დათო მაღრაძე რევოლუციისთვის ემზადება

დათო მაღრაძე რევოლუციისთვის ემზადება„დაიცავი საქართველოს“ ლიდერი დათო მაღრაძე პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„21 აპრილს, პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის შეტაკებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მსგავსად წინა ხელისუფლებისა, არ იცნობს კავკასიას, არ იცნობს საქართველოს, არ იცნობს ჩვენს ისტორიას, კავკასიელ ხალხთა კულტურის ისტორიას, არ იცნობს საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ მთისა და ბარის ტრადიციებს.

ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლება იცნობს მისივე შექმნილ „სამართლიანობის“ ახალ თეორიას, რომელიც რადიკალურად განსხვავდება კაცობრიობის ისტორიაში დამკვიდრებული მორალური კრიტერიუმებისაგან და რომელიც „ოცნების“ ლიდერებს სურთ თავს ძალით მოახვიონ მთელ საქართველოს.

ხელისუფლება საზოგადოებასთან კონსენსუსის მისაღწევად დროსა და ენერგიას არ ხარჯავს და შეუთანხმებლობის შემთხვევაში უპირატესობას ძალისმიერ ქმედებას ანიჭებს. ამის მაგალითია საყდრისი, ამის მაგალითია მოსამართლეების შერჩევის მთელი პროცესი და ამის მაგალითია პანკისის ხეობაში სისხლიანი დაპირისპირება.

ზემოთქმულის გამო, მინდა განვაცხადო, რომ თუ ხელისუფლება მოსახლეობასთან დაპირისპირებით გააგრძელებს თავის საქმიანობას, სიტუაცია, ვფიქრობ, უფრო გამძაფრდება და ჩვენი მონაპოვარი – ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილება, შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს, რაც საქართველოს ინტერესში ნამდვილად არ არის“, – აცხადებს დათო მაღრაძე.