“ჯობია, რომ [მამუკა ხაზარაძემ] უფრო კვალიფიციური ადვოკატები დაიქირავოს,”- ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა ვიცე-პრემიერმა და შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მინისტრი იმის მიუხედავად რომ მამუკა ხაზარაძეზე საუბრობს, მის სახელს არ ასახელებს. გახარიას აზრით, ხაზარაძემ საკუთარი “ვიწრო ინტერესებიდან” გამომდინარე სახელმწიფოს რეპუტაცია დააყენა სასწორზე
მუქარის წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას და მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ გახარიამ საკუთარი მუნდირის ღირსება სასამართლოში უნდა დაიცვას გახარია ასე პასუხობს:
“უკვე აღარ ვადევნებ ამას თვალყურს, არ მაინტერესებს ეს გახდა რაღაც ეპისტოლარული ჟანრის თხრობა, რომელშიც დროის კარგვის არანაირი სურვილი არ მაქვს.
ჯობია, რომ [მამუკა ხაზარაძემ] უფრო კვალიფიციური ადვოკატები დაიქირავოს. მეორე, მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სუბიექტური სურვილი, მე რაღაც პერიოდი დაველოდები კიდევ რას იკადრებენ და ამის შემდგომ ჩემს იურიდიულ, როგორც მოქალაქის ვალდებულებებსა და უფლებებს აღვასრულებ სრულად. ეს არის ჩემი პასუხი,”- ამბობს გახარია.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, მამუკა ხაზარაძე თიბისი ბანკის საკუთარი თავდაცვის იარაღად გამოყენებას ცდილობდა, ახლა კი ამავე მიზნით, ანაკლიის პორტის პროექტით ახდენს მანიპულირებას. აქაც ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის სახელის თქმისგან თავს იკავებს.
“კონკრეტულ ადამიანებზე და მათ საქციელზე საერთოდ არ ვილაპარაკებ, არ მაინტერესებს. მთელი პრობლემაა, რომ ადამიანები თავიანთი ვიწრო სუბიექტური ინტერესიდან გამომდინარე ისე დებენ სასწორზე ქვეყნის რეპუტაციას, რომ ამაზე არც ფიქრობენ. კარგი მაგალითი იყო ბანკი, რომელიც ასევე იყო გარკვეული თავდაცვის სტრატეგიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, მაგრამ დღეს ეს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება ბევრად უფრო მაღალ ფასად, ვიდრე ეს იყო ადრე. ეს რას ნიშნავს? – ეს ნიშნავს იმას რომ სახელმწიფო ამას აცნობიერებს და აბსოლუტურად ფრთხილად და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უდგება ამ საქმეს, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო.
[თავდაცვისთვის] პირველი მცდელობა იყო ბანკი, ახლა არის ანაკლია. ანაკლიასაც სახელმწიფო აბსოლუტური პასუხისმგებლობით მიუდგება, რამეთუ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, ერთხელ უკვე ვთქვი, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი ქვეყნის ეკონომიკური მომავლისთვის და რაც ჩემთვის დღეს მნიშვნელოვანია, ქვეყნის უსაფრთხოების განზომილებისთვის და აქ ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობაა, რომ თვითონ ამ პროექტს, იდეას ღრმაწყლოვანი პორტის, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე არ მიადგენს რეპუტაციული ზიანი,”- ამბობს გახარია.
ბიემჯი

