გელა ნიკოლაიშვილი – “მოზარდებში თვითმკვლელობის გახშირება ნარკოტიკებთან გაშინაურების ბრალია”

გელა ნიკოლაიშვილი - "მოზარდებში თვითმკვლელობის გახშირება ნარკოტიკებთან გაშინაურების ბრალია"“ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი პასუხობს.
– ბატონო გელა, ბოლო პერიოდში ძალიან იმატა თვითმკვლელობამ მოზარდებში. არ გავა კვირა, რომ ასეთი ფაქტი არ გახდეს ცნობილი. რას უკავშირებთ ყოველივე ამას?
– თვითმკვლელობის თემას 14-16 წლის მოზარდებში ორიოდე წლის წინ უკავშირებდნენ გარდამავალ ასაკში მოზარდების გატაცებას რაღაც ლურჯი ვეშაპით და მსგავსი თამაშებით. შეიძლება ამასაც უკავშირდებოდეს, თუმცა მაინც მგონია, რომ ზოგადად საზოგადოებაში განვითარებულ ისეთ ტენდენციებს უკავშირდება, როგორიც არის, მაგალითად, ნარკოტიკებთან ძალიან გაშინაურება.
– გაშინაურებაში რა იგულისხმება?
– გაშინაურებაში ვგულისხმობ იმას, რომ მიდიოდა პროპაგანდა და გამოსვლები. ერთია, რომ ნარკომანი ავადმყოფია და არ უნდა დააპატიმრო და მეორეა მისი პროპაგანდა, რომ ეს კარგ ტონად ითვლება და თუ მომხმარებელი არა ხარ, გოიმი ხარ.
– სკოლებიდან ამოიღეს ასეულობით აკრძალული ნივთი, ნარკოტიკები და ის ნივთები, რითაც ნარკოტიკს მოიხმარენ. პროპაგანდის დამსახურებაა, რომ ნარკოტიკმა სკოლებში შეაღწია?
– ეს აღარ არის გასაკვირი, იმიტომ, რომ როდესაც გამოდიან და კარგ ტიპებად ითვლებიან ის ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკს, ან ისინი, ვინც იგინება პირდაპირ ეთერებში, ამ ყველაფერს უყურებს მოზარდი, ბაძავს ცნობად სახეებს და ეს კარგ ტონად მიიჩნევა.
რაც შეეხება თვითმკვლელობებს, ნარკოტიკის დიდი წილია ამაში. ჩამოუყალიბებელი ფსიქიკის ადამიანები ადვილად ექცევიან სხვისი ზეგავლენის ქვეშ. ზრდასრული, ჩამოყალიბებული და მდგრადი ფსიქიკის ადამიანი არ მოექცევა სხვისი ზეგავლენის ქვეშ და იქამდე არ მივა, რომ თვითმკვლელობა კარგ საქმედ მოეჩვენოს.
– გაზრდილი კრიმინალი მოზარდებში პროცენტულად ძალიან მაღალია.
– სამწუხაროდ, ასეა. დღეს სკოლებში სულ სხვა ტიპის პრობლემები დადგა, ვიდრე ეს იყო ჩემი შვილების თაობის ბავშვებში. ამ სხვა ტიპის პრობლემებს სრულიად სხვაგვარი მიდგომა და სხვაგვარი ხედვა ჭირდება. მანდატურების შესვლამ სკოლებში გარკვეული დადებითი როლი ითამაშა. ალბათ მანდატურის ფუნქციები უნდა გაძლიერდეს. თუმცა პოლიციური ფუნქციები არ უნდა ჰქონდეთ, უნდა იყოს მეგობრული მიდგომები. ფსიქოლოგები უნდა იყვნენ უფრო მეტად.
– მძიმე სოციალური ფონის გამო ოჯახიც ვერ იცლის შვილის აღსაზრდელად, რადგან პურის ფულისთვის მუშაობს დღე და ღამე.
– ასეთი ბავშვები მინდობილი არიან სკოლას ანუ ქუჩას, იმიტომ რომ სკოლის მერე ქუჩა მიდიან. მართალია, ქურდული სამყარო ვეღარ ბატონობს ქუჩაში, მაგრამ ვინ ვის მოერევა, ვინ ვისზე უფრო ძლიერია, ვინ ვისზე უფრო გავლენიანია, ეს ამ ასაკში ყველაზე მეტად არის წინა პლანზე წამოწეული.
