ეს ჩანთა მის მანქანაში, ან ეს ნივთიერება საიდან აღმოჩნდა ამ პატარა ხელჩანთაში, ეს გამოძიების გასარკვევია და ჩვენ ამ თვალსაზრისით აქტიურად ვთანამშრომლობთ საგამოძიებო ორგანოებთან.
ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით, რომ იქნება საკმაოდ დაჩქარებულ ვადებში, რის შემდეგაც ჩამოყალიბდება კონკრეტული პოზიციები – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
გამოძიების ინფორმაციით, მსახიობის ავტომობილში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ლევან ჯიბღაშვილს 6 წლამდე პატიმრობა ელის.
რუსთავი 2

