13 აპრილს, 14:00 საათზე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებას მართავს. შეხვედრის ერთ-ერთი ინიციატორი პოეტი დავით მაღრაძეა, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებული ხელისუფლება წინამორბედის მსგავსად დემოკრატიის იდეას დასცილდა.
შეკრებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ოცნების ყოფილი წევრები, რომლებმაც პარტია პროტესტის ნიშნად დატოვეს. საუბარია ეკა ბესელიაზე, ლევან გოგიჩაიშვილზე, გედევან ფოფხაძეზე და ზვიად კვაჭანტირაძეზე.
ვინ აფინანსებს მათ მიერ წამოწყებულ საპროტესტო მოძრაობას? პარლამენტში პირად საუბრებში ამბობენ, რომ ღონისძიება ე.წ. ამბოხებულმა დეპუტატებმა დააფინანსეს და უშუალოდ ფილარმონიის იჯარის თანხა ეკა ბესელიამ გაიღო.
პრაიმტაიმი ფილარმონიის მმართველი კომპანიის, ინთერნეიშენალ ივენთის დირექტორს დაუკავშირდა. გიორგი კერესელიძე არ ასახელებს კონკრეტულად ვინ გადაიხადა თანხა, თუმცა ამბობს, რომ საკონცერტო დარბაზის დაქირავების შესახებ კომპანიას უშუალოდ დავით მაღრაძე დაუკავშირდა, ხელშეკრულება კი მისმა წარმომადგენელმა გააფორმა. კერესელიძის თქმით, 13 აპრილს დაგეგმილი ღონისძიების სახელშეკრულებო ღირებულება 17 ათასი ლარია.
თავად ეკა ბესელია არ უარყოფს, რომ ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებში ჩართულია, თუმცა აცხადებს, რომ მას ღონისძიების ფინანსურ ნაწილთან შეხება არ ჰქონია.
„ქვეყანაში ისევ დგას თავისუფლებისა და სამართლიანობის დაცვის იდეა. სწორედ ამ იდეის გარშემო ვიკრიბებით 13 აპრილს. ჩვენ თავის დროზე ვინც ვიყავით დაიცავით საქართველოში, თავის დროზე ვიბრძოდით სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და დღეს ისევ ვიკრიბებით სამართლიანობის დასაცავად.
მინამალური ხარჯებია გაღებული. ეს არის თანხა, რაც სჭირდება დარბაზს. ჩვენ ვეხმარებით საორგანიზაციო საკითხებში და ისეთ საკითხებში რაც არ უკავშიორდება ფინანსებს. ვერ გეტყვით ფინანსურ ნაწილს ვინ ფარავს“, – აცხადებს ეკა ბესელია.
პრაიმტაიმი

