დიმიტრი ლორთქიფანიძე – ”კახიაშვილს, ასანიძეს და ჯანჯღავას პირადად დავსჯი”

დიმიტრი ლორთქიფანიძე - ”კახიაშვილს, ასანიძეს და ჯანჯღავას პირადად დავსჯი"პარლამენტის ყოფილი წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის შვილი, ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ძალოსან ქალთა ეროვნული ნაკრებისა და თბილისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს თემურ ჯანჯღავას სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს.
“ახალი თაობა” დიმიტრი ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
– ბატონო დიმიტრი, რა ხდება თათია ლორთქიფანიძესთან დაკავშირებით? როგორ ვითარდებოდა მოვლენები?
– თქვენ რომ შტანგისტი იყოთ, სანტექნიკი გავარჯიშებდეთ და ტრავმებს იღებდეთ, ხომ გაგიჩნდებოდათ სამართლიანი პროტესტი? მიუხედავად ყველაფრისა, თათია ორ შეკრებაზე იყო. მათ შორის, დუშეთში ასანიძის შეკრებაზე. თათიასა და თემურ ჯანჯღავას შორის არსებული კონფლიქტის ამოწურვის მიზნით მოილაპარაკეს, რომ თათიას გია ასანიძე ავარჯიშებდა. თუმცა, ერთ კვირაში, მოულოდნელად, ასანიძემ განაცხადა, რომ ქალთა შეკრება გამოეყოფოდა საერთოდ და ის რუსთავში თემურ ჯანჯღავას თაოსნობით ჩატარდებოდა, ანუ მიღწეული შეთანხმება დაირღვა.
– რატომ?
– არ ვიცი. თათია მაინც გაემგზავრა რუსთავში და, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო – მან მიიღო ტრავმა ფეხის სახსარში, რაც დაადასტურა ტატიშვილის კლინიკამ. ფაქტია, რომ ტრავმა თათიამ ჯანჯღავას შეკრებაზე მიიღო.
გარდა ამისა, ქალთა შეკრების ხარჯი ორჯერ შეამცირეს, ცხოვრობდნენ ახალ რუსთავში, სავარჯიშოდ კი ძველ რუსთავში დადიოდნენ. ფასტფუდით იკვებებოდნენ, რამაც შეკრების ყველა მონაწილეზე ძალიან ცუდად იმოქმედა, თათიამ 4 კილოგრამი დაიკლო, საკვები იყო უვარგისი (ამ ფაქტს ყველა ადასტურებს). სპორტსმენები საკვებს და ხილს სუპერმარკეტში საკუთარი ხარჯით იმატებდნენ.
– სხვა ქალი ძალოსნებიც მონაწილეობდნენ?
– დიახ, მაგრამ თათიას გარდა, დანარჩენი 3 ქალი ახალბედა იყო და მისგან განსხვავებული დატვირთვა ჰქონდათ. ვარჯიშის სტანდარტი ვერ უზრუნველყოფდა თათიას მოთხოვნებს მთავარი მწვრთნელის არაკვალიფიციურობის გამო.
– არაკვალიფიციურობა რაში გამოიხატება?
– მას შტანგასთან არავითარი შეხება არ ჰქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ ასანიძის ქვისლი და ნდობით აღჭურვილი პირია, ქალთა ეროვნული ნაკრები და თბილისის ნაკრები ჩააბარეს.
ამასთანავე, თემურ ჯანჯღავა ცუდად ექცეოდა თათიას, აყენებდა მას შეურაცხყოფას. ეს ფაქტი წერილობით და ზეპირად თათიამ და მისმა პირადმა მწვრთნელმა გელა მახარაშვილმა, არაერთგზის დაუფიქსირეს ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილს, რომლისგანაც ამ სავალალო ფაქტებს რეაგირება არ მოჰყოლია.
ტრავმის გამო, რომელიც თათიამ რუსთავში მიიღო, მკურნალობის კურსი ჩაიტარა. შემდეგ თათია და მისი პირადი მწვრთნელი, გელა მახარაშვილი შეხვდნენ კახი კახიაშვილს და კატეგორიული უარი განაცხადეს არაკვალიფიციურ ე.წ. მთავარ მწვრთნელთან ვარჯიშის გაგრძელებაზე. ასევე შეათანხმეს საკითხი, რომ საწვრთნელ ვარჯიშს მარტის თვეში თბილისის მძლეოსნობის მანეჟში გაივლიდნენ.