სწორი აღზრდაა საჭირო. უნდა იყოს მეტი ნდობა თუნდაც პოლიციისადმი, მანდატურისადმი, რომ ეს არ ითვლებოდეს ძალიან დიდ ცოდვად, რომ, აი, ჩამშვები ხარ და ასე შემდეგ.
– ყველა პრობლემა ერთმანეთს უკავშირდება?
– ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული. სახელმწიფო ინსტიტუტების ავტორიტეტი რამდენად მაღალია, ამასთან არის ყველაფერი დაკავშირებული. ახალგაზრდა პედაგოგები უნდა შევიდნენ კლასებში, რომლებსაც უფრო მეტად ესმით ამ თაობის და ახლებური მეთოდებით უდგებიან მათთან ურთიერთობას. მთავარი ეს ურთიერთობები და ნდობის ჩამოყალიბებაა პედაგოგსა და მოსწავლეს შორის.
პედაგოგში ვგულისხმობ ყველას, უფროსს, ვისთანაც კონტაქტი აქვს მოზრდს. პედაგოგი მარტო ის არ არის, ვინც 45 წუთი გაკვეთილზე შედის, გამოდის და ამით მორჩა. პედაგოგი ამ მოზარდისთვის არის ყველა, ვინც ამ გარემოში ხვდება.
ეკლესიის როლმაც ძალიან უკან ჩამოიწია 90-იან და 2 ათასიან წლებთან შედარებით. აქაც პრობლემებია.
– დისკრედიტაცია მოხდა ეკლესიის.
– დიახ, დისკრედიტაცია, ზოგჯერ ხელოვნური, ზოგჯერ – ბუნებრივი. ერთი მღვდელი რაღაცას დააშავებს და ეს მთელ ეკლესიაზე გადააქვთ. ზოგადად რელიგიის როლიც არ არის წამოწეული სკოლებში, ესეც უნდა გაძლიერდეს.
ყველაფერი კომპლექსში არის საჭირო თუ არ გვინდა, რომ ჩვენ საერთოდ დავკარგოთ მომავალი თაობა.
– ზოგადად მომატებულ კრიმინალზე რას იტყვით?
– ესეც ერთი ჭირია კიდევ. ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ აღარ არის რეჟიმი, არ არის დიქტატურა, არაადამიანური მოპყრობა ციხეებში, ეს არც უნდა იყოს, მაგრამ ამის პარალელურად, ის, რაც დამნაშავეს აბრკოლებდა და აშინებდა, ხელისუფლებამ სხვა ღონისძიებებით უნდა ჩაანაცვლოს. თუნდაც იგივე ცხოვრების დონის ამაღლება, რომ ადამიანს დანაშაულის ჩადენა არ დაჭირდეს მინიმალური არსებობისთვის. ასევე საზოგადოებრივი მორალის სწორად გაგება და უფრო მეტად მიტანა ახალგაზრდობამდე, რა არის ცუდი და რა არის კარგი.
პოლიცია და პროკურატურა მაქსიმალურად უნდა იყოს მომართული, რომ მაქსიმალური იყოს გახსნის მაჩვენებელი. სასჯელების გაკაცრება არ შველის. დამნაშავემ უნდა დაინახოს, რომ სასჯელი არის გარდაუვალი. აი, ეს თუ შეაკავებს. უნდა ეშინოდეთ იმისა, რომ სასჯელს ვერ დაემალებიან, არ შერჩებათ ჩადენილი დანაშაული!
– დანაშაულის გახსნის მაჩვენებელიც ხომ მაღალია?
– აღარ არის ისეთი მაღალი გახსნის მაჩვენებელი.
– ანუ დაუსჯელობის სინდრომია ქვეყანაში?
– დიახ, დაუსჯელობის სინდრომია. დანაშაულის ჩამდენს აქვს იმის განცდა, რომ მას ვერ იპოვნიან. აი, ამის განცდა უნდა გამოეცალოთ. უნდა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები.
კონტროლის გამკაცრებაა საჭირო, თორემ სასჯელები ისედაც მკაცრია.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა