საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „ქართული ოცნების“ მოქმედი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, მმართევლი გუნდიდან წასული ეკა ბესელია ეხმაურება.
ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს დროს უხერხულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მან თავად აღიარა, თუ რატომ წავიდნენ სხვადასხვა დეპუტატები უმრავლესობის რიგებიდან:
„ასეთ უხერხულ მდგომარეობაში მყოფი ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს დროს, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა ჩვენი წასვლის მიზეზებს, არ მახსოვს. ყოველ შემთხვევაში დიდი ხანია არ მახსოვს ესეთი და ეს იმით იყო განპირობებული, რომ არ იყო გულწრფელი როდესაც ამაზე საუბრობდა. არ შეიძლება მას არ ახსოვდეს ის პროტესტი, რომელიც ჯერ კიდევ მისი პოლიტიკაში მოსვლამდე გვქონდა ჩვენ, თუ ადევნებდა თვალს, რა თქმა უნდა, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, იმ მოსამართლეების ქმედების გამო, რომლებიც სწორედ ძალადობის მსახურნი იყვნენ და არა მსხვერპლნი, როგორც ის თავად უწოდებს მათ. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ბრძოლა არ დაწყებულა არც შარშან, არც შარშანწინ და არც გუშინ. 20 წელია უკვე სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვი და ჩემი პოლიტიკური მეხსიერება გაცილებით დიდია, ვიდრე მისი აღმოჩნდა გუშინ სამწუხაროდ. თავად გასცა პასუხი იმ კითხვებს, რატომ წავედით ჩვენ პარტიიდან და რატომ დავტოვე ის პარტია, რომელიც მასთან ერთად დავაფუძნე, სწორედ იმ მთავარი განსხვავების გამო, რომლის დემონსტრირება მოახდინა მან ამ ინტერვიუთი, მან თქვა, რომ ის იცავს და მიაჩნია, რომ მსხვერპლნი არიან ის მოსამართლეები, რომელთა მიმართ არსებობს საზოგადოების მაღალი უნდობლობა, ზარდიაშვილები თურმე მსხვერპლნი არიან, იმიტომ, რომ მათ მოინანიეს და თქვეს, რომ მათი პატრონები, ადეიშვილ-მერაბიშვილები, თურმე არ არიან უსამართლოდ გასამართლებულები და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ის დამდგარიყო ამ ადამიანების დამცველად“, – განაცხადა ეკა ბესელიამ