ბატონ კახიაშვილის მოთხოვნით, ამ დროს თათიამ ჩააბარა საერთაშორისო დოპინგ ტესტი და დაფიქსირდა, რომ სუფთაა. გადაწყდა, ვარჯიში გაგრძელდებოდა თემურ ჯანჯღავას გარეშე და ჩემპიონატამდე გარკვეული დღეებით ადრე თათია თავის მწვრთნელთან ერთად ჩავიდოდა ბათუმში.
3 აპრილს, სრულიად შემთხვევით, რადიო “აფხაზეთის ხმაში”, ჟურნალისტ ტატო ნიკურაძის ჩართვაში, გია ასანიძეს ვუსმენდი. მან დასმულ კითხვაზე, გეგმავენ თუ არა ქალებს შორის მედლებს, განმარტა, რომ მედლები არ იგეგმება, რადგან ნაკრების შემადგენლობა დებიუტანტებითაა დაკომპლექტებული. რა თქმა უნდა, იმ წამსვე წავედი განათლების სამინისტროში, შევხვდი მინისტრის მოადგილეს სპორტის დარგში შალვა გოგოლაძეს, ვალაპარაკე ის თათიას პირად მწვრთნელს გელა მახარაშვილსაც.
გოგოლაძემ სიტყვასიტყვით განაცხადა, რომ ის ახლა დაუკავშირდა ფედერაციას ბათუმში, იქ მას განუცხადეს, რომ ელიან თათიას და მის მწვრთნელს 4 აპრილს, არავითარი წინააღმდეგობა მათი მხრიდან თათიას არ შეხვდება, ის იასპარეზებს. ამის შემდეგ, საქმის კურსში ჩავაყენეთ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტიც. მანაც დაგვიდასტურა, რომ თათიას პრობლემები არ შეექმნებოდა.
ის იყო, მატარებლის ბილეთი ავიღეთ, რომ გელამ მიიღო კახი კახიაშვილის სმს შეტყობინება – “გელა, მარტო ჩამოდი, თათიას გარეშე”. 4 აპრილს გელა ჩავიყვანე ჩემი მანქანით. ზუსტად 4 საათი ილაპარაკა კახიაშვილმა სხვადასხვა თემებზე, ღამის 12-ზე კი განაცხადა, თათიას ვერ დავუშვებთ 10 აპრილის შეჯიბრზე, რადგან დისციპლინის დარღვევაში ედება ბრალიო.
ვერიფიკაცია დილით 9-ზე უნდა შემდგარიყო. ამის შემდეგ ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია სასტუმრო “კოლიზეუმში” და შევადგენინეთ რეაგირების ოქმი, ყველა ფაქტის მითითებით.
– განაცხადეთ, რომ თქვენს შვილს ქალთა ნაკრების მწვრთნელი თემურ ჯანჯღავა ცუდად ექცეოდა. რაში გამოიხატებოდა ცუდად მოქცევა?
– ის, რაც აქამდე გითხარით, ამ საქმის წინაისტორია იყო. ახლა მე გავიგე ახალი გარემოება, რომელსაც პირადი მწვრთნელი გელა და ჩემი შვილი არ მიმხელდნენ. ამაზე ჩემთან ლაპარაკი ერიდებოდათ, რცხვენოდათ. ფაქტობრივად, სექსუალური შევიწროვების ფაქტია. თურმე ნუ იტყვით და თათიას ორსულობაში შეუტანიათ ეჭვი ფედერაციის პრეზიდენტსა და მთავარ მწვრთნელს, გელა მახარაშვილისთვის დაუწერინებიათ ხელწერილი, რომ ის არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ თათია ორსულად არ არის. თქვენ წარმოგიდგენიათ, რაზეა ლაპარაკი საერთოდ?
– ეს რას ნიშნავს? ქალებს ავიწროვებენ?
– ეს არის დისკრიმინაცია, მასხრად აგდება, ბულინგი.
– ორსულობა საიდან მოიგონეს?
– ორსულობა ხომ მოიგონეს. გარდა ამისა, თემურ ჯანჯღავა თათიასთან ოთახში შესულა და უთქვამს (ამის თქმაც კი მერიდება), 25 წლის გოგო ხარ, უკვე დიდი ხარ და მეგობარი კაცი გჭირდება, ჰორმონების მომძლავრება გაქვსო. ეს არის წუთმხრწნელობა. ამას ჰქვია გათახსირებული კაცი, რომელიც, ჩემი აზრით, ციხეში უნდა იჯდეს.
