გია ხუხაშვილი – “ოცნების” შიგნით სრული საგიჟეთია”

გია ხუხაშვილი - "ოცნების" შიგნით სრული საგიჟეთია"პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო გია, ბოლო დროს ძალიან ბევრს საუბრობენ ვადამდელ არჩევნებზე. თითქოს ბიძინა ივანიშვილს არწმუნებენ, რომ თვითგადარჩენისთვის ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია. რამდენად რეალურია, რომ საპარლამენტო არჩევნები მართლაც დაინიშნოს?
– წმინდა პოლიტ-ტექნოლოგიურად ვადამდელი არჩევნები მართლაც ერთადერთი სწორი და გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა არსებულ ვითარებაში, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
“ქართულ ოცნებას” მეტი შანსი ექნებოდა უკეთესი შედეგის ჩვენების, ვიდრე ეს მას ექნება 2020 წელს. დრო უარყოფითად მუშაობს “ოცნებაზე”. შესაბამისად, ახლა კიდევ შეუძლიათ მოსინჯონ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საკუთარი შესაძლებლობები.
2020 წლისთვის “ქართული ოცნების” მდგომარეობა ბევრად უფრო სავალალო იქნება და რატომ? იმიტომ, რომ “ოცნება” ვერ ახერხებს სისტემურ ცვლილებას, ის არაფერს სთავაზობს ამომრჩეველს. შემიძლია ვთქვა, რომ “ქართული ოცნება” გაიყინა.
– თუმცა, ხელისუფლება მაინც არ ფიქრობს ვადამდელ არჩევნებზე. რატომ, თუ ეს არის გადარჩენა?
– იმიტომ, რომ ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღო, პირველ რიგში პოლიტიკური კლასი უნდა გქონდეს, რაც “ქართულ ოცნებაში” არავის აქვს. ამიტომ ვამბობ, შეიძლება ბევრი ილაპარაკონ, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამდე ვერ მივლენ. თან ეს არის სარისკო გადაწყვეტილება.
რაც შეეხება სახელმწიფოებრივად, მე არ მიმაჩნია, რომ ვადამდელი არჩევნები კარგია და სწორი იქნებოდა მისი დანიშვნა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სულაც არ მოგვწონდეს რაც გვაქვს და საერთოდ არ ვიზიარებდეთ, მეტიც, ძალიანაც ვბრაზდებოდეთ, მაგრამ სულსწრაფობა სწორი არ იქნებოდა ჩვენი მხრიდან. ჩვენ უნდა მივყვეთ იმ ციკლს, რაც არის კანონით და კონსტიტუციით განსაზღვრული.
– ბიძინა ივანიშვილს არწმუნებენო, ვინ შეიძლება ასეთი იყოს გუნდში, ვის შეიძლება ენდობოდეს?
– შიგნით უკვე სრული საგიჟეთია. ვინ რას აკეთებს, არავინ იცის. მე ისეთი შეგრძნება მაქვს, რასაც ვუყურებ, რომ გადაწყვეტილებების მიღება უკვე აღარ ხდება. თვითონაც აღარ იციან, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს. შიგნით სრული ქაოსია.
– ივანიშვილს არ აქვს ხელთ სადავეები, ის არ მართავს?
– არა მგონია, რომ ის მართავდეს, რასაც ყოველდღიური მართვა ჰქვია. მას აღარ უნდა ეს ყველაფერი. მართვა, როგორც ასეთი, მას არ მოსწონს. მას უნდა ძალაუფლება. მართვა რასაც ჰქვია, ოპერატიული, მას ეს არ უნდა.
– არ არის გამორიცხული, რომ რეინტეგრაციის მინისტრი ციხელაშვილი გაუშვან. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
– სიმართლე გითხრათ, ჩემთვის საერთოდ არ არის საინტერესო სამთავრობო ცვლილებები. კონკრეტული პერსონები, ვის გაუშვებენ მთავრობიდან და ვისით ჩაანცვლებენ, საერთოდ არ მაინტერესებს და არ მაღელვებს.
მინისტრები ძალიან ღელავენ…
– კი, ესენი კი იღელვებენ.
– გახარია შეიძლება პრემიერი გახდეს?
– რა მნიშვნელობა აქვს თუ სისტემური ცვლილებები არ იქნება?! თუ რეალური გეგმა არ ექნება და არ გადადგამს ნაბიჯებს?! მითხარით, რა მნიშვნელობა აქვსნ სულ მთლად ანგელოზი რომ მოიყვანონ და დასვან, ექნება მნიშვნელობა?! მე ვფიქრობ, რომ არავითარი მნიშვნელობა არ ექნება.
უკვე ისეთ სისტემურ მანკიერებაში ვართ, რომ პერსონები ვეღარაფერს შეცვლიან, სისტემა არის შესაცვლელი. მნიშვნელოვან ცვლილებებს სისტემური გადახედვა და სრული რეორგანიზაცია სჭირდება, რისი პოლიტიკური ნებაც არ ჩანს. ამიტომ, ვინც არ უნდა მოვიდეს, ანგელოზიც რომ იყოს, ერთადერთინ რაც შეუძლიათ, თვითდაზიანებაან მეტი არაფერი.
– რამდენად რეალურია პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე უზენაესი სასამართლოს თავჯდომარედ გადაიყვანონ?
– კობახიძე საერთოდ დიდი გაუგებრობაა ნებისმიერ ადგილზე, სადაც არ უნდა გადაიყვანონ. მე პირადად კობახიძეს ორ ბატს არ ვანდობდი. ყველაზე დიდი, ფოსტალიონად გამომეყენებინა. რა მნიშვნელობა აქვს, სად იქნება კობახიძე. ეს არის ადამიანი, რომელიც არსაიდან მოვიდა და არსაით მიდის. მეტი არაფერი. შეუძლებელია მასზე, როგორც პოლიტიკოსზე ან პარლამენტის თავმჯდომარეზე ისაუბრო. ახლა კიდევ პლუს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე?! თუმცა, რა მნიშვნელობა აქვსმ სად იქნება კობახიძე.
– “დაიცავი საქართველოზე” რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
– არ მინდა ამ საკითხზე საუბარი. მე “დაიცავი საქართველოზე” კომენტარიც არ გამიკეთებია.
– რატომ?
– არ მინდა, კომენტარი გავაკეთო.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა