ბესიკ ჯიქურაული – “დირსის” კორპუსებში შეჭრილებს, იმედია, სახელმწიფო გარეთ გამოიყვანს”

ბესიკ ჯიქურაული - "დირსის" კორპუსებში შეჭრილებს, იმედია, სახელმწიფო გარეთ გამოიყვანს"სამშენებლო კომპანია “ას ჯორჯია – დირსის” გენერალური დირექტორი ბესიკ ჯიქურაული იმედოვნებს, რომ სახელმწიფო ორგანოები დროულად აღკვეთენ კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტს.

როგორც ბესიკ ჯიქურაულმა ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფოს სტრუქტურებსა და “დირსის” კორპუსებში გამაგრებულ დევნილებს შორის მოლაპარაკებებს ამ ეტაპზე შედეგი არ აქვს.

“3 დღის წინ პირთა გარკვეული ჯგუფი, ათეულობით ადამიანი შეიჭრა ჩვენს საკუთრებაში. მათ ვანდალურად დაანგრიეს შესასვლელი კარებები, ფიზიკურად გაუსწორდნენ დაცვის სამსახურებს. ეს არის კერძო საკუთრების ძალიან ცუდი გზით შელახვა, რაც დაუშვებელია.

პოლიცია უმაღლეს დონეზე მუშაობს, მაგრამ მათ არ აქვთ უფლება, იძულების გზით გამოიყვანოს ეს ხალხი გარეთ. ეს არის კერძო საკუთრება, ზიანი ადგება ჩვენს სამომავლო გეგმებსა და ინვესტიციას.

ჩვენ დიდი იმედი გაქვს, რომ სახელმწიფო ორგანოები ძალიან სწრაფად ჩაერევიან და მალე აღკვეთენ ამ ფაქტს. ეს უკანონობაა. არცერთი მიზნის მისაღწევად არ შეიძლება კერძო საკუთრების ხელყოფა”, – განაცხადა ბესიკ ჯიქურაულმა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე 60–მდე პირი ორ კორპუსშია გამაგრებული.

“პატრული გვერდში გვიდგას. მათი დამსახურებაა, რომ იქ სხვა რამე არ მოხდა და დროულად მოვიდა სპეცდანიშნულების რაზმი. ამ კუთხით პრეტენზიები არ მაქვს. მოლაპარაკებების პროცესს რაც შეეხება, ჩვენ ამ ნაწილში გამოცდილება არ გვაქვს და არ გვინდა ამ ხალხის პირისპირ აღმოვჩნდეთ, შესაბამისად, ჩვენ ჩართულნი ამ პროცესში არ ვართ”, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება იმ პირობებს, რაც დევნილთა მიერ დაკავებულ კორპუსებშია, როგორც ბესიკ ჯიქურაული განმარტავს, ეს კორპუსები მშენებარეა და იქ მინიმალური უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის, ამიტომ ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება არ ხორციელდება.

ბიემჯი