დედაქალაქის მერი, კახა კალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთ სკვერში კორპუსის მშენებლობისთვის ხეების მოჭრა ხდება. კალაძემ მაია ბითაძისგან მოისმინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება იმ ტერიტორიაზე, სადაც ხეები იჭრება.
„მომავლის პოლიტიკოსმა“ დღეს გააკეთა განცხადება, რომ კონკრეტულ მისამართზე, სკვერში თითქოს იჭრება ხეები, იმისთვის, რომ აშენდეს 12-სართულიანი კორპუსი. მომავლის თაობის პოლიტრიკოსი იცით ხომ ვინ არის? იმან დაარქვა „მომავლის თაობის პოლიტიკოსი“, ჰოლანდიაში რომ არის. განმარტება რომ გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით რა ხდება? მეც მაინტერესებს“, – მიმართა მერმა მოადგილეს.
თავის მხრივ, მაია ბითაძემ განმარტა, რომ სკვერში მიმდინარეობს სანიტარული ჭრები და ლევან ხაბეიშვილის მხრიდან არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
„ნამდვილად საოცარი ინფორმაცია გავრცელდა. ლევან ხაბეიშვილი, რომელიც იმყოფებოდა სკვერში და მიუთითებდა იმაზე, რომ სკვერში უნდა აშენდეს 12- სართულიანი კორპუსი, რაზეც ასევე სპეციალური ზონალური შეთანხმებით, 12 სართულამდეა გაზრდილი მოცულობა და იჭრება ხეები, ვფიქრობ, არის ნამდვილად სირცხვილი.
კადრებში ასახული იყო სანიტარული ჭრები, რომელსაც აქტიურად ახორციელებს მუნიციპალიტეტი, იმისთვის, რომ დაავადების კერები აღმოვფხვრათ. კადრებში ზუსტად ეს ხეები იყო ნაჩვენები, რომელიც გუშინ მოიჭრა. ეს ჭრები კვლავ გაგრძელდება და მთლიანად მოხდება მცენარეების ჩანაცვლება მიმდინარე წელს. რაც შეეხება ბრალდებას, რომ სკვერში ან სკვერის მიმდებარედ შენდება კორპუსი, ესეც აბსოლუტური სიცრუეა. უფრო მეტიც – ტერიტორიაზე, რომელიც მომიჯნავეა და იქ მიმდინარეობს მშენებლობა, არც მოცულობაა მომატებული, არის სამშენებლო ტერიტორია, საზოგადოების საქმიანი ზონა, სადაც ბევრად დიდი ობიექტი შეიძლება აშენებულიყო. პროექტის მიხედვით არც ერთი ხე არ იჭრება და უფრო მეტიც, ძალიან დიდი დენდროლოგიური პროექტი არის შეთანხმებული, რომლის შედეგებს ჩვენ მშენებლობის შემდეგ ვიხილავთ. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ნამდვილად სირცხვილია მოსახლეობის ამ დონით შეცდომაში შეყვანა“, – განაცხადა ბითაძემ.
თავის მხრივ, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მსგავსი განმარტებები, რათა მოსახლეობა შეცდომაში არ იქნას შეყვანილი.
„ანუ ზონის ფარგლებში ვითარდება, რა ზონაც არის დადგენილი და მითითებული ყოველგვარი კოეფიციენტის მატების გარეშე. ეს მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, რათა მომავლის თაობის პოლიტიკოსებმა შეცდომაში არ შეიყვანონ საზოგადოება. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა ღმერთმა დაიფაროს ასეთი „მომავლის პოლიტიკოსებისგან“. ეს არის სირცხვილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
იპნ