– ასეთი განწყობები რატომ არის ძალოსანთა ფედერაციაში?
– არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ აქამდე ქალთა ნაკრები არ არსებობდა. ახლა შეიქმნა და თათია შემოვიდა ამ სპორტის სახეობაში. ეტყობა იმის გამო, რომ ქალები არ უნახავთ ამდენი ხანი ამ სპორტში, გადაწყვიტეს, ქალები მასხრად აიგდონ. ჩემი შვილი როგორი მასხრად ასაგდებია, მაგას ვანახებ კახიაშვილსაც ასანიძესაც და თემურ ჯანჯღავასაც. თუ სახელმწიფო მათ არ დასჯის, სამივეს მე პირადად დავსჯი.
ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ეს დაპირისპირება ასეთ მასშტაბებს მიიღებდა. დიდი ხანია დაპირისპირება არსებობს იმის გამო, რომ თემურ ჯანჯღავას მწვრთნელის კვალიფიკაცია არ გააჩნია. მას შტანგასთან ცხოვრებაში შეხება არ ჰქონია. ეს ადამიანი არის ასანიძის ქვისლი. ამიტომ ეს საქმე ისტორიაში შევა, როგორც ქვისლების საქმე.
ქვისლებმა გადაინაწილეს მთელი ფუნქციები – ერთი არის ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მეორე არის საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, თბილისის ქალთა ნაკრებისა და ახალგაზრდული ნაკრების მთავარი ასისტენტი.
ყველაფერს აკონტროლებენ. ისინი ჩადიოდნენ უკანონობას ჩემი შვილის წინააღმდეგ. დისკრიმინაცია სახეზეა. დისკრიმინაციის ერთ-ერთი გამოხატულება ისაა, რომ ჩემმა შვილმა ბათუმის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა ვერ მიიღო.
– თქვენ განაცხადეთ, რომ ყველაფერი თქვენი პიროვნების გამო ხდება.
– ასანიძეს არ აწყობდა, რომ ჩემი შვილის სახით (სადაც ჩემი შვილია, ბუნებრივია, წარმოიდგენდა, რომ იქ მეც ვარ) მას ჰყოლოდა მაყურებელი იქ არსებული სიტუაციისა.
– რა ხდება ძალოსნობის ფედერაციაში?
– ის ხდება, რომ ფედერაციაში ნეპოტიზმია. ფედერაციაში მიმდინარე განუკითხაობას პატრონი არ ჰყავს. სამწუხაროა, რომ სპორტული ფედერაციები გარდაიქმნენ მიკრო იმპერიებად, რომელთაც, სამწუხაროდ, ვერ აკონტროლებს ვერც აღმასრულებელი ხელისუფლება, განათლებისა და სპორტის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და ვერც პარლამენტი. ვერც აუდიტის სამსახური შედის ფინანსური მონიტორინგისთვის. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ შემთხვევას, როცა აუდიტის სამსახური შესულა სპორტულ ფედერაციებში.
– რატომ ვერ შედიან?
– იმიტომ, რომ ძალოსნობის ფედერაცია არის ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ანკლავი, რომელსაც ახალი ხელისუფლების მოსვლამ ვერაფერი დააკლო. პირიქით, კიდევ უფრო გააძლიერა და ხელშეუხებლები არიან. როგორც ჩანს, ისე გათამამდნენ, ერთი პატარა გოგოს გაბრიყვება სცადეს.
– რას მიიღებენ, ვანახებო. შეგნებული ბულინგი იყო?
– აბსოლუტურად შეგნებულად აბულინგებდნენ, რათა თათია მიეყვანათ იმ ზომამდე, სპორტიდან წასულიყო. მერე ადგნენ და მექანიკურად ჩახსნეს ევროპის ჩემპიონატიდან.
2020 წელს იაპონიაში, ტოკიოში გაიმართება ოლიმპიადა, რომელშიც თათია ვეღარ მიიღებს მონაწილეობას იმის გამო, რომ იქ მონაწილეობის პოზიტიური პირობა იყო ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა.
– ე.ი. გამოდის მთელი სპორტულ;ი კარიერა დაუნგრიეს?
– თათიას მთელი სპორტული კარიერა დაუმთავრეს. ეს არის უბედურება.
– რას აპირებთ?
– ვაპირებ, მივმართო სასამართლოს, მანამდე გავიარო ყველა ინსტანცია სახალხო დამცველის ჩათვლით, რადგან ადგილი აქვს სექსუალური შევიწროვების ფაქტს.

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა